ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის მიერ საქართველოში ჩატარებულ და ჩასატარებელ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ ბოლო განცხადებებს ეხმაურება:
“საჭიროდ მიმაჩნია, კიდევ ერთხელ დავუბრუნდე იმ „შენელებული მოქმედების ნაღმებს“, რაც აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოში დატოვა წასვლის წინ მისი ბოლო განცხადებებით. ყველაზე სახიფათო ნაღმი 2024 წლის არჩევნებზე მისი რემარკებია. დეგნანის მიერ ორჯერ გამეორებული განცხადება, რომ „ეუთო/ოდირის ანგარიშებში 2020-2021 წლის არჩევნებისთვის სამართლიანი არავის უწოდებია“, არის აბსოლუტურად პროვოკაციული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ისე როგორც აპრიორი უნდობლობა არჩევნების ელექტრონული სისტემის მიმართ.
დავსვათ მარტივი კითხვა: თუ 2020-2021 წწ არჩევნები არ იყო სამართლიანი, მაშინ როგორ და რატომ აღიარეს ეუთო/ოდირმა, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ეს არჩევნები როგორც შემდგარი და ამომრჩევლის ნების გამომხატველი? თუკი არჩევნები უსამართლო იყო, მათ ხომ შეეძლოთ, ისე როგორც 2003 წელს, განეცხადებინათ რომ არჩევნების შედეგები არ შეესაბამებოდა საქართველოს ამომრჩევლების ნებას.
გაუგებარი ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ელჩის ეს განცხადებები ისე გაატარა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. არადა, ვის ვის და მათ უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი განცხადებები შემთხვევით და ემოციის ფონზე არ კეთდება. მერე თითზე კბენა უკვე გვიანი იქნება!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

