პარტია ,,დროას“ თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია საგანგებო განცხადებას აკეთებს, სადაც აღნიშნავს, რომ პატიმრობაში მყოფი, ,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თავისუფლების ორგანიზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას, 27 მაისს 18:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციასთან, მისი პარტიაც შეურთდება. ოპოზიციონერი ლიდერი მოსახლეობას ადამიანის თავისუფლებისა და ევროპული არჩევანის დაცვისკენ მოუწოდებს:
,,უკვე წელიწადზე მეტია, რაც ნიკა გვარამია აბსოლუტურად უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მისი დაპატიმრების აბსურდულობა ყველა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირმა და ა.შ. აღიარა. აბსოლუტურად ყველას ესმის, რომ მისი სრულიად უსაფუძვლო დაპატიმრება უკავშირდება ჩვენი ევროპული არჩევანის საბოტაჟს.
ერთი წლის წინ, ეს საბოტაჟი ,,ქართულმა ოცნებამ“ მისი დაკავებით მოახდინა. ერთი წლის შემდეგ, ეს საბოტაჟი პრეზიდენტმა, მისი არ შეწყალებით გააგრძელა.
ევროპული დღის წესრიგი არის ჩვენი პრინციპული ბრძოლა. ამ ბრძოლაში ნიკა გვარამიას თემა არის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი.
ფრენების აღდგენის ფონზე, ჩვენ მივიღეთ საჯარო ინფორმაცია, რომ ფრენების აღდგენის სპეცოპერაციის ნაწილი იყო რუსეთიდან დაყენებული წინაპირობა – პროდასავლური მედიის გაჩუმებისა და დევნის. სწორედ რუსეთის დავალებით, მათ შორის, ნიკა გვარამია ,,რუსულმა ოცნებამ“ საპატიმროში გამოკეტა.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით და ვუერთდებით ნიკა გვარამიას თავისუფლების ორგანიზაციის მიერ დაანონსებულ აქციას 27 მაისს, 18:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.
ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩვენ გვისმენს, გვენდობა მინდა მივმართო, რომ შევიკრიბოთ, ჩვენი ევროპული არჩევანი და ადამიანის თავისუფლება დავიცვათ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


