პარტია ,,დროას” თავმჯდომარე ელენე ხოშტარია საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს 7-9 მარტის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა აქტივისტის ლაზარე გრიგორიადსის საქმეზე. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ეს არის მიზანმიმართული კამპანია ევროპული არჩევნის წინააღმდეგ:
,,დროას” გუნდის სახელით მინდა გამოვეხმაურო აბსოლუტურად ამორალურ, აღვირახსნილ კამპანიას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც დაიცვეს ევროპული არჩევანი საქართველოში 7-9 მარტს.
რუსულმა რეჟიმმა რუსული რევანშის სამიზნედ აირჩია ლაზარე ადამიანი, რომელიც უნდა ამაყობდეს იმით, რომ მან დაიცვა საქართველოს ღირსება.
ეს არ არის ცალკე აღებული უკანონო, პოლიტიზირებული საქმე, არამედ გამიზნულად მიმართული ევროპული არჩევანის წინააღმდეგ, ადამიანის ღირსების შემლახველი, ძალადობრივი, პოლიტიზირებული და უნამუსო კამპანია მთელი სახელმწიფოსი, ამ ადამიანის წინააღმდეგ.
ჩვენ, ყველა – მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, რა საზოგადოებრივ ჯგუფს ვეკუთვნით, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს ღირსების და ევროპული არჩევანის დაცვის ხაზი გადის სწორედ ლაზარეს დაცვაზე.
ჩვენ ვდებთ პირობას, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ლაზარე იყოს თავისუფალი და მიიღოს ის პატივისცემა, რასაც ის იმსახურებს აბსოლუტურად ყველასგან”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე