მმართველი პარტიის მხრიდან, სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერების ევროპაში ვიზიტთან დაკავშირებით, გამოთქმულ ბრალდებებს მწვავე საპასუხო პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე:
“ქართული ოცნება” აგრძელებს ანტიდასავლურ პროპაგანდას და ბოლშევიკური ცილისმწამებლური მეთოდებით ცდილობს იმ ადამიანების გაშავებას (ხალხის მტრებად გამოცხადებას) რომლებიც არიან საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული არჩევანის დამცველები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
გასაკვირი არ არის, რომ ამ ცილისმწამებლურ კამპანიაში ჩართულები არიან “ქართული ოცნების” მიერ 500-ლარად დაქირავებული ე.წ. ექსპერტები, არც ის, რომ ამ კამპანიას შეუერთდა ქალბატონი წილოსანი, პატივცემული მათიკაშვილი, რომ თითქოს, როგორც ისინი ამბობენ, ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის “ტროიკა” ევროპაში დადის იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
ამაზე კომენტარსაც არ გავაკეთებდი, რომ არ დამენახა ოლიგარქისთვის პარლამენტის თავმჯდომარეც კი ერთი-ერთი ინსტრუმენტი, ერთი ჩვეულებრივი “ტროლ-ბოტია”, რომელიც ფუნქციებით არაფრით განსხვავდება 500-ლარიანი ვითომ ექსპერტი ნიკოლაიშვილისა და ქართველიშვილისგან.
ახლა რაც შეეხება სიმართლეს: ვაშაძე, ხოშტარია და ჯაფარიძე ნამდვილად იყვნენ ევროპაში, უმაღლესი დონის შეხვედრები ჰქონდათ სტრასბურგსა და ბრიუსელში და ყველა შეხვედრაზე, ყველა დერეფანსა თუ კაბინეტში ითხოვდნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რასაც ნამდვილად უშლის ხელს “ქართული ოცნება” და ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ავტორი: ანა მოსაშვილი