ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

“რუსეთის მომავალი ბედი კოლექტიური დასავლეთის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

უკრაინაში 11-თვიანი ომის განმავლობაში მსოფლიო საზოგადოებამ რამდენიმე გარდამტეხი ეტაპი იხილა. ერთ-ერთი, მათ შორის, 25 იანვარი აღმოჩნდა, როდესაც რამშტაინის ბაზაზე შეხვედრებში მონაწილე სახელმწიფოების გადაწყვეტილება გასაჯაროვდა, უკრაინისთვის შემტევი მძიმე საბრძოლო ტექნიკა გამოეყოთ. ოფიციალური კიევი უკვე დიდი ხანია დასავლეთის ქვეყნებისგან ამ მხარდაჭერას ითხოვდა და სიმბოლურად ვოლოდიმერ ზელენსკის დაბადების დღეზე მოკავშირეებმა მშვენიერი საჩუქარი გაუკეთეს უკრაინას და მის პრეზიდენტს.

უკრაინის შეიარაღებული ძალები დახმარების სახით 100 ერთეულ Leopard 2-ს, 14 ერთეულ Challenger 2-სა და 31 ერთეულ M1 Abrams-ის ტიპის ტანკს მიიღებს. საერთო ჯამში იგეგმება ფრონტის წინა ხაზისთვის 500 ერთეული მძიმე ჯავშან ტექნიკის მიწოდება, რომელთა შორის ასევე იქნება, 50 ერთეული M2A2 Bradley-ის, 30 ერთეული AS-90 Braveheart-ს და 4 ბატარეა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა Patriot.

ყველაზე საყურადღებო მაინც აშშ-ს პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის საჯარო განცხადებებიდან გახმოვანებული მესიჯები გახდა, რომელიც ოფიციალური კიევისა და მოსკოვის მისამართით იკითხებოდა. აშკარაა, რომ თეთრმა სახლმა გადაწყვეტილება მიიღო, საბოლოოდ არ დაჰყვეს კრემლის შანტაჟს, ატომური იარაღის გამოყენების თაობაზე. თვით ამერიკის დიპლომატიის ყველაზე უხუცესმა და თვალსაჩინო წარმომადგენელმა, ჰენრი კისინჯერმაც კი შეიცვალა საგარეო პოლიტიკის მართვის საკითხებისადმი საკუთარი დამოკიდებულება (მართალია მხოლოდ უკრაინის პრობლემატიკასთან დაკავშირებით).

ამერიკელების აზრით უკვე დროა უკრაინელები საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე აქტიურ კონტრშეტევით მოქმედებებზე გადავიდნენ. ოღონდ მხოლოდ 1991 წლით აღიარებულ საზღვრებში და არა მის ფარგლებს გარეთ.

მსგავსი გადაწყვეტილებები განპირობებულია იმით, რომ კოლექტიურ დასავლეთს გადაწყვეტილი არ აქვს, უკრაინაში კაპიტულაციის შემდეგ, რა ბედი ეწევა რუსეთის ფედერაციას. ოლაფ შოლცის განცხადებაც ამაზე მიუთითებს. მართალია უკრაინის მოკავშირე სახელმწიფოებს დიდი სურვილი აქვთ ამ ომის დასრულების, მაგრამ ისინი ამ ეტაპზე საბრძოლო მოქმედებების რუსეთის ტერიტორიაზე გადატანის პერსპექტივას ჯერ-ჯერობით არ ან ვერ ხედავენ.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე მოვლენების განვითარების შესაძლო ორ ძირითად სცენარზე უნდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. პირველი დიპლომატიურია – კრემლის კორიდორებში სამხედრო გადატრიალება იგეგმება. ახალი ხელისუფლება, რომელიც ისევ პუტინის გარემოცვიდან შეირჩევა, მას თავიდან მოიშორებს (არ გამოირიცხება მისი ლიკვიდაციაც) და დასავლეთთან ღიად მიდის მოლაპარაკებაზე, ასევე რეპარაციებს უხდის უკრაინას მიყენებული ზიანის გამო. მაგრამ ამ ვარიანტში ღიად რჩება საკითხი გარანტიების თაობაზე. რით იქნება დაზღვეული კოლექტიური დასავლეთი, რომ ამავე ათწლეულში ძველი ჩეკისტებით დაკომპლექტებული რუსეთის ახალი ხელისუფლება (ოღონდ უკვე პუტინის გარეშე), როგორც კი ძალებს მოიკრებს, მეზობლების მიმართ ძველებურად არ გამოავლენს აგრესიას. კრემლის მხრიდან ახალი პროვოკაციების მოწყობის საშიშროება მუდმივად არსებობს, მანამ სანამ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს ატომური ბალისტიკური რაკეტები აქვს. საეჭვოა, რომ რუსეთის ჩეკისტურმა მთავრობამ, უკრაინაში კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგაც, ატომური იარაღი მოკავშირეებს თავის ხელით გადასცეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთში პუტინს უფრო ადვილად დათმობენ ვიდრე ბირთვულ იარაღს. ანუ ამ შემთხვევაში მივდივართ მოვლენების განვითარების მეორე სცენარამდე, რომელიც რუსული პრობლემის სამხედრო ძალით გადაწყვეტას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში სამხედრო ძალის გამოყენებით ხდება მოსკოვის დაკავება, ჩეკისტური ხელისუფლების დამხობა და ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. მაგრამ ამ ვარიანტში ღიად რჩება რამდენიმე გადაუწყვეტელი საკითხი:

  • რომელი სახელმწიფოს ან/და სამხედრო ბლოკის შეიარაღებული ძალებს დაევალებათ დასახული სამხედრო ამოცანების შესრულება. რაც მთავარია, რომელი სამხედრო შენაერთ(ებ)ი დაიკავებს ან დაიკავებენ მოსკოვს და უშუალოდ კრემლს;
  • რა ბედი ელის რუსეთის ფედერაციას და მასში შემავალ სუბიექტებს;
  • ომისაგან დანგრეული და გაპარტახებულ ქვეყანაში ვინ უნდა გამოკვებოს 140 მილიონი რუსეთის მოსახლეობა და რა მექანიზმებით შეაჩერებენ ევროპაში სამუშაოს საშოვნელად გაქცეულ რუს ემიგრანტებს;
  • რა ბედი ელის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებაში მყოფ ბირთვულ იარაღს. ხომ არ მოხდება მისი გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ პირობითად ნატოს ჯარები რუსეთის საზღვრებს გადაკვეთენ ან ვის დარჩება იგი რუსეთის კაპიტულაციის შემდეგ და მსოფლიოში როგორი იქნება ბირთვული შეკავების ბალანსი, როცა მას რუსეთი გამოაკლდება;
  • რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის გაგრძელების შემთხვევაში რა პოზიციას დაიკავებს ერთის მხრივ თურქეთი და ინდოეთი, ხოლო მეორეს მხრივ ჩინეთი. ხომ არ მოხდება ამ უკანასკნელის მხრიდან საკუთარი სამხედრო ძალების გააქტიურება და ციმბირის, ასევე შორეული აღმოსავლეთის ნაწილის, ვლადივოსტოკის ტერიტორიების დაკავება. და ამ შემთხვევაში, რამდენად აწყობს აშშ-ს ჩინეთის ეკონომიკის ხელში აღმოჩნდეს იაფი ნედლეულით მდიდარი რუსეთის რეგიონები.

ეს და სხვა საკითხები ამ ეტაპზე რომ ღიად რჩება ამიტომ იკავებს კოლექტიური დასავლეთი აქტიური მოქმედებებისგან თავს. ეს არის აგრეთვე იმის მიზეზი, რომ გარკვეული შეფერხებით, ანუ ცოტა დაგვიანებით უკრაინამ მიიღო მძიმე სამხედრო ტექნიკა (არსებობს სხვა მიზეზებიც, რომელიც უფრო ტექნიკური ხასიათისაა, მაგრამ ამის შესახებ მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ).
უკრაინის იარაღით დახმარების შემდეგი ეტაპი უნდა ვივარაუდოთ, რომ იქნება შორ მანძილზე მოქმედი რეაქტიული ჭურვები და დანადგარები, მაგრამ ამისთვის, როგორც აღვნიშნე, ზოგიერთ გლობალური საკითხებზე მოკავშირეების მხრიდან გადაწყვეტილების მიღება იქნება საჭირო.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული