ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“რეალურად, საქმე გვაქვს იმიტირებულ ქოლცენტრთან, რომელიც თავიდან ბოლომდე დაგეგმა სუს-მა” – გიორგი ვაშაძე

ბოლო დღეების მანძილზე რუსული რეჟიმის პროპაგანდისტული არხების მიერ ხდება ჩემი, ჩემი ოჯახის წევრებისა და ზოგადად, ოპოზიციური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული აღვირახსნილი სახელისა და რეპუტაციის შელახვა“, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანია „ლაიონ 7 გრუპს“, რომელიც ქირაობს ფართს იმ შენობაში, სადაც მისი ძმა ფლობს 10- ნომრიან სასტუმროს. მისივე განმარტებით, დამქირავებლებმა შენობის მეპატრონეს, ლომგულ ჭკუასელს განუცხადეს, რომ იქ სასწავლო ცენტრის გახსნა სურდათ:

13 აპრილს, როცა მთელი საქართველო საუბრობს ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ფიქსირდება, რომ სავარაუდოდ “სუს”-ის დავალებით ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანიას „ლაიონ 7 გრუპს“, რომელიც ქირაობს ფართს იმ შენობაში, სადაც ჩემი ძმა ფლობს 10 ნომრიან სასტუმროს და რაც მთვარია, ამ შენობის მეპატრონეს, ბატონ ლომგულ ჭკუასელს, ეუბნება, რომ იქ უნდათ სასწავლო ცენტრის გახსნა“, – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს აქვს ეჭვი, რომ ეს სპეცოპერაცია თავიდან ბოლომდე სუს-მა და სპეცსამსახურებმა დაგეგმეს:

რეალურად, საქმე გვაქვს იმიტირებულ ქოლცენტრთან, რომელიც დაგეგმა სუსმა და რაც მთავარია, ეს ვინმე არახამია გაქრა, ვერავინ პოულობს ამ ადამიანს. სავარაუდოდ, როგორც ამბობენ, საერთოდ ქვეყნიდან გაიყვანეს. აქედან გამომდინარე, მე მინდა მივმართო და ვკითხო სუს-ს, შსს-სა და პროკურატურას ამ საქმესთან დაკავშირებით ვინმე არის დაკითხული ან დაკავებული? ვინ ჩაიდინა დანაშაული, რაიმე მტკიცებულება გაგაჩნიათ? სად არის მიხეილ არახამია, რატო აფარებთ მას ხელს? “იმედი”, “რუსთავი 2” და “პოსტვ” რომ საუბრობდა და „ენა ჰქონდათ გადაგდებული“, ერთი კითხვა მაინც არ გაგიჩნდათ – სად არის ეს ხალხი, ვინც თურმე დანაშაული ჩაიდინა? ჩემთან კავშირის რაიმე მტკიცებულება გაგაჩნიათ? ნულოვანი – რა თქმა უნდა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დეპუტატი საგანგებო ბრიფინგზე ბოლო დღეების განმავლობაში სამთავრობო არხებისა და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ექსპერტების მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებსა და დეზინფორმაციის გავრცელებასაც გამოეხმაურა:

ზუსტად 3 კვირაში, სანამ ჯერ შსს რაიმე ოპერაციას ჩაატარებდა, ქოც-პროპაგანდისტმა ექსპერტებმა, მაგალითად ბატონმა სალუქვაძემ და ქოცებთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა, მაგალითად „პრაიმტაიმმა“, გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია, თითქოსდა ეს იყო ჩემთან დაკავშირებული რაიმე ქოლცენტრი, სწორედ სუს-ის მიერ „დავერბოვკებული“ ექსპერტების მიერ ხდება ყალბი ინფორმაციის ტირაჟირება” – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძე სამართალდამცავ ორგანოებს კონკრეტული ნაბიჯებისკენ მოუწოდებს. იგი მოითხოვს, რომ მათი მხრიდან გაკეთდეს კონკრეტული განცხადება და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ. გარდა ამისა, დეპუტატი კონკრეტული მედიასაშუალებების მიმართ ცრუ ბრალდებების გამო სამართლებრივ დავას აანონსებს:

მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, მოვითხოვ, პასუხისგებაში მისცეთ არახამია ან სხვა ყველა პიროვნება, რომელიც დანაშაულთან არის კავშირში. თუ ამას თქვენ არ გააკეთებთ, ეს კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება, რომ ამ საქმის უკან დგახართ თქვენ, ეს პროვოკაცია დაგეგმეთ თქვენ და თქვენვე მფარველობთ საქართველოში არსებულ თაღლითურ ქოლცენტრებს.

რაც შეეხება ტელეკომპანიებს, იმუშავებს სამართლებრივი ჯგუფი და თქვენც მოგიწევთ პასუხისგება ამ სიყალბეებთან დაკავშირებით. იცოდეთ, რომ მხოლოდ განცხადებით არ შემოვიფარგლებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვინც ამის უკან დგახართ, პასუხი აგოთ კანონის წინაშე“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული