აშშ-ის მხრიდან, საქართველოს 1 ყოფილ და 3 მოქმედ მოსამართლეს, სანქციები დაუწესდა. მთავრობის ვიცე-პრემიერის, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მისთვის გაუგებარია აღნიშნული გადაწყვეტილება, რადგანაც მიაჩნია, რომ პარტნიორები, მეგობრები ასე არ იქცევიან:
,,მინდა მკაცრად, ხმამაღლა და პრინციპულად დავგმო ჩვენი მეგობრის, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება. ეს არის მიუღებელი! მითუმეტეს, რომ ამას ჰქონდა, როგორც ირკვევა, სურპრიზის ფორმა. პარტნიორები, მეგობრები ასე, ალბათ, არ იქცევიან.
მეგობრობას და პარტნიორობას იმდენად დიდი ფესვები და ტრადიცია აქვს, რომ ამგვარი ტიპის გაუგებრობები მას ვერაფერს დააკლებს, თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ ვართ ვალდებულნი, ვინც წარმოვადგენთ ქართველ ერს ხელისუფლებაში, რომ დავგმოთ ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისათვის დაუშვებელი აქტი, სანქცირების სახით.
გაუგებარია ეს გადაწყვეტილება იმის ფონზე, რომ სწორედ დასავლეთი იყო მომხრე იმის, რომ ეს მოსამართლეები უვადო მოსამართლეები გამხდარიყვნენ.
ჩვენი მართლმსაჯულება ადგას განვითარების სწორ გზას და აქვს როგორც მიუკერძოებლობის, ასევე დამოუკიდებლობის კუთხით ძალიან დიდი წარმატებები. ეს პროცესი გრძელდება!
ქართველ ხალხს ჩვენ დავუტოვებთ არა იმას, რაც დაუტოვა ადეიშვილმა, რომელსაც ჩექმის ქვეშ ჰყავდა ხელისუფლების ეს შტო – სასამართლო, არამედ დამოუკიდებელ და მიუკორძოებელ სასამართლოს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე