ორშაბათი, აპრილი 29, 2024

“რა ელის თქვენს საპენსიო დანაზოგს?: თუ მიდგომები რადიკალურად არ შევცვალეთ შორს ვერ წავალთ!” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

დაგროვებითი პენსია ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა, შესაბამისად არაერთი შეკითხვაა ამ მიმართულებით, სკეპტიკური განწყობებიც და გარკვეული ეჭვებიც. საკითხთან დაკავშირებით ანალიტიკურ შეფასებებსა და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს ანალიტიკოსი, ალექსი ნონიაძე:

დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საპენსიო სააგენტო ვალდებულია მოქალაქეებს დაგროვებითი პენსიის გადატანა, საკუთარი შეხედულებისამებრ, დაბალრისკიან, საშუალორისკიან ან მაღალრისკიან პორტფელში შესთავაზოს.

რას ნიშნავს ეს?

1.426 მლნ. საქართველოს მოქალაქე, რომელიც მონაწილეობს დაგროვებითი პენსიის სქემაში, ვალდებულია ა/წ-ის 6 სექტემბრამდე მიმართოს საპენსიო სააგენტოს, რათა გააცნოს საკუთარი გადაწყვეტილება, თუ ფონდში არსებულ საკუთარ დანაზოგს რომელ აქტივებში განათავსებს.

დაბალრისკიანი პორტფელის არჩევის შემთხვევაში ფულის დაკარგვის რისკი ნაკლებია, მაგრამ მოგებაც შესაბამისად მცირეა.

საშუალორისკიანში რისკები იზრდება, მაგრამ მის პარალელურად მოგებაც იზრდება.

რაც შეეხება მაღალრისკიან პორტფელს აქ საკუთარი დანაზოგის დაკარგვის რისკი ბევრად მაღალია, მაგრამ ინვესტირებული ფულის დივიდენდებიც მაღალია.

სახელმწიფო გვთავაზობს თავად მივიღოთ გადაწყვეტილება საპენსიო ფონდში დაგროვილ საკუთარ ფულს რისკიან საქმეში რამდენად ჩავდებთ, რათა მერე შესაბამისი მოგება მივიღოთ. კანონის ავტორებს ვერ შეედავები. სწორედ ასე მუშაობს საბაზრო ეკონომიკა. თითოეული ინდივიდი, საკუთარი რისკის ფასად, დამოუკიდებლად იღებს ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს და იმის მიხედვით, თუ მისი პროგნოზი რამდენად ზუსტი იყო, მისი ფინანსური შემოსავლებიც ამის პარალელურად იზრდება. ეს გეგმიური (ცენტრალური) ეკონომიკის პირობებში იყო, რომ მთავრობამ მოქალაქეზე უკეთ „იცოდა“ რა სურდა მას. მის ნაცვლად იღებდა გადაწყვეტილებებს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი რისკიდანაც თავად აზღვევდა.

მოქმედ დაგროვებით საპენსიო სისტემაშიც ყველაფერი იდეალურად არის, რომ არა ერთი მთავარი ფაქტორი. სახელმწიფოს თავისი მოქალაქეებისთვის არ უკითხავს სურს თუ არა საერთოდ გარისკოს ან სურვილი აქვს თუ არა სადმე საკუთარი ფულის ინვესტირება მოახდინოს.

როცა ფინანსურ რისკზე პასუხისმგებლობას მაკისრებ, მაშინ არჩევანის თავისუფლებაც უნდა მომცე, იქნებ საერთოდ არ მსურს გავრისკო?! ფაქტიურად მივიღეთ სისტემა, რომელიც გეგმიური ეკონომიკის პრინციპით გვაიძულებს გავრისკოთ, მაგრამ საბაზრო ეკონომიკის პრინციპით არ გვაზღვევს და მთელი პასუხისმგებლობა ჩვენზე გადმოაქვს. ეს „ჰიბრიდი“ არა მარტო არასამართლიანია, არამედ არაეფექტურიც და ეკონომიკურად გაუმართლებელი.

თუ რატომ არის არასამართლიანი ზემოთ უკვე აღვწერეთ. რაც შეეხება არაეფექტურობას, სახელმწიფო ფაქტობრივად სტიმულს აძლევს თავის მოქალაქეებს დამალონ შრომითი შემოსავლები, რადგან საპენსიო ფონდში მონაწილეობის სურვილის არარსებობის შემთხვევაში, დასაქმებული იძულებული იქნება ფარულად მიიღოს საკუთარი შრომის საფასური, რაც ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარების ტოლფასია.

მეორე საკითხია – სახელმწიფოს მხრიდან რამდენად სწორი ნაბიჯია, როცა იგი იძულებულს ხდის საკუთარ მოქალაქეს მიიღოს რთული ფინანსური გადაწყვეტილებები, მაშინ როცა თავად მოსახლეობაში ამ საკითხში კულტურა, განათლება და კომპეტენცია დაბალია.

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის საჯარო განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა საპენსიო სააგენტოს გადაწყვეტილების ამოქმედებამდე კანონში ცვლილებები შეიტანონ, მით უმეტეს, რომ პირველი მოსმენით კანონპროექტი კომიტეტზე უკვე გასულია (მიღებამდე საჭიროა კიდევ 2 მოსმენა). ცვლილების თანახმად შესაძლოა 50 წლამდე მოქალაქეებიც აღარ გადაიყვანონ მაღალრისკიან ან საშუალორისკიან კატეგორიაში.

დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად – თუ მოქალაქე არ მიმართავს საპენსიო სააგენტოს ა/წ-ის 7 სექტემბრიდან ავტომატურ რეჟიმში, მისგან დამოუკიდებლად 40 წლამდე დასაქმებულის საპენსიო თანხები გადანაწილდება “მზარდ” (მაღალრისკიან), 40 წლიდან 50 წლამდე დასაქმებულის – “შერეულ” (საშუალორისკიან), ხოლო 50 ან 50-ზე მეტი წლის – “სტაბილურ” (ნაკლებად რისკიან) საინვესტიციო პორტფელში..

შეიძლება დასვათ კითხვა: – რა შეიცვლება თუ კანონპროექტს პარლამენტი გარკვეული სახეცვლილებით მიიღებს და კიდევ 5 წლით გადაწევს კანონის ნორმების ამოქმედებას? მოკლე პასუხი იქნება: – ბოლო 30 წელში არაფერი შეცვლილა და 5 წელში რა შეიცვლება. მინდა გკითხოთ – განა გაიზრდება ჩვენი მოქალაქეების ფინანსური განათლების დონე? დასაქმებული უფრო მეტად ჩაიხედავენ კანონის ნორმებში? თუ შეიცვლება საქართველოს მოქალაქეების ფინასური ცხოვრების პრიორიტეტები? აქაც პასუხი მარტივია: – როცა სახელმწიფო არ ცდილობს შეიტანოს საკუთარ მოქალაქეებში სამოქალაქო საზოგადოების ელემენტები, ზღუდავს და კლავს მათში კრიტიკულ აზროვნებას, საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული საუკეთესო ტრადიციების მსგავსად არ აძლევს დამოუკიდებელად მოქმედების საშუალებას, მათ საბაზრო მექანიზმების გამოყენებით გაუჭირდებათ კვალიფიციური ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებმა მაქსიმალურად იმ ქვეყნებში იმუშავა სადაც არსებობდა სამოქალაქო საზოგადოება. ფაქტიურად ეს ორი ფენომენი (საბაზრო ეკონომიკა და სამოქალაქო საზოგადოება) ერთი მედლის ორი მხარეა. ქათმისა და კვერცხის არ იყოს, არ იქნება ერთი არ იქნება მეორე. ხოლო რა აჩვენა ჩვენმა პრაქტიკამ? მილიონნახევარი ადამიანიდან მხოლოდ 5000 ჩვენმა მოქალაქემ მიმართა საპენსიო სააგენტოს საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად. რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილმა ან ვერ მიიღო სათანადო ინფორმაცია ამ საკითხის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, ან მიიღო ინფორმაცია, მაგრამ ხელი აქვს ჩაქნეული ფიქრობს, რომ ეს ფული მისთვის მაინც დაკარგულია (როგორც თქვენი მონამორჩილი ფიქრობს), ან არ ჰყოფნის ცოდნა და გამოცდილება მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად, ან კიდევ დიდი ხანია მიეჩვია, რომ მის ნაცვლად სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას. მიზეზი, რომელიც არ უნდა იყოს, ეს უკვე დიდი პრობლემაა და სათანადო დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას გვაძლევს.

რაც შეეხება კანონში ცვლილების მიღებას, ეს უფრო 5 წლით პრობლემის თაროზე შემოდებას და არა მის მოგვარებას გვაგონებს. რადგან თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელ პარლამენტში ამ პრობლემის მოგვარების ხედვა არ გააჩნიათ. 5 წლის მერე სხვა საპარლამენტო შემადგენლობა იქნება და გაუშვი იმათ ინერვიულონ, ასეთი აზროვნებით შორს ვერ წავალთ, თუ მიდგომები რადიკალურად არ შევცვალეთ!

ავტორი
ალექსი ნონიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული