ხუთშაბათი, ივნისი 20, 2024

თენგიზ შერგელაშვილი – ევროკომისიის მეოთხე რეკომენდაცია ფორმალური თვალსაზრისით ნაწილობრივ შესრულდა და არსებითი თვალსაზრისით არაეფექტურობისთვის არის განწირული

„საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) 9-10 მარტს სასტუმროში „აბრუ“ პროექტის „ევროკავშირის ანტიკორუფციული რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგი“ შუალედური ანგარიში პროფესიულ საზოგადოებას და ჟურნალისტებს წარუდგინა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციებიდან მეოთხე რეკომენდაციის (ანტიკორუფციული სამსახურის დამოუკიდებლობის გაძლიერება ყველა ძირითადი ანტიკორუფციული ფუნქციის გაერთიანებით, მაღალი დონის კორუფციის საქმეების მკაცრი განხილვის მიზნით. ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აღჭურვა მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით და მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა) მონიტორინგი.

პროექტის მკვლევარმა, რუსა მაჩაიძემ აუდიტორიას ევროკავშირის ანტიკორუფციული რეკომენდაციის შესრულების პროცესი გააცნო. მან ასევე, ისაუბრა მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე და შედეგებზე.

ევროკავშირის ანტიკორუფციული რეკომენდაციის შესრულების პროცესში შემოთავაზებული ალტერნატიული კანონპროექტების და მიღებული კანონის შინაარსზე ისაუბრა, „საქართველოს განვითარების პლატფორმის“ (GeoDP) მმართველი საბჭოს წევრმა, კოკა კიღურაძემ. მისი განმარტებით, მმართველი პარტიის მოდელით შემოთავაზებული ინიცირებული ვარიანტი მეორე და მესამე მოსმენის შემდეგ დაუახლოვდა ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს
შუალედური ანგარიშის ძირითადი მიგნებები შემდეგია:

  • მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა ოპოზიციის მოთხოვნა, რომ სესიაზე მომხდარიყო სამუშაო გრაფიკის, პირობების და წესების განსაზღვრა;
  • „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა საპარალამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილის მოთხოვნა, რომ განეხილათ „ლელოს“ მიერ ინიცირებული კანონპროექტთა პაკეტი ანტიკორუფციული სამსახურის შესახებ (TI-ის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადებული), რომელიც ერთი წლის წინ იყო მეორედ ინიცირებული და იურიდიული კომიტეტი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ იხილავდა;
  • სამუშაო ჯგუფის მუშაობა არ იყო გამჭვირვალე. ჩატარდა მხოლოდ 3 შეხვედრა, რომლის საოქმო ჩანაწერიც კი, რომელიც ხელმისაწვდომი მხოლოდ ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად გახდა, არ მოიცავს არანაირ არსებით ინფორმაციას. პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში კი არის მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის თითო ციტატა;
  • არასამთავრობო სექტორის პროცესში მონაწილეობა იყო პრობლემური, არ იყო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დასწრების საშუალება. საკომიტეტო განხილვები კი ჩატარდა ნაჩქარევად, ცვლილებაშეტანილი დოკუმენტები არ საჯაროვდებოდა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების საკომიტეტო განხილვებში სრულყოფილ ჩართულობას ხელს უშლიდა;
  • მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის არც ერთი წინადადება. მიუხედავად ამისა, პროექტი მაინც ინიცირდა, როგორც სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული;
  • თავდაპირველი პროექტი იყო ფაქტობრივად მხოლოდ ფორმალური. საბოლოოდ გათვალისწინებული იქნა ცალკეული შენიშვნები, რაც დადებითად შეფასდა არასამთავრობო სექტორის მხრიდან. თუმცა, არ მიაჩნიათ საკმარისად და თვლიან, რომ პრობლემურად დარჩა ბიუროს დამოუკიდებლობის და საგამოძიებო ფუნქციის საკითხი, რომლის გარეშეც სამსახური ფორმალობად რჩება.

საქართველოს განვითარების პლატფორმის (GeoDP) თავმჯდომარის, თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, დამსწრე საზოგადოებას დეტალურად მიეწოდა მეოთხე რეკომენდაციის შესრულებისთვის გადადგმული ყველა ნაბიჯი, რომელიც განახორციელა საქართველოს პარლამენტმა.

შუალედურ ანგარიშში დეტალურად აისახა ყველა გადადგმული ნაბიჯი, რომელიც უკავშირდებოდა ანტიკორუფციული სამსახურის ჩამოყალიბებას. საბოლოო ჯამში გამოიკვეთა, რომ 12 პუნქტიანი რეკომენდაციის მეოთხე პუნქტი ფორმალური თვალსაზრისით ნაწილობრივ არის შესრულებული და არსებითი თვალსაზრისით არაეფექტურობისთვის განწირული.

ვალდებულება ფორმალური თვალსაზრისით შესრულებულია, მაგრამ არ არის გატარებული ის არსებითი ცვლილებები, რაც უზრუნველყოფდა ევროკავშირის მიერ მითითებული პრობლემის გადაჭრას. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პუნქტის ფორმალური შესრულების მცდელობა, რომელიც ევროკავშირთან (მათ შორის 12 პუნქტთან მიმართებაში) პოზიტიური ფონის პირობებში შესაძლებელი იყო, რომ ჩათვლილიყო, მინიმუმ, ნაწილობრივ შესრულებულად (შემდგომში პროცესების დაკვირვების პირობით)“, – განაცხადა ორგანიზაცია “საქართველოს განვითარების პლატფორმის” თავმჯდომარემ, თენგიზ შერგელაშვილმა.

საქართველოს განვითარების პლატფორმა (GeoDP) პროექტის „ევროკავშირის ანტიკორუფციული რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგი“ საბოლოო ანგარიშს ფართო საზოგადოებას, ახლო მომავალში, კონფერენციაზე წარუდგენს.
ინფორმაციისთვის – პროექტი „ევროკავშირის ანტიკორუფციული რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგი“ ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) თანამშრომლობით (ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისათვის” ფარგლებში).

ინფორმაციას GeoDP – საქართველოს განვითარების პლატფორმა ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული