ოთხშაბათი, მაისი 8, 2024

“მსოფლიო პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი ერთი პაზლის ნაწილებია” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ჩვენს რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში. ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი ყურადსაღები მოვლენა მოხდა. ბუნებრივია პოლიტიკური პროცესები, საერთაშორისო ასპარეზზე, კვლავ უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო ვითარდება. ოფიციალური პეკინის გააქტიურებამ ამ სამხედრო კონფლიქტს, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებული შტრიხები შესძინა. სანამ ჩინეთი ეგრეთწოდებულ „ნეიტრალიტეტს“ ინარჩუნებდა ძალთა ბალანსი ორპოლუსიანი იყო. ერთი მხრივ იყო უკრაინა და კოლექტიური დასავლეთის სახელმწიფოები, ხოლო მეორეს მხრივ რუსეთი. ჩინეთის გამოჩენამ ეს სიტუაცია მინიმუმ სამ პოლუსიანი გახადა. გეოპოლიტიკური თამაში უფრო საინტერესო და აქტიურ ფაზაში გადადის. ამაზე მეტყველებს სი ძინ პინის ვიზიტი მოსკოვში, რასაც მოჰყვა ევროპელი ლიდერების გახშირებული ვოიაჟები პეკინში, სი ძინ პინის სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმერ ზელენსკისთან და სხვა.

ოფიციალური პეკინის პოზიცია და ინტერესები არ არის ერთსახოვანი და მარტივი. ჩინეთის საგარეო პოლიტიკა რაღაცით მათ ტრადიციულ კერძებს გვაგონებს, რომელშიც განსხვავებულ გემოთა გამა იგრძნობა. ჩინური კერძი შეიძლება ერთდროულად ცხარეც იყოს და ტკბილიც.

მოკლედ ოფიციალური პეკინი თავის თამაშს თამაშობს და როგორც წინა სტატიებშიც ვსაუბრობდით, მათი მთავარი ამოცანა ეკონომიკური განვითარების ტემპებისა და სავაჭრო კავშირების შენარჩუნებაა (გრაფიკი N1). ამ პროცესის აქილევსის ქუსლს ის გამოწვევები წარმოადგენს, რაც ლოგისტიკის სფეროში ჩინეთს გააჩნია. საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მათ არც უკრაინის გამარჯვება აწყობთ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ არც რუსეთის დაშლაზე იტყოდნენ უარს. არ აწყობთ ეკონომიკური კავშირის გაწყვეტა დასავლეთის სახელმწიფოებთან, მაგრამ არც ტაივანის დაბრუნებაზე იტყოდნენ უარს.

გრაფიკი N1. ჩინეთის ერთიანი ლოგისტიკური ჯაჭვის მთავარი კომპონენტი – „შუა დერეფანი“ საქართველოზე გადის
ცალკე განხილვის თემა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიპ ერდოღანის მოულოდნელი ავადმყოფობა და შემდგომ მისი დემონსტრაციული სატელეფონო საუბარი კრემლის დიქტატორთან. ასევე მნიშვნელოვანია რით დამთავრდება არჩევნები ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, გაიმარჯვებს ერდოღანი, თუ მისი ოპონენტი. მომავალში ამაზე იქნება თურქეთის საგარეო პოლიტიკის კურსიც დამოკიდებული.

შემთხვევითი არ იყო საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის უმრავლესობის წევრების ბოლოდროინდელი ვიზიტები ევროსტრუქტურებში. მესიჯები, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან ბოლო დროს გვესმის. საქართველოს საკითხის განხილვა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში. ასევე ნიშანდობლივია პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სტუმრობა თბილისში.

ეს ყველაფერი ერთი პაზლის სხვადასხვა ნაწილებია, რომელიც ჯამში საერთო სურათს იძლევა. საქართველოს როლი მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუქაზე იზრდება. ჩვენს ქვეყანას, ისტორიული ფუნქცია იყოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კარიბჭე, უბრუნდება და რაც რუსეთთან ორსაუკუნოვანი ურთიერთობის განმავლობაში დაკარგა (გრაფიკი N2). ამიტომ პროცესები რაც მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს, გვინდა არ გვინდა, თავის ასახვას ჩვენი ქვეყნის ბედზე ჰპოვებს.

გრაფიკი N2.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2019 წელი

მართალია მსგავსი ტენდენცია ბოლო 10 წლის ოფიციალური თბილისის საგარეო პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ჩვენ ხომ „არ გაღიზიანების“ სტრატეგია გვაქვს არჩეული. თაგვებივით ჩუმად უნდა ვიჯდეთ და არაფრის ამბიცია არ უნდა გაგვაჩნდეს. პრინციპით: როცა დიდი ბიჭები ბურთს თამაშობენ, პატარები ჩრდილში იმალებიან და ელოდებიან ყველაფერი რით დამთავრდება. მაგრამ „არ გაგვიმართლა“, მოხდა ისე, რომ ბურთმა მოულოდნელად სათამაშო მოედანი დატოვა და ჩვენსკენ გამოგორდა. ახლა ყველას ყურადღების ცენტრში მოვექეცით და თამაშის გასაახლებლად ყველა ელოდება საქართველო კუთხურს ვის ჩააწოდებს.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს ქვეყანაზე გადის სულ მცირე აშშ-ის, ევროკავშირის, უკრაინის, რუსეთის, ჩინეთის, ბელარუსის, ცენტრალური აზიის სახელმწიფოების, კავკასიის ორი რესპუბლიკის (აზერბაიჯანი, სომხეთი), თურქეთის, ირანის, ინდოეთის ინტერესები. ჩრდილში ყოფნა არ გამოგვივა.

დღეს გვეკითხებიან რა გვინდა, მაგრამ ხვალ ჩვენს დაუკითხავად გადაწყვეტენ საქართველოს ბედს, რადგან დიდი სახელმწიფოების გლობალური პრობლემებია ისტორიის სასწორზე შეგდებული, ხოლო ისინი ჩვენგან განსხვავებით უდიერად არ ექცევიან საკუთარი ქვეყნის მომავალს.

არცერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებს, რაც არ უნდა მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი ჰყავდეს, არ უნდა გადავაყოლოთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამას ითხოვს ჩვენი მოსახლეობის 89%!

ავტორი
ალექსი ნონიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული