სამშაბათი, აპრილი 30, 2024

“რუსეთს გონებით ვერ გაუგებ” – ფეოდორ ტიუტჩევის ამ ფრთიან გამონათქვამს პრიგოჟინის ქმედებები ამართლებს – ალექსი ნონიაძის შეფასებები

რუსეთში მიმდინარე პროცესები ძალიან დინამიურად ვითარდება. „ვაგნერი“, რომელიც კერძო სამხედრო კომპანიაა და უკრაინაში ქალაქ ბახმუტთან იბრძოდა, ოფიციალური კრემლის კონტროლიდან გამოვიდა და ორი დღის წინ სხვადასხვა მძიმე ტექნიკით მოსკოვის ასაღებად დედაქალაქისკენ დაიძრა.

ევგენი პრიგოჟინსა და სერგეი შოიგუს შორის ინტერესთა კონფლიქტზე წინა სტატიებშიც ვწერდით. „ვაგნერის“ დამფუძნებელი/ხელმძღვანელისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრის დაპირისპირება პუტინის კარზე გავლენების მოსაპოვებლად დაიწყო, მაგრამ მიმდინარე პროცესებმა გვაჩვენა, რომ ამ ბრძოლას პრიგოჟინი ბოლო მომენტამდე, პრეზიდენტის ხელისუფლების მოსაპოვებლად, რეალურად უკვე პუტინის წინააღმდეგ აწარმოებდა.

პუტინი 23 წელი ძალაუფლებას კლანებს შორის დაპირისპირების დალაგებით და ბალანსის პოლიტიკით ინარჩუნებდა, მაგრამ საკმარისი გახდა შექმნილიყო სერიოზული კრიზისი – ისეთი, მაგალითად, როგორიც უკრაინაში რუსული არმიის წარუმატებლობაა, რომ რუსეთის პრეზიდენტი თავად გახდა თავისივე შექმნილი სისტემის მსხვერპლი. „ვაგნერსა“ და თავდაცვის სამინისტროს შორის არჩევანი პუტინმა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა. პრინციპში მოვლენების განვითარების ეს სცენარი მოსალოდნელიც იყო, რადგან მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. უბრალოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესი დროში გაჭიმა, რადგან უკრაინაში ფრონტის წინა ხაზის ჩამოშლას შიშობდა, მაგრამ, როგორც კი დაიწყო უკრაინელების ეფექტური კონტრშეტევა – ალტერნატივა დაკარგავდა უკრაინაში მოპოვებულ ტერიტორიებს თუ მოსკოვში ხელისუფლებას, პუტინისთვის  მარტივი გადასაწყვეტი გახდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულმა ძალებმა „ვაგნერის“ დისლოკაციის ადგილები, მისი განადგურების მიზნით დაბომბა, მაგრამ „მსოფლიოში მეორე არმიას“ რა გაუკეთებია ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინაში პროფესიონალურ დონეზე, რომ ეს ამოცანა გადაეწყვიტა.

კრემლმა თავისი გასროლა გააკეთა და ააცილა, ჯერი ახლა პრიგოჟინს ეკუთვნოდა, მაგრამ ლიპეცკის მისადგომებთან აჯანყებულების კოლონა გაჩერდა და უკან დაბრუნდა. 25 ათასიანი კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი სამხედრო შენაერთის შეჩერებაზე გადაწყვეტილება პრიგოჟინმა მას შემდეგ მიიღო, რაც საუბარი შედგა მასსა და ლუკაშენკოს შორის. ახლა ძნელია იმის ახსნა, თუ ბელორუსის პრეზიდენტმა რა არგუმენტები გამოიყენა აჯანყებულებს წინსვლის შესაჩერებლად, მაგრამ ფაქტია, რომ პრიგოჟინს ამ ოპერაციის წარმატების დასრულების დიდი შანსები ჰქონდა. ვაგნერელებმა ძალიან მოკლე დროში, „როსგვარდისს“ უმნიშვნელო წინააღმდეგობის ფონზე, გაიარეს როსტოვისა და ვორონეჟის ოლქები, ჩამოაგდეს 4 საფრენი აპარატი. მოსკოვამდე რჩებოდა 200 კმ და ფაქტიურად ოფიციალურ კრემლს არ გააჩნდა რესურსი აჯანყებულებისთვის, თუნდაც უმნიშვნელო, წინააღმდეგობა სამხედრო ძალის სახით დაეხვედრებინა. „კადიროველების“ და „როსგვარდიის“ მაქსიმალური საბრძოლო შესაძლებლობები რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაშლაა, მაშინ, როცა პრიგოჟინს კარგად გაწვრთნილი გასამხედროებული დაჯგუფება ჰყავს, რომლის რიცხვიც მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე სულ უფრო იზრდებოდა.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ პრიგოჟინმა მოსკოვის აღების სტრატეგია ბევრად ადრე დაგეგმა. სწორედ გათვალა, თუ სად უნდა გადაეკვეთა რუსეთ-უკრაინის საზღვარი, სწორად გათვალა ამ ოპერაციის ლოგისტიკა და ტაქტიკური ნაწილი. სწორად ჩაატარა მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანია. პრიგოჟინის ნარატივმა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომს აგებს კორუმპირებული რუსული ელიტების გამო, დადებითი გამოხმაურება ჰპოვა საკუთარ მოქალაქეებში. რუსები თუ აშკარად არ უჭერენ პრიგოჟინს მხარს, მისდამი მიუღებლობაც არ აქვთ.

საჯარო ქსელში ვრცელდებოდა, მართალია დაუზუსტებელი, თუმცა საყურადღებო ინფორმაცია, რომ პრიგოჟინი ეგრეთწოდებულ „სამართლიანობის მარშის“ დაწყებამდე, კრემლთან დაახლოვებულ გავლენიან პირებს კონსულტაციებისთვის ხვდებოდა. პრიგოჟინის სქემა მარტივი იყო: სავარაუდოდ რუსეთი უკრაინაში ომს დაამთავრებდა (მისი აზრით ეს ომი რუსეთს ისედაც წაგებულია აქვს), ელიტებს საკუთარი ფულით სიამოვნების საშუალებას მისცემდა, ხოლო რუსეთის მოსახლეობა უკრაინას რეპარაციებს გადაუხდიდა.

სწორი და კარგად გათვლილი ნაბიჯების შემდეგ, პრიგოჟინის უკან გამობრუნების გადაწყვეტილება ბუნდოვანია. იმედია ბევრი რამ უახლოეს მომავალში გაირკვევა. გვაქვს გარკვეული მოსაზრება, თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, მაგრამ ჯერ-ჯერობით მისი გასაჯაროვებისგან თავს ვიკავებთ. მართალია ჩვენი ანალიზი ლოგიკურ მსჯელობას ეფუძნება, მაგრამ როგორც ფიოდორ ტიუტჩევი იტყოდა: „რუსეთს გონებით ვერ გაუგებ“. არ არის გამორიცხული, რომ აჯანყებულების ეს ნაბიჯი ალოგიკურიც იყოს. გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს კრემლის მხრიდან წინასწარ გათვლილი თამაში ნაწილი იყო, მაგრამ შიშისა და პანიკის ინსცენირება ნამდვილად ძნელი საქმეა. არადა კრემლში პანიკა ნამდვილად შეინიშნებოდა. პუტინი ესაუბრა ყაზახეთისა და სომხეთის პირველ პირებს, საუბარი შედგა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთანაც. ძნელი წარმოსადგენია, რომ მნიშვნელოვანი მიზეზის გარეშე რუსეთის პრეზიდენტს, დახმარების თხოვნით, რომელიმე ქვეყნის ლიდერებთან თავი დაემცირებინა. თუმცა, ასევე, ფაქტია, რომ ბელორუსის პრეზიდენტი გამოდგა ის მაშველი რგოლი, რომელმაც პუტინს, მართალია დროებით, მაგრამ ამ ეტაპზე ხელისუფლება შეანარჩუნებინა.

რაც შეეხება საქართველოს, მეზობელ სახელმწიფოში ასეთი ტექტონიკური ძვრები აუცილებლად გავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაზეც. გაჩნდება შესაძლებლობები, მაგრამ პირველ ეტაპზე გაჩნდება გამოწვევები და საფრთხეები, რომელსაც ადექვატური პასუხის გაცემა ესაჭიროება. სულ მცირე რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, სავიზო რეჟიმის შემოღებაა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რადგან დიდი რაოდენობით რუსი მიგრანტების შემოსვლას უნდა ველოდოთ. მოსკოვში უკვე ასტრონომიულად გაძვირდა ფასები ავიაბილეთებზე, რადგან ბევრია მსურველი დატოვოს რუსეთის დედაქალაქი. რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლით საქართველოს ტერიტორიაზე იზრდება მათგან მომდინარე საფრთხეებიც.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული