სამშაბათი, ივლისი 23, 2024

“სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში – რეალობა და მოლოდინები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

გასულ კვირას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომპარტიის თავმჯდომარე სი ძინპინი სამი დღით მოსკოვს ოფიციალურად სტუმრობდა. ეს ვიზიტი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა. მესამე ვადით არჩევის შემდეგ ეს იყო ამხანაგი სისთვის პირველი გასვლითი ოფიციალური შეხვედრა. ამას თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები გააჩნია. პირველი ის, რომ პანდემიის გამო ჩინეთში გარკვეული შეზღუდვები კვლავაც მოქმედებს. ამის გამო ოფიციალური პეკინი მაქსიმალურად თავს იკავებდა საერთაშორისო ვოიაჟებისგან. მეორე, ჩინეთის კომპარტიის თავჯდომარე, იმ კატეგორიის მსოფლიო ლიდერებს განეკუთვნება, რომელთაც დასავლეთის ქვეყნებთან, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ურთიერთობები რბილად, რომ ვთქვათ გაფუჭებული აქვთ.

ოფიციალური პეკინის სამშვიდობო ინიციატივამ ექსპერტულ წრეებში განსხვავებული მოლოდინები შექმნა. პოლიტოლოგების ერთ ნაწილს, რომელიც აქტიურად უკრაინას გულშემატკივრობს, მიაჩნია, რომ სის შუამავლობას რუსეთ-უკრაინის ომი დასრულება შეუძლია.

უახლოეს მომავალში (იგულისხმება უკრაინის გენშტაბის წარმატებული კონტრშეტევებამდე მოქმედება) უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულად გაყვანის სანაცვლოდ ჩინეთს ხელეწიფება პუტინს ხელშეუხებლობის გარანტიები შესთავაზოს, რაც მის ფიზიკურ გადარჩენას გულისხმობს. ამ შემთხვევაში უკრაინა სრულად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას 1991 წლის საზღვრებში, რუსეთში შეიცვლება ხელისუფლება, რომელსაც მოუწევს უკრაინელი ხალხისთვის რეპარაციების გადახდა, ჩინეთი მიიღებს იაფ რუსულ ენერგო რესურს და ნედლეულს, ასევე მსოფლიო არენაზე თავს გაიმყარებს როგორც მშვიდობისმყოფელი, რომელმაც ეს ომი დაასრულა, ხოლო პუტინი თავის დარჩენილ სიცოცხლეს დაასრულებს ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, როგორ თავის დროზე თავად იანუკოვიჩი შეიფარა როსტოვში.

ექსპერტების მეორე ნაწილი, რომელიც გულშემატკივრობს რუსეთს და ხვდებიან, რომ ეს ომი კრემლს წაგებული აქვს, იმედოვნებენ, რომ ჩინეთის დახმარებით პუტინი მაინც შეინარჩუნებს ხელისუფლებას, რადგან ეს ოფიციალური პეკინის ინტერესებშიც შედის. კრემლის ეგრეთწოდებული „რუპორი ექსპერტები“ უფრო შორსაც მიდიან საკუთარ მოლოდინებში. ნათქვამია წყალწაღებული ხავს ეკიდებოდაო, ასეა მათი საქმე და ჩინური ლენდ ლიზის მიღების იმედადღა არიან, რითაც ომის ბედს რუსეთის სასარგებლოდ პროგნოზირებენ. არიან ოპოზიციურად განწყობილი რუსი ექსპერტებიც, რომელთაც მიაჩნიათ, რომ პუტინმა დასავლეთთან დაპირისპირების სანაცვლოდ, საკუთარი ქვეყნის ინტერესები ჩინეთს მიჰყიდა. ის რაც ვერ მოახერხა კოლექტიურმა დასავლეთმა, ოფიციალურმა პეკინმა კრემლს დიპლომატიურად და ტექნიკურად შეუსრულა. ასეა თუ ისეა, ეს პრობლემა ასე მარტივი გადასაწყვეტი და ცალმხრივად მოგვარებადი არ არის. ჩვენს წინა სტატიაშიც ვწერდით, რომ უკრაინის საკითხში ძალიან ბევრი ქვეყნის ინტერესებია ჩადებული და მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს გადასაწყვეტი ვერ იქნება ომწაგებული რუსეთის ბედი. ერთ-ერთი მათ შორის ვისი აზრიც გასათვალისწინებელი იქნება ვფიქრობთ ჩინეთი იქნება.

იმისათვის, რომ გავერკვეთ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ოფიციალური პეკინის სამშვიდო მისიამ, ჯერ უნდა გავერკვეთ რა ინტერესები ამოძრავებს ჩინეთს. სი ძინპინი კარგად ხვდება, რომ რუსეთს ეს ომი წაგებული აქვს, ამიტომ მოკლული დათვის ტყავის გაყოფისას ჩინელები თამაშგარე მდგომარეობაში არ უნდა აღმოჩნდნენ (ეს არის მათი პოზიცია). ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში მან მესიჯი გაუგზავნა კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებს, რომ ევრაზიული კონტინენტის ის ნაწილი, რომელიც მას ესაზღვრება (რუსეთი, ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, ახლო აღმოსავლეთი) მისი გავლენის სფეროა და ამ ქვეყნების მიმართ სტრატეგიული ინტერესები გააჩნია. მის სიტყვას რეგიონში წონა გააჩნია და საერთაშორისო საკითხების მოგვარებაშიც მას აქტიური როლის შესრულება შეუძლია. თუ აქამდე ოფიციალური პეკინი საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ ჩინეთის ეკონომიკურ ინტერესებს გამოხატავდა, ამას უკვე პოლიტიკურიც დაემატა.

ჩინეთს თავის დროზე უკრაინაში რუსეთის გამარჯვებაზე ჰქონდა მოზომილად ფსონი დადებული, რადგან ეს მის ინტერესებშიც შედიოდა. თუ რუსეთი გაიმარჯვებდა ამით აშშ საერთაშორისო ასპარეზზე დასუსტდებოდა და ავღანეთიდან გასვლის შემდეგ ეს იქნებოდა ყველაზე დიდი დარტყმა მის რეპუტაციაზე (ჩინეთი თავის მთავარ მოწინააღმდეგედ აშშ-ს განიხილავს).

უკრაინაში სამხედრო კომფლიქტის გაჭიანურების შემთხვევაში ჩინეთი კვლავ მოგებული რჩებოდა, რადგან აშშ-ს მთელი ყურადღება რუსეთისკენ და არა მისკენ იქნებოდა მიმართული. ეს იქნებოდა დროის მოგება იმ მთავარი ნახტომისთვის, რომლისთვისაც ჩინეთი დიდი ხანია, როგორც პოლიტიკურად ლიდერი სახელმწიფო მსოფლიო არენაზე გამოსასვლელად ემზადება და ამისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს. შესაბამისად, უკრაინაში კონფლიქტის უვადოდ გაგრძელება ჩინეთის ინტერესებში არ შედის, ერთის მხრივ ეკონომიკური დანაკარგების გამო, ხოლო მეორეს მხრივ ისევ იმის გამო, რომ დაყოვნებამ, მას შესაძლოა ხელიდან გააშვებინოს შესაძლებლობა ღიად განაცხადოს თავისი ამბიციების შესახებ მსოფლიო პოლიტიკურ რუქაზე.

ოლიმპიური თამაშების დაწყების წინ, პუტინის ვიზიტით იყო პეკინში ჩასული, სადაც ამხანაგ სის არწმუნებდა, რომ კოლექტიური დასავლეთი კიევის აღებას ისევე მწარე აბად გადაყლაპავდა, როგორც ეს მოხდა 2008 წელს სამაჩაბლოში და 2014 წელს ყირიმში, ანუ აღშფოთდებოდნენ და ფაქტს შეურიგდებოდნენ. პუტინი პეკინისგან ითხოვდა თუ ამ სამხედრო კამპანიაში ჩინეთი რუსეთის მხარეს არ დაიკავებდა, ნეიტრალიტეტი მაინც შეენარჩუნებინა, რითაც მას ზურგს გაუმაგრებდა. სის პასუხი სავარაუდოდ იყო მოზომილი და დაახლოებით ასე ჟღერდა: „ვნახოთ, სცადეთ“. თუ კრემლს არ გამოუვიდოდა ეს ავანტიურა, მაშინ პეკინი თავის მოთხოვნებს წაუყენებდა კრემლს. მაგრამ ყველამ ვიცით რაც მოხდა. კიევმაც გაუძლო შეტევას და დასავლეთიც გვერდში დაუდგა, ანუ არც რუსეთის და არც ჩინეთის ოპტიმისტურ მოლოდინებს ასრულება არ ეწერათ.

გასული წლის შემოდგომას ბალიზე G20-ის ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრის ანალიზისას გამოვთქვით ვარაუდი, რომ ჩინეთი სამშვიდობო ინიციატივით გამოვიდოდა. მართალია ეს არ მოხდა 2022 წელს, მაგრამ ლოგიკურად, ოლიმპიურ თამაშებზე მიღებული პირობების გამო, საკუთარი „პრეტენზიები“ ადრე თუ გვიან პეკინს კრემლისთვის უნდა წარედგინა და როცა მსოფლიოში გავლენების გადანაწილების საკითხი უკრაინაში წყდება ამ პროცესებისადმი ჩინეთი ინერტული ვერ იქნებოდა. შედეგად სის ვიზიტი მოსკოვში ამის გამოძახილი იყო.
განვიხილოთ რა შედეგი გამოიღო ამ ვიზიტმა ჩინეთისთვის.

1) ოფიციალურმა პეკინმა მართალია პირდაპირი გზით არა, მაგრამ საკმაოდ გასაგები ფორმით გამოთქვა პრეტენზია რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონზე. რაზეც ოფიციალურ მოსკოვს რეაქცია არ ჰქონია;

2) გამოითქვა მოსაზრება, რომ პერსპექტივაში რუსული ეკონომიკისთვის ერთ-ერთი გამოსავალი იუანის ზონასთან მიერთება იქნება. რუსეთში როგორც საგარეო, ისე შიდა ანგარიშსწორება ჩინურ ვალუტაში უნდა მოხდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ფისკალური პოლიტიკის განმსაზღვრელი არა მოსკოვი, არამედ პეკინი იქნება;

3) რუსეთის ვალდებულებაში კვლავ რჩება ჩინეთისთვის იაფი ენერგო რესურსებისა და ნედლეულის მიწოდების შესახებ;

4) ჩინეთის გავლენა იზრდება ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე. რუსეთი ამ მოცემულობას როგორც ფაქტს აღიარებს და არ გააჩნია რეალური ბერკეტები ამ პროცეს ხელი შეუშალოს. მეტიც ოფიციალური პეკინი ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სამიტის ჩატარებას აპირებს, სადაც რუსეთი არ იქნება მიწვეული.

ამით ყველაფერია ნათქვამი.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ პუტინის პოლიტიკის გამო იოსებ სტალინი საფლავში ტრიალებს. მაო ძე დუნი რასაც ვერ ინატრებდა ყველაზე თამამ ფიქრებში, პუტინმა ხორცი შეასხა და ჩინელებს ხელში ჩაუგდო. პუტინმა საკუთარ იმპერიულ ამბიციებს და დასავლეთთან ჭიდილს გადააყოლა სახელმწიფო ინტერესები, გამოეპარა მთავარი საფრთხე, რომელიც რუსეთის ფედერაციას ჩინეთის ვასალიზაციის სახით ემუქრებოდა და პრაქტიკულად რაც ჰქონდა იმასაც კარგავს.

რაც შეეხება ამხანაგი სის სამშვიდობო მისიას, უნდა ვივარაუდოთ, რომ შემთხვევითი არ იყო ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრებაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ. კოლექტიურმა დასავლეთმა ამით რუსეთს და ჩინეთს მესიჯი გაუგზავნა, რომ პუტინი სამხედრო დამნაშავეა და მასთან მოლაპარაკების პერსპექტივას ვერ ხედავს. შეიძლება ითქვას ამით სი ძინპინის ვიზიტს მოსკოვში, რომლის მიზანიც იყო გამოსულიყო დიდი მშვიდობისმყოფელი, ჩრდილი მიადგა. კოლექტიური დასავლეთი ეცდება უკრაინის პრობლემა ისე მოაგვაროს, რომ ოფიციალური პეკინის საერთაშორისო გავლენები არ გაზარდოს და ჩინეთმაც აიღოს თავისი პასუხისმგებლობა ამ ომის დაწყების თაობაზე. მაგრამ ამას გააკეთებენ სავარაუდოდ არა პირდაპირი, არამედ დიპლომატიური გზით.

რაც შეეხება ოფიციალურ მოსკოვს ფაქტია, სი ძინპინის ვიზიტის შემდეგ, ატომური იარაღის გამოყენების შესახებ რიტორიკა დააბრუნეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ რუსი პროპაგანდისტების იმედებს, ჩინური ლენდ ლიზის თაობაზე, გამართლება არ უწერია. პეკინს როგორც აღვნიშნეთ თავისი ამოცანები აქვს და არ აპირებენ პუტინისთვის კოჭის გაგორებას. დაველოდოთ მოვლენების განვითარებასა და უკრაინის გენშტაბის მხრიდან გაზაფხულის კონტრშეტევები რა შედეგებით დასრულდება, ამის შემდეგ უფრო თამამად შევძლებთ სამომავლო პროგნოზების გაკეთებას.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული