სამშაბათი, აპრილი 30, 2024

აგროდაზღვევის სფეროში არასახარბიელო ვითარება გვაქვს – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება, აგროდაზღვევის სფეროს დაუხმარებლად, პრაქტიკულად შეუძლებელია. ის რისკები, რაც აგრარული სექტორისთვის თანმდევია არაპროგნოზირებადს ხდის ფერმერის ეკონომიკურ საქმიანობას, მოგება-წაგებას და დიდწილად კლიმატურ ცვლილებებზე და გარემო პირობებზეა დამოკიდებული, ამიტომ მსოფლიო პრაქტიკაში ერთ-ერთი ეფექტური გამოსავალი სასოფლო სამეურნეო საქმიანობის დაზღვევაა. რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ საქართველოში?

აგროდაზღვევის საპილოტე (პირველი) პროგრამა სახელმწიფომ 2014 წლის სექტემბრიდან დაიწყო. ყოველწლიურად პროგრამის ბიუჯეტი 10-12 მლნ. ლარს არ სცილდება. 2014-2020 წლებში აგროდაზღვევის პირველი პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პრემიის სახით ჯამურად 69.813.452 ლარია გადახდილი, აქედან ფერმერთა მიერ გადახდილი პრემიის წილმა 21.535.989 ლარი (31 %), ხოლო სახელმწიფოს მიერ გადახდილი პრემიის წილმა – 48.112.074 ლარი (69 %) შეადგინა. იმავე წლებში დაზღვეული ფართობების მოცულობამ 103 442 ჰა შეადგინა. აქედან დაზიანდა 51 790 ჰა, ხოლო 55.811 მლნ. ლარის ზარალი ანაზღაურდა. თუ დაზღვევის პოლუსებისა და ბენეფიციარების რაოდენობის მიხედვით ვიმსჯელებთ, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა ვერ ვითარდება და ჩართულობის თვალსაზრისით მცირდება კიდეც. წლიურად დაზღვეული მიწის ფართობები 20 ათას ჰა-ს, ხოლო ბენეფიციარების რაოდენობა 19 ათას პირს ვერ გასცდა, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ 2014 წლის სასტარტო მაჩვენებლებს ეს სფერო ვერ გაცდა და არ უმჯობესდება.

აგროდაზღვევის სეგმენტში დიდი გამოწვევების გამო ლოგიკურად 2021-2024 წლების საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგიით დავინტერესდით. იდეაში სტრატეგია არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელშიც სახელმწიფოს გადმოცემული უნდა ჰქონდეს საკუთარი ხედვა იმ გამოწვევებისა და პრობლემების მოგვარების, რომელიც ამ სფეროში დაგროვდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განვითარების პერსპექტივების გაწერა.

დოკუმენტი 26 გვერდისგან შედგება. პირველი 21 ფურცელი (I ნაწილი) მშრალი ანგარიშია, თუ რა შედეგებზე გავიდა აგროდაზღვევის პირველი სახელმწიფო პროგრამა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვითარება ამ სფეროში არასახარბიელო გვაქვს. ეს კიდევ არაფერი, რომ დაშვებული შეცდომების გათვალისწინება და მისი გამოსწორების გზები ამ დოკუმენტში, რომ იყოს გაწერილი (თუმცა პირველი პროგრამით დაშვებული შეცდომების ანალიზი, ვფიქრობთ, არა სტრატეგიის, არამედ სხვა ანალიტიკური ნაშრომის შესწავლის ამოცანა უნდა ყოფილიყო). 21-ე გვერდიდან (II ნაწილი) იწყება სტრატეგიის მიზნები და ამოცანები, ასევე სამუშაოები, რომლის შესრულებასაც სახელმწიფო გეგმავს.

გიზიარებთ მიგნებებს, რომელიც აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგიის ანალიზისას გავაკეთეთ:

  • დოკუმენტში ვერ შეხვდებით აგროდაზღვევის სფეროში სახელმწიფოს ხედვას. მართალია ნათქვამია, რომ ეს დოკუმენტი ეფუძნება „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წწ-ის სტრატეგიას“, მაგრამ მისი დეტალური შესწავლის შემდეგ ადვილად მიხვდებით, რომ პირველს მეორესთან საერთო არაფერი არ აქვს. თუ დავინტერესდებით აგროდაზღვევის სტრატეგიის მიზნებითა და ამოცანებით, დავინახავთ, რომ სიტყვა არ არის ნათქვამი სოფლის მეურნეობის, როგორც დარგის, განვითარებაზე, სამაგიეროდ საუბარია დაზღვეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფართობის ზრდაზე. ბუნებრივია ეს უკანასკნელი როგორც მიზანი თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ნაშრომში პრიორიტეტები ნამდვილად არ არის სწორად განსაზღვრული.
    გაუგებარია, აგროდაზღვევის სფეროს განვითარება გვჭირდება სოფლის მეურნეობის დარგის განსავითარებლად, თუ პირიქით (მსგავსი „აცდენები“ ნაშრომის ყველა ფურცელზე გხვდება და მთელს დოკუმენტს წითელ ხაზად გასდევს). რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს უკანასკნელი შედგენილია არა საჯარო უწყებაში, არამედ რომელიმე სადაზღვევო კომპანიის ოფისში. ბუნებრივია სტრატეგია სამივე მხარის: ფერმერი, სადაზღვევო კომპანია, სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს, მაგრამ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ აგრარული სექტორის განვითარება არის ამოსავალი წერტილი, ხოლო დაზღვევის სფერო დამხმარე დარგია, რომელიც პირველის შემავსებელი და გამომდინარეა;
  • შემოთავაზებული ე.წ. „SWOT ანალიზი“ არა დარგში არსებული მდგომარეობას, არამედ აგროდაზღვევის პირველი სახელმწიფო პროგრამის შესრულებას ეხება, რაც ვიქრობთ, რომ აღნიშნული სტრატეგიის მნიშვნელობას აკნინებს და მის მასშტაბურობას ამცირებს;
  • „SWOT ანალიზის“ ძლიერ მხარეებში მითითებულია „სახელმწიფოს ნება“ განვითარდეს აგროდაზღვევის სექტორი და ეს იმ პირობებში, როცა ამ სფეროში არ გაგვაჩნია არც სათანადო ცოდნა, არც გამოცდილება და არც ხედვა. ამიტომ გაუგებარია „სახელმწიფო ნებაში“ (მზაობაში) ავტორებმა რა იგულისხმეს. ეს უბრალოდ მათი (ავტორების) კეთილი სურვილებია, თუ მაინც სახელმწიფოს მიერ კონკრეტული, გააზრებული და გაწერილი პოლიტიკა, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება, რაც ბუნებრივია, რომ გვქონდეს ძლიერ მხარეში ჩაგვეთვლებოდა;
  • ერთის მხრივ „SWOT ანალიზის“ ძლიერ მხარეებში მითითებულია, რომ პროგრამის მესვეურებს ფერმერებთან ხშირი და უშუალო კონტაქტი ჰქონდათ და იმავე ანალიზის სუსტ მხარეებში მიგვანიშნებენ, რომ აგრარულ სექტორის დაზღვევის სფეროს წარუმატებლობების მიზეზი დიდ წილად ამ უკანასკნელის მიმართ ფერმერთა მხრიდან სკეპტიკური დამოკიდებულის შედეგია. მაშინ რა გამოდის, რომ თუ ჰქონდათ ხშირი კონტაქტი, მაგრამ პროგრამის საჭიროებაში ფერმერები ვერ დაარწმუნებს, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს, პროგრამის მესვეურების არაეფექტურ მუშაობაზე. რაც პრინციპში არც არის გასაკვირი, ჩვენ ხომ ყველაფერს სამოქმედო გეგმაში ეგრეთ წოდებული მონიშვნისთვის და არა რეალური შედეგების მისაღებად ვაკეთებთ;
  • სტრატეგიაში განხილულია აგრო სექტორში დაზღვევის უცხო ქვეყნების გამოცდილება. მაგალითად, მოყვანილია ესპანური მოდელი, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მაგრამ გაუგებარია ქართული რეალობისთვის რა კუთხით არის იგი ჩვენთვის საყურადღებო და საინტერესო. ესპანური გამოცდილებიდან რის გამოყენებას ვაპირებთ, ეს ამ დოკუმენტში გაუგებარია და ამას არც სტრატეგიის ავტორები გვიმხელენ;
  • ასევე გაუგებარია რა პრინციპით განსაზღვრავენ და ამტკიცებენ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის თანხობრივ რაოდენობას და ამ ფინანსური ხარჯების სანაცვლოდ რა ეკონომიკური შედეგის მიღწევას ვარაუდობენ;
  • ცნობილია აგროდაზღვევის პირველი სახელმწიფო პროგრამა სოფლის მეურნეობის რა მიმართულებების დაზღვევას აფინანსებდა, მაგრამ უცნობია რა პრინციპით შეირჩა აგროსექტორის ეს დარგები პრიორიტეტულად ან მომავალში რომელი მიმართულებები იქნება ისევ ყურადღების ცენტრში (აქ ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის კომპლექსში დანახვა, სადაც დაზღვევის სისტემას თავისი ფუნქციები და ამოცანები გააჩნია, განსაკუთრებით სტიმულირების თვალსაზრისით);
  • სტრატეგიის II ნაწილში საუბარია აგროდაზღვევის სფეროში ჩასატარებელი სამუშაოების საჭიროებაზე. მაგალითად, 1) ყურადღება მახვილდება ისეთ ზოგად საკითხებზე, როგორიც არის ბაზრის დეტალური ანალიზისა და დამატებითი კვლევების ჩატარების საჭიროებაზე, რაც ნებისმიერი სტრატეგიის შექმნას წინ აუცილებლად უნდა უძღოდეს, მაგრამ არამც და არამც კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც ამ სფეროში განვითარების სხვადასხვა გზებს შორის სწორი არჩევანის გაკეთების საშუალებას მოგვცემს. 2) აგროდაზღვევაში ერთიანი კონკრეტული სისტემის დამკვიდრებაზე მსჯელობა ვფიქრობთ უფრო არის სტრატეგიისთვის რელევანტური თემა, ვიდრე ის, რომ ზოგადად ერთიანი სისტემის დანერგვა საყურადღებოა და აუცილებელი. სტრატეგიაში იმის გაწერა, რაც ისედაც ვიცით, რომ გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს დროის ფუჭად ხარჯვაა და იმაზე მიუთითებს, რომ სტრატეგიის ავტორებს კონკრეტული ხედვა არ გააჩნიათ.

საერთო ჯამში ეს ნაშრომი აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მეთოდიკა უფროა, ვიდრე თავად სტრატეგია. დოკუმენტი მოკლებულია ანალიზს, განვითარების ნებისმიერ კონკრეტულ ხედვას და არ იძლევა არც ლოკალური (აგროდაზღვევის სფეროს უფრო გაშლა) და არც გლობალური (აგრარული სექტორის განვითარება) ამოცანების შესრულების შესაძლებლობას. გადამეტებულად არ ვიტყვით ალბათ, რომ ამ სტრატეგიას იმ ქაღალდის ღირებულების ფასიც კი არ აქვს რაზეც იგი არის დაბეჭდილი.

მასალაში გამოყენებელი წყარო:

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგია 2021-2024

 

ავტორი
ალექსი ნონიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული