ბრიტანეთის თემთა პალატაში, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებას, მწვავე საპასუხო შეფასებებით ეხმაურება თბილისის მერი, პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე:
“რაც შეეხება რიგი დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანია. აქ მარტო ხელისუფლებაზე არაა საუბარი. ეს ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიაა. რომ ავიღოთ სააკაშვილის „ქეისი“ – მისი „შემოგორება“, „შემოტანა“ საქართველოში, როგორც „განუბაჟებელი ტვირთი“, თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო ე.წ. მეგობრების ხელით. დაგეგმილი, რადგან მათი სურვილი იყო, ქვეყანაში მოეწყოთ დაპირისპირება, არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია, სისხლისღვრა და ა.შ. მათ ეს გეგმა ჩაუვარდათ იმიტომ, რომ ჩვენმა შესაბამისმა სპეცსამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს“, – განაცხადაკახა კალაძემ.
კახა კალაძის შეფასებით, ქვეყნის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია მაშინ დაიწყო, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.
„პირველივე დღიდან, როგორც კი სააკაშვილის დაკავება მოხდა, მაშინვე ჩაერთო აღნიშნული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ – ცილისმწამებლური კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მას არ აქვს შესაბამისი პირობები – ის, რაც პატიმარს უნდა ჰქონდეს, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ერთადერთი, ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ პატივცემული სააკაშვილი იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ხელს უწყობენ პირველ რიგში, მისი ოჯახის წევრები და პოლიტიკური პარტიები“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ინფორმაციისთვის: ბრიტანეთის თემთა პალატაში მმართველ პარტიასთან მიმართებაში მწვავე ნეგატიური განცხადებები გაკეთდა. მათ შორის აქცენტი იყო გამახვილებული პატიმრობაში მყოფ საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

