სამშაბათი, აპრილი 30, 2024

საქართველოს სამეზობლოში გეოპოლიტიკური გარემო რადიკალურად იცვლება. ვილნიუსის სამიტის შედეგები – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

11-12 ივლისს NATO-ს მორიგი სამიტი ჩატარდა ვილნიუსში. ამ შეხვედრას ისე მოიხსენიებენ მედიაში, როგორც ისტორიულ მოვლენას, მაგრამ პოლიტოლოგების ერთი ნაწილი არ ეთანხმება ამ შეფასებას, რადგან მათი მოლოდინები, სამიტის გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, როგორც ჩანს, იმაზე მეტი იყო ვიდრე დადგა. სამაგიეროდ ყველა თანხმდება, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, შექმნის დღიდან, თუ არ ჩავთვლით „კარიბის კრიზისს“, არ ჰქონია ასეთი დიდი და რეალური გამოწვევა, როგორც უკრაინის ომი და რუსეთიდან წამოსული საფრთხეა. საქართველოს მხრიდან სამიტს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრო.

სამიტის ჩატარებას წინ მთელი რიგი პოლიტიკური განცხადებები უძღოდა. კონკრეტული სახელმწიფოებისგან გარკვეული მოლოდინებიც გაჟღერდა წინასწარ – ასე მაგალითად, მოვისმინეთ უკრაინის პრეზიდენტის ვლოდიმირ ზელენსკის განაცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ იგი არ აპირებდა ვილნიუსში ჩასვლას, თუ უკრაინა NATO-ში მიპატიჟებას არ მიიღებდა.

მნიშვნელოვანი იყო თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკური მესიჯი, რომელშიც ოფიციალური ანკარას სურვილი, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, მორიგ ჯერზე გაჟღერდა. ასევე მოვისმინეთ შვედეთის მზაობა გამხდარიყო NATO-ს წევრი. კარგად ვიცით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით კოლექტიური დასავლეთის სახელმწიფოები აქტიურად საუბრობდნენ და თემასაც სერიოზულად განიხილავდნენ.
შვედეთის გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ბოლო მომენტამდე თურქეთი ეწინააღმდეგებოდა. ოფიციალურმა ანკარამ საკუთარი ვეტო შვედეთის საკითხში მას შემდეგ მოხსნა, რაც ამერიკის შეერთებული შტატები მას F-16-ების გადაცემას დაჰპირდა.

შვედეთის NATO-ში გაწევრიანება უკვე დროის საკითხია. მართალია ერდოღანს მოთხოვნილი ევროკავშირის წევრობა არ დაუკმაყოფილეს, სამაგიეროდ ამერიკულ საჰაერო გამანადგურებლებს მაინც მიიღებს, რაც პრინციპში ბოლო დროის განმავლობაში ოფიციალურ ვაშინგტონსა და ანკარას შორის უკმაყოფილების ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი იყო. გვახსოვს ერდოღანის დემარშიც, როცა ამერიკელებისგან სამხედრო თვითმფრინავების სანაცვლოდ მან რუსეთისგან საზენიტო კომპლექსები – C-300 შეიძინა.

დღეს საერთაშორისო საზოგადოების თვალში (ვგულისხმობთ რიგით ამომრჩევლებს და არა სახელმწიფოს ლიდერებს) ძლიერის პოზიციიდან წარმოჩინდება ის, ვისაც პუტინთან ბრძოლაში ხელშესახები წარმატებები აქვს, რაც მთავარია, პირდაპირ უპირისპირდება მას და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით არ შემოიფარგლება. რადგან დასავლეთში ჩვეულებრივი ადამიანები კარგად გრძნობენ იმ საფრთხეს, რასაც უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი მათ უქადით, ამიტომ საკუთარი ხელისუფლებების მიმართ მათი დაკვეთაა, რომ გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნას გადადგმული პუტინის რეჟიმის დასამარცხებლად. რუსეთი დღეს იმ ხულიგანი მოზარდის როლში გვევლინება, რომელიც უბანში თავის თანატოლებს ჩაგრავს და ბუნებრივია საზოგადოებრივი სიმპატიებს დაიმსახურებს ის, ვინც მას მისთვის კუთვნილ ადგილს მიუჩენს და ცივი წყლით გამოაფხიზლებს.

NATO-ს სამიტს ამ მხრივ ძლიერი პოზიციებით ორი ქვეყანა, უკრაინა და თურქეთი დაესწრო. ვილნიუსის შეხვედრამდე ერდოღანმა კიევს არამარტო უკან დაუბრუნა აზოვსტალის მებრძოლები (რუსეთთან შეთანხმების თანახმად თურქეთი ვალდებულებას იღებდა, რომ აზოვსტალის გმირებს ომის დასრულებამდე სამშობლოში არ დააბრუნებდა), არამედ რუსეთს მოსთხოვა ხორბლის შეთანხმებაში უკან დაბრუნება. იმ დათქმით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ხორბლით დატვირთულ ხომალდების შავ ზღვაზე, მის გარეშე, თურქეთის საზღვაო ძალები გაცილებენ. კრემლის უკმაყოფილების მიუხედავათ, პუტინი არ არის ახლა იმ მდგომარეობაში, რომ ოფიციალურ ანკარას ამ გამოწვევაზე სათანადოდ უპასუხოს, რადგან სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყანა თურქეთის ბაზარზე არის მიბმული.

ერდოღანი, როგორც გამოცდილი დიპლომატი, კარგად ხვდება იმისთვის, რომ რეგიონში და ზოგადად მსოფლიო მასშტაბით თურქეთი ანგარიშგასაწევ ძალად იქცეს, საჭიროა უკრაინასთან ომში მყოფ პუტინის რეჟიმს ძალის პოზიციიდან ელაპარაკოს. ამ მიზნების მისაღწევად ერდოღანი არ ერიდება ევროკავშირის და NATO-გან დამოუკიდებელი თამაშიც კი ითამაშოს და ასე საკუთარი პოზიციები გაიმყაროს. პრინციპში რაც ოფიციალურ პეკინსაც კი არ გამოუვიდა, ანუ უკრაინის ომში მშვიდობისმყოფელის მანტია მოერგო, მეტ-ნაკლები წარმატებით, თურქეთი ახორციელებს.

სახელმწიფო, რომელიც ამ სამიტს მორალური უპირატესობის პოზიციიდან დაესწრო, უკრაინა იყო. მართალია ზელენსკიმ ვერ მიიღო NATO-ში გაწევრიანების მიწვევა, მაგრამ სამიტის კომუნიკეში ჩაიწერა, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება „მაპ“-ის გარეშე მოხდება და თან დაუყოვნებლივ, როგორც კი რუსეთთან ომი დამთავრდება. NATO-ს წევრი ქვეყნები იღებენ პასუხიმგებლობას, რომ უკრაინას შუა გზაში არ მიატოვებენ და ბოლომდე მიჰყვებიან, სანამ ეს უკანასკნელი თავის ტერიტორიებს არ დაიბრუნებს. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ამ ეტაპზე უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე თავი აშშ-მა და გერმანიამ შეიკავა, იმ მოტივით, რომ ამ ნაბიჯს შეიძლება მესამე მსოფლიო ომი მოჰყვეს. გაწევრიანების სანაცვლოდ უკრაინა ასევე მოთხოვნილი იარაღის მორიგ პარტიას მიიღებს, რომელთა შორისაც შორსმსროლელი ჭურვები და კასეტური ბომბებიც იქნება.

ზელენსკის პოზიცია სამიტზე მარტივი იყო: მართალია NATO-ს წევრი ქვეყნები დახმარების გარეშე უკრაინელი ხალხი აგრესორის ზეწოლას ვერ გაუძლებდა, მაგრამ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარი ოფიციალური მოსკოვისგან აღთქმული იქნება დასავლეთის სისუსტედ და ამ უკანასკნელის მხრიდან გააჩენს მცდარ მოლოდინებს, რომ კოლექტიური დასავლეთი ახლო მომავალში უკრაინით შეიძლება დაიღალოს. მთავარია ახლა კრემლმა გაუძლოს, დრო გაწელოს და მერე უკვე დაპყრობილი უკრაინის ტერიტორიები შეინარჩუნოს, რათა მერე ეს „წარმატება“ საკუთარი ამომრჩევლის თვალში ომში გამარჯვებად გაასაღოს. ასე ფიქრობს პუტინი. ის, რომ უკრაინა თავისი ტერიტორიებს არ დათმობს და ბოლომდე იბრძოლებს, ეს ჩვენთვის დღესავით ნათელია, მაგრამ რუსი დიქტატორი იმ მდგომარეობაშია, რომ ნებისმიერ იმედის ნაპერწკალს ეჭიდება იმისთვის, რომ ხელისუფლება და შესაბამისად სიცოცხლე შეინარჩუნოს, ამიტომ ბოლო რესურსებსაც გამოიყენებს ოღონდ გადარჩეს.

იქმნება შთაბეჭდილება (რაზეც დანამდვილებით ვერ ვისაუბრებთ, რადგან კონკრეტული ფაქტები ჩვენთვის უცნობია), რომ კოლექტიური დასავლეთი ფრონტზე უკრაინისგან მეტ წინსვლას ითხოვს. ყოველ შემთხვევაში ამ ომის გაწელვა დროში კოლექტიური დასავლეთის მხრიდან მიუღებელია, რადგან NATO-ს წევრ ბევრ ქვეყნაში უახლოეს მომავალში დაგეგმილია არჩევნები და ცდუნება იმისა, რომ უკრაინის ომში გამარჯვება საკუთარ დამსახურებად წარმოაჩინონ დიდია (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ საზოგადოებრივი აზრი ძალის პოზიციისკენ იხრება და გარკვეულ შედეგებს ელოდება). მეორეს მხრივ დემოკრატიულ ქვეყნებში, როცა გადასახადის გადამხდელის ფული იხარჯება, მთავრობა ვალდებულია მოსახლეობას (ამომრჩეველს) ანგარიში წარუდგინოს, თუ რაში და რამდენად ეფექტურად დახარჯა ბიუჯეტიდან ფული. ეს გასაგებია, მაგრამ არის მეორე ფაქტორიც, როცა რუსეთის გამოფიტვაზე აწყობილი სტრატეგია გაქვს (იგულისხმება კოლექტიური დასავლეთი), ვერ მოსთხოვ ომში მონაწილე ქვეყანას (უკრაინას) სწრაფ მოქმედებებს. თუ სწრაფად გინდა მიიღო შედეგები, მაშინ ამისთვის უკრაინის ალიანსში მიღება იქნებოდა საჭირო. სწორედ ამ ფაქტორზე ამახვილებდა ზელენკი ყურადღებას, როცა სამიტის წინ NATO-ში გაწევრიანებაზე აპელირებდა.

რაც შეეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობას, ისინი ფრთხილობენ. მართალია ფრონტზე ინიციატივა არ დაუკარგავთ, მაგრამ სერიოზულ გარღვევებსაც (ისეთს როგორიც შარშან ხარკოვისა და კახოვკის მიმართულებით იყო) არ აქვს ადგილი. ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს, რომელზეც სასაუბროდ მომავალში ცალკე სტატიას დავუთმობთ. სავარაუდოდ ოფიციალური კიევიც „ვაჭრობდა“ ამ თემით – გინდათ მნიშვნელოვანი წარმატებები ფრონტზე NATO-მაც უნდა გადადგას მკვეთრი და პრინციპული ნაბიჯები. როგორც დავინახეთ ეს არ მოხდა. ახლა დავაკვირდეთ ამ სამიტის შემდეგ როგორ განვითარდება ფრონტის წინა ხაზზე მოვლენები. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დრო უკრაინელების სასარგებლოდ არ მუშაობს.

რაც შეეხება საქართველოს, NATO-ს ამ სამიტზე საქართველო ერთგვარად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. გეოპოლიტიკური მდგომარეობა ჩვენს გარშემო ელვის სისწრაფით იცვლება. ახლო მომავალში უკრაინის ომის დამთავრებით სხვა ძალთა განაწილების ბალანსს მივიღებთ მსოფლიოში. აქტუალური, ორი ზესახელმწიფოს – აშშ-სა და ჩინეთის დაპირისპირება იქნება. საკითხავია ამ სიტუაციაში საქართველო რა პოზიციას დაიჭერს. ასევე საყურადღებოა თურქეთის როლი რეგიონში, რომელიც ყოველდღე იზრდება და არ ვიცით რუსეთის დამარცხების მომენტში რა სურათს მივიღებთ. ეს საკითხები საქართველოს საგრეო პოლიტიკის შესწავლის საგანი დღესვე უნდა გახდეს, რათა ხვალ მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყოთ.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული