სამშაბათი, აპრილი 30, 2024

რიკოთის მონაკვეთზე ჩამოშლილი გვირაბები სახეა უცოდინარობისა და ჩვენი განათლების სფეროს სისტემური ხარვეზების – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობის რიკოთის მონაკვეთზე, გვირაბებთან მთის მასა ჩამოიშალა. სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეზღუდულია, დღის გარკვეულ საათებში მსუბუქი ავტომობილების, ხოლო ღამის მონაკვეთში ტრაილერების და სატვირთო ავტომობილების გადაადგილებაა ნებადართული“, – სამწუხაროდ ბოლო პერიოდის განმავლობაში მსგავსი სიახლეები ყველა მედია და საინფორმაციო საშუალებიდან ხშირად გვესმის. და ეს მაშინ ხდება, როცა რუსეთთან უკრაინასთან ომის დაწყების მომენტიდან, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის სახელმწიფოებისთვის საქართველოს სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციები იზრდება. დღეს და მით უმეტეს ახლო პერსპექტივაში მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი ტვირთნაკადის მოცულობა გაიზრდება, ახალი მოთხოვნების მიმართ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის საკითხი დღის წესრიგში მწვავედ დადგება. ჩვენ ამ მომენტისთვის არამთუ ვაუმჯობესებთ ჩვენს სატრანსპორტო პოტენციალს, არამედ რაც აქამდე გვქონდა იმასაც ვაუარესებთ.

რა არის ამის მიზეზი? სინამდვილეში პრობლემა უფრო ღრმად არის ვიდრე გზის მშენებლობის დაგეგმვა და ცუდი მენეჯმენტია. თუ ერთი სიტყვით დავახასიათებთ ამ პროცესს, მაშინ თამამად შეგვიძლია გამოვიყენოთ ტერმინი: „უცოდინარობა“! ქვეყანას არ ჰყავს კვალიფიციური კადრები სხვადასხვა მიმართულებით და სპეციალობით.

შემთხვევით არ მოგვიყვანია რიკოთის უღელტეხილზე არსებული მდგომარეობა მაგალითისთვის. ეს ქეისი ნათლად გვაჩვენებს, რა ხდება ჩვენს განათლების სისტემაში, რამდენი პრობლემები და გამოწვევები დაგვიგროვდა, ამ სფეროში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში. გასული საუკუნის 90-იან წლებში უმაღლესი განათლების დონის დაქვეითებამ ის მოგვცა, რომ არცერთ სფეროში (განსაკუთრებით მასშტაბური პროექტებისთვის) მაღალი დონის გამოცდილი კადრები არ გვყავს. ნებისმიერ შემთხვევაში, სულ მცირე, ფაქტია, საგზაო ინჟინრებისა და გეოლოგების დეფიციტი გვაქვს. ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ვაკნინებ საქართველოში ნებისმიერი მიმართულებით (არ აქვს მნიშვნელობა ინჟინერია, გეოლოგია, მედიცინა, აგრონომია, თუ მეტალურგია იქნება) ძველი სკოლის წარმომადგენლებს, რომლებიც უდავოდ ძლიერი სპეციალისტები არიან. მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ ერთი ამ ადამიანებს არავინ აღარ უსმენს (რაც თავისთავად ცუდი ფაქტია) და ძალიან ცოტანი დარჩნენ. მეორე, სხვადასხვა სპეციალიზაციაში არ ხდება თაობათა ცვლა (ახლები არ სწავლობენ და არ იზიარებენ ძველებისგან გამოცდილებასა და ცოდნას). მესამე, რაც პირველ ორზე არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ძველი თაობის სპეციალისტები ახალ ტექნოლოგიების შესაძლებლობებს ნაკლებად ფლობენ, ხოლო ახალმა თაობამ, ვინც კი თავის დარგში წარმატებას მიაღწია, უპერსპექტივობის განცდის გამო, დატოვა ქვეყანა და უცხოეთში უფრო მაღალ ანაზღაურებად სამსახურში გავიდა.

შედეგად კვალიფიციურ შრომის ბაზარზე სპეციალისტების დიდ დეფიციტს ვღებულობთ, გამოუსწორებელ ზარალს ვაყენებთ ჩვენს დედაბუნებას (რომლის აღდგენას უახლოეს მომავალში ვერცერთი ფინანსური რესურსებით ვერ შევძლებთ), ხდება ქვეყნიდან ტვინების გადინება, პროდუქტი (მცირე მაგრამ მაინც) რასაც საქართველო აწარმოებს არის უხარისხო და არ არის კონკურენტუნარიანი, ეკონომიკური წინსვლა (მცირე მაგრამ მაინც) არის მოკლევადიანი და არ არის მაღალტექნოლოგიურ (ცოდნატევად) დარგებზე მიმართული. თუ გავითვალისწინებთ – რა მივიღეთ 30 წლის წინ განათლების სფეროში დაშვებული შეცდომების გამო, გვაშინებს იმის წარმოდგენა, რას მოგვიტანს დღევანდელობა ხვალ, რადგან ავად თუ კარგად მაშინ იმ მდიდარი ტრადიციების ნაწილი მაინც იყო დარჩენილი, რასაც საბჭოთა კავშირის განათლების სისტემა ერქვა, რომლის ეფექტურობას დასავლელი ექსპერტებიც აღიარებენ. დღეს ძველი დავანგრიეთ, მაგრამ ახალი ჯერ არ აგვიშენებია. ყოველგვარი ხედვისა და სტრატეგიის გარეშე, თვითდინებით იმართება ეს სფერო. არ გვაქვს კონცეფცია, თუ რა უნდა მისცეს ერთის მხრივ განათლებამ და მეცნიერებამ ეკონომიკას და პირიქით. რითი ავსებენ და აბალანსებენ ერთმანეთს.

რაც ყველაზე მთავარია, თუ ყველაფერი დინამიკაში მომავალშიც ასე გაგრძელდა და არაფერი შევცვალეთ, უახლოეს ხანებში ქვეყანას არამარტო მცოდნე ინჟინერი არ ეყოლება, არამედ მცოდნე, მაღალი კვალიფიკაციის უმაღლესი სკოლის პროფესორი (მეცნიერი), რომელმაც სხვა ეს ინჟინერი უნდა მოამზადოს. თუ ეხლა ჩინეთიდან ჩამოგვყავს საგზაო ინჟინრები, მერე უკვე უმაღლესი სკოლის პედაგოგების მოწვევაც მოგვიწევს და პრობლემები ბევრად მეტი გვექნება ვიდრე კვალიფიციური სპეციალისტის მომზადება და გადამზადებაა, რადგან იგივე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები თავის სტუდენტებს ცოდნის მიღების პარალელურად, კიდევ მსოფლმხედველობის იმგვარ ინტერპრეტაციას აძლევს, რაც ქართული სახელმწიფოებრიობისათვის მნიშვნელოვანია. არ ვართ დარწმუნებული, რომ ჩინელი პროფესორი ქართველისგან განსხვავებით ამ ფუნდამენტალურ ცოდნასა და ხედვას ჩვენ ახალგაზრდებს გაუზიარებს და თუ გაუზიარა დაგვერწმუნეთ ის ქართული ნამდვილად არ იქნება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, გოლდა მეირი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში ამახვილებდა ამ საკითხებზე ყურადღებას. მისი სიტყვებია: “თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, რომელშიც თქვენი შვილები დაბრუნდებიან, თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, რომელსაც ისინი მხოლოდ შვებულების პერიოდში დატოვებენ, თუ გსურთ შექმნათ სახელმწიფო, რომელშიც მომავლისადმი შიშის გრძნობა არ გექნებათ, მაშინ გადადგით ორი უმთავრესი ნაბიჯი:

1. გამოაცხადეთ კორუფცია ღალატის ტოლფასად, ხოლო კორუმპირებული თანამდებობის პირები შერაცხეთ ქვეყნის მოღალატეებად მეშვიდე თაობამდე.
2. სამი პროფესიის ადამიანები: სამხედროები, მასწავლებლები და ექიმები აქციეთ ყველაზე მაღალანაზღაურებად და პატივსაცემ პროფესიის წარმომადგენლებად.

და რაც მთავარია იმუშავეთ, იმუშავეთ და იმუშავეთ ვინაიდან არავინ გიშველით, არავინ დაგიცავთ საკუთარი თავების გარდა. თქვენ, მხოლოდ თქვენ და არავის სხვას არ სჭირდება თქვენი ქვეყნის წარმატება და კეთილდღეობა. როდესაც ეს გახდება არა უბრალოდ სიტყვები ან არა უბრალოდ ლოზუნგი, არამედ გახდება თქვენი ცხოვრების გზა, მხოლოდ მაშინ მიაღწევთ მიზანს…“.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტი მყარი ღირებულებების, თანმიმდევრული, კარგად გააზრებული, სწორ სტრატეგიაზე დაფუძნებული განათლების სისტემა უნდა იყოს, რომელიც არამარტო სპეციალისტს მოუმზადებს შრომის ბაზარს, არამედ სახელმწიფოს სრულფასოვან, თავის ქვეყანაზე შეყვარებულ, პასუხისმგებლიან მოქალაქეს მისცემს. თუ რიკოთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობის ქეისს განვიხილავთ მივხვდებით, რომ ძალიან შორს ვართ მთავარი მიზნისგან, მაგრამ დღესვე უნდა დავიწყოთ ფიქრი ხვალინდელ დღეზე, რადგან ხვალ შეიძლება უკვე დაგვიანებული იყოს.

ავტორი
ალექსი ნონიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული