ადვოკატი შოთა თუთბერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს, პარლამენტის წინ, მისი დაკავების ფაქტზე და მოსახლეობას მიმართავს, რომ ახლა იმის დროა რომ გავიაზროთ, თუ რას ნიშნავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება:
“მოდი, დავიწყოთ მადლობით 😊
თანადგომის ბევრი სიტყვა მოვისმინე/წავიკითხე და წარმოუდგენლად მადლიერი ვარ ყველა სიტყვისთვის ❤
ასევე, გაოცებული და მადლობელი ვიქნები, ამ პოსტს თუ წაიკითხავთ, უფრო მოკლედ ვერ მოვახერხე :))
გუშინწინ, მე დამაკავეს პოსტერის დამზადებისა და დემონსტრირებისთვის პარლამენტის შენობის წინ. დამაკავეს ქმედებისთვის, რომელიც, როგორც მჯეროდა, იყო ჩემი, საქართველოს მოქალაქის უფლება. ეს ინციდენტი და მოგვიანებით განვითარებული მოვლენები მე მეუბნება ძალიან მნიშვნელოვან რამეს – რომ საჭიროა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე საუბარი და საუბარი არა მხოლოდ აკადემიურ წრეებში, არა მხოლოდ სასტუმროებში და ცნობიერების ამაღლების ტრენინგებზე, არამედ ჩვენს მოქალაქეებთან, რათა ეს პრობლემა გახდეს მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრისთვის.
უკმაყოფილო, კრიტიკის გამომხატავი მოქალაქეები და მათი დასჯა ახალი ამბავი არ არის, ეს დილემა სახელმწიფოს ახლა არ მოუფიქრებია, საქართველოს მთავრობას ინოვაციური ნიჭი არც ამ საკითხში გამოუჩენია. როგორც კარგ წიგნშია ნათქვამი, „რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი“.
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოები, ძალიან ნაცნობ სიტუაციას, გუშინ ნანახი სურათივით აღწერს. უფრო ზუსტად, გვიყვება, როგორ მოკლეს სოკრატე ახალგაზრდების აზრების გარყვნისა, ძალაუფლების შეურაცხყოფისა და ღმერთის უპატივცემულობის ბრალდებით. ეს სიკვდილი (ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიკვდილი სამყაროში) იმის სიმბოლოა, რომ ადამიანებს გარკვეული ფასის გადახდა უწევთ, რათა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული. საბედნიეროდ, დღეს ჩვენ მიერ გადასახდელი ფასი მხოლოდ დაკავებაა და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებაა. ჯერჯერობით.
როგორც ჰაინემ თქვა, „იქ, სადაც წიგნებს წვავენ, ოდესმე ადამიანებსაც დაწვავენ“. ამ გზას სხვა დასასრული არ აქვს. ეს გზა არაერთხელ გაუვლია არაერთ ხალხს. გერმანიაში ფროიდის, ცვაიგის და ტუხოლსკის წიგნები დაწვეს. ბოკაჩოს დეკამერონს ებრძოდა, მთელი ევროპა, ცეცხლით და თალმუდს. პასტერნაკთან და მიხეილ ჯავახიშვილთან ბრძოლა თავად გვაქვს წარმატებით გადატანილი. ჩვენ ისტორიის გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ, თუ სულელები არ ვართ.
ჯონ სტიუარტ მილი, ნაშრომში „თავისუფლების შესახებ“ ამბობს, რომ კონკრეტულად სიტყვის თავისუფლება არის არსებითი სიკეთე საზოგადოების განვითარებისთვის. ის ამბობს, რომ აზრები და იდეები, თუნდაც ყველაზე წინააღმდეგობრივი, იმსახურებენ და აქვთ უფლება, არა თუ არსებობდნენ (ეს აბსოლუტური უფლებაა), არამედ არამედ გავრცელდნენ თავისუფლად. და ეს არ არის მხოლოდ ფილოსოფიური ნაშრომის პერიფრაზი. იმავეს ამბობს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, საქართველოს კონსტიტუცია.
ყველას აქვს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი აზრი და დაუბრკოლებლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები ყოველგვარი საშუალებით, მიუხედავად საზღვრებისა.
რა თქმა უნდა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება, მას აქვს გარკვეული შეზღუდვები (მაგალითად, ცილის წამება, სიძულვილის ენა, დანაშაულის წაქეზება), თუმცა, უმნიშვნელოვანესია განვასხვაოთ, ერთი მხრივ, რეალური საფრთხე და, მეორე მხრივ, დისკომფორტი, რასაც იწვევს კრიტიკა. საჯარო პირები, პოლიტიკოსები, საზოგადოების კონცენტრირებული ყურადღების, და გულდასმით განხილვისა და კრიტიკის ობიექტები არიან – ეს მოქმედი, მუშა დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია.
ჩემ მიერ დემონსტრირებული პოსტერი, შეიძლება, პოლიციელების ზედამხედველმა აღიქვა რომელიმე მაღალჩინოსნის დამალულ, ნაგულისხმევ შეურაცხყოფად. თუმცა, ცხადია, ამ ინტერპრეტაციის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობდა ინტერპრეტატორი (ხელისუფალი), თავისუფალი სიტყვის ძირითადი პრინციპი სწორედ ის არის, რომ ის არ უნდა შეიზღუდოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა რაიმე რეალურ, მყისიერ საფრთხეს ქმნის. სხვა შემთხვევაში, სიტყვის თავისუფლების აზრი იკარგება – პროტესტის მიზანი სწორედ დისკომფორტის შექმნაა.
ჩემს საქმეს, როცა ხელის ბიჭებისთვის მიუღებელი პოსტერის გამო დამაკავეს, არავითარი დამოუკიდებელი ღირებულება არ გააჩნია, ის უმნიშვნელოა, მაგრამ პრინციპი და საფუძველი, რომელიც ამ დაკავების უკან დგას – ძალიან საშიში. ჩვენ ვამაყობთ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დემოკრატიის განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესით, თუმცა, მსგავსი ინციდენტები ცხადყოფს, რომ წინ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ამიტომ, გუშინდელ მოვლენებს გაცილებით უფრო დიდი გავლენა და მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ინდივიდუალური დაკავებებია. თუ პროტესტი, მით უმეტეს, არა გამოხატული, არამედ ნაგულისხმები შინაარსის მქონე, არის ის, რის გამოც შეიძლება ჩვენ დაგვიჭირონ, მაშინ კარგად უნდა დავფიქრდეთ, ნამდვილად არის თუ არა სიტყვის თავისუფლება ერთ-ერთი ის საფუძველი, რაზეც ჩვენ სახელმწიფოს აშენებას ვცდილობთ.
უნდა გვახსოვდეს, რომ სიტყვის თავისუფლება თავად დემოკრატიის ერთ-ერთი შინაარსია. ეს არის ქვაკუთხედი, რაც გვაძლევს საშუალებას დავეჭვდეთ, განვიხილოთ, გავიზარდოთ, როგორც საზოგადოება. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა, არ არის საჩუქარი, რომელიც ბაბუაჩვენებმა დაგვიტოვეს მემკვიდრეობით. ადამიანის უფლებათა დღევანდელი, საცოდავი სტანდარტიც კი, მძიმე ისტორიის, 90-იანი წლებისა და ბევრი სისხლისღვრის შედეგია. ამიტომ, ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ხმისთვის, ჩვენი აზრისთვის, ჩვენი გამოხატვის თავისუფლებისთვის, რომ წინ ვიაროთ, და არა უკან – რუსეთის გუბერნიად ქცევის დიადი მიზნისკენ.
ჯორჯ ორუელმა, „1984“-ში, აღწერა მომავალი, სადაც სახელმწიფო სრულ კონტროლს ამყარებს მოქალაქეების აზრებსა და გამოხატვაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს დისტოპიური ფანტაზიაა, ის შეიცავს ძალიან მკაფიო მინიშნებებს არსებულ, რეალურ ოპრესიულ რეჟიმებზე. მათ შორის, საბჭოთა კავშირზე და სხვა დიქტატორულ ქვეყნებზე. მუდმივად ამას ვფიქრობდი, როცა პოლიციის მიკროავტობუსით მასეირნებდნენ. მე არ მახსენდება უფრო ნათელი დადასტურება ორუელისეული რეჟიმის დამყარებისა, ვიდრე ცარიელი ფურცლით დგომის გამო ადამიანის დაკავებაა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ისტორია. 2005 წელს, ანა პოლიტკოვსკაია, რუსი ჟურნალისტი მოკლეს პუტინის პოლიტიკის კრიტიკის გამო, ჩვენს მეზობლად. დღესაც, ადამიანები, საკუთარი აზრის გამო, რეპრესირებულნი არიან რამდენიმე ქვეყანაში, რომლის მსგავსი ქვეყანაც მე არ მინდა, რომ მქონდეს.
ერთადერთი იმედი და სურვილი, რაც მაქვს, არის ის, რომ ჩემი შემთხვევა იყოს კატალიზატორი, რათა სიღრმისეული გააზრების პროცესი დავიწყოთ, თუ რა ორიენტირები გვაქვს, როგორც საზოგადოებას, როგორი ქვეყნის აშენება გვინდა და რა ინსტრუმენტები დავიტოვეთ ხალხმა იმისთვის, რომ ჩვენი პოლიცია მოქალაქეებისა და კანონის დამცველი იყოს და არა კონკრეტული ჩინოვნიკის ბრძანების შემსრულებელი მონა.
მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი არჩევანი ისეთი საზოგადოების აშენებაა, სადაც განსხვავებული აზრი არა მხოლოდ მოთმენილი, არამედ წახალისებული იქნება. მხოლოდ ამას შეუძლია გვაქციოს ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ საზოგადოებად, მანამდე უბრალოდ თავში წასატყაპუნებელი ძალაუფლების ობიექტები ვართ და არა ძალაუფლების წყაროები.
სხვა შემთხვევაში, გლობალური ტრაგედია მაინც არ დატრიალდება. უბრალოდ, ბევრ სოკრატეს მოვკლავთ, ბევრ მიხეილ ჯავახიშვილს მოვუგებთ ომს, ბევრ ტიციან ტაბიძეს დავხვრეტთ. სამარცხვინო მაგალითები, ამ კუთხით, არ გამოგველევა. მერე ვხსნათ, ვთხაროთ და ვარემონტოთ „კაპიტალურად“ მათი სახელობის ქუჩები, რომ ზედ გაყიდულმა მონებმა იარონ დიდი ჯიპებით, დაბურული შუშებით და ყველა ჯვრის დანახვაზე პირჯვარი ვიწეროთ. ზუსტად ისევე ფარისევლურად, როგორც ამ შემთხვევას გამოეხმაურა ზოგიერთი – „კი, უკანონოა ეს ყველაფერი, მაგრამ რატომ ვაღიზიანებთ?“
იმიტომ, რომ პროტესტის ერთ-ერთი მიზანი დისკომფორტის შექმნა და გაღიზიანებაა!
აქვე განვმარტავ, რომ, რა თქმა უნდა, არც ერთი ნახსენები პიროვნების ფრჩხილადაც არ ვღირვარ, უბრალოდ, იმისი ახსნა მინდა, რომ არასწორ გზაზე ვდგავართ, რომ უფსკრულისკენ მივექანებით.
ედო, საბა და დანარჩენები, დარწმუნებული ვარ, ჩემგან გამხნევებას არ საჭიროებენ, ისედაც კარგად იციან, რომ ყველაფერი, აუცილებლად, კარგად იქნება.
თავისუფლებას გისურვებთ.
ირაყლი, თქვენც“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე შოთა თუთბერიძე.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე