პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე კომენტარს აკეთებს იმ წინაპირობებზე, რომელსაც, მისი აზრით, არც საქართველო და არც უკრაინა არანაირი დათქმით არ მიიღებს:
,,ეს მიდგომა, ზოგადად, კატეგორიულად მიუღებელი გახლავთ. იმიტომ, რომ საქართველოს ისევე, როგორც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, არის ის იდეა, რომელსაც არ შეიძლება უბრალოდ ალტერნატივა გააჩნდეს. ამიტომ ნებისმიერი გამოსავლის ძიებისას ეს ყველას, რა თქმა უნდა, მხედველობაში აქვს მისაღები, რომ მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში – ვერასდროს საქართველო ვერ შეურიგდება ვერცერთი დათქმით, ვერცერთი პირობით მისი ტერიტორიების ოკუპაციას. სავარაუდოდ, იგივე დამოკიდებულება აქვს უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინის ხალხს.
ეს არ არის პირველად გაჩენილი ასეთი შეხედულება. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ფორმატში დისკუსიები, ასე ვთქვათ – მოსაზრება შეიძლება ყოფილიყო ადრეც. შეიძლება ასე ღიად ნათქვამი არა, მაგრამ ნაგულისხმები ყოფილიყო ქვეტექსტებში.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, როგორიც არ უნდა იყოს მოტივაცია, როგორიც არ უნდა იყოს ჩანაფიქრი და იდეა, მიზანი, ამოცანა, ვინც ასეთ განცხადებებს ავრცელებს, რასაკვირველია, მიუხედავად ამისა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი დებულება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ინფორმაციისთვის: ნატოს გენერალური მდივნის ოფისის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა ნორვეგიულ გამოცემაში ინტერვიუს დროს ისაუბრა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ალტერნატივის გზაზე:
,,ვფიქრობ, გამოსავალი შეიძლება იყოს უკრაინის მხრიდან ტერიტორიის ნაწილის დათმობა და სანაცვლოდ ნატოს წევრობის მიღება. ომის შემდგომ შესაძლო სტატუსის შესახებ დისკუსიები უკვე მიმდინარეობს და რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის შესახებ კითხვებს სხვები სხვამენ. არ ვამბობ, რომ ასე უნდა იყოს, მაგრამ ეს შეიძლება გახდეს შესაძლო გამოსავალი“, – განაცხადა სტიან იენსენმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


