პარასკევი, აპრილი 19, 2024

ჯო ბაიდენის ვიზიტი კიევში: აშშ „მსოფლიო პოლიციელის“ სტატუსს იბრუნებს – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

დღეს მთელი მსოფლიო თვალს ადევნებდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტს კიევში. ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსის სტუმრობა ქვეყანაში ზოგადად, მით უმეტეს ომში მონაწილე სახელმწიფოს დედაქალაქში, შემთხვევითობა არ არის და თავისი გზავნილები გააჩნია.

სანამ უშუალოდ ამ ვიზიტის პოლიტიკურ ნაწილზე გადავიდოდეთ, არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ ამერიკის პრეზიდენტის კიევში სტუმრობით პირველი და უმთავრესი მესიჯი რუსეთის სპეცსამსახურების მისამართით გაიგზავნა. ოფიციალური მოსკოვი თავის თავს ზესახელმწიფოს უწოდებს და მის დაზვერვის სამსახურს ატომური ქვეყნის ლიდერი უკრაინის საზღვარზე გადასვლა ისე გამოეპარათ, რომ ეჭვია ამის შესახებ პირველად ღია საინფორმაციო წყაროებიდან თუ გაიგეს. ეს იყო ამერიკელებისა და უკრაინელების მხრიდან ძალიან დეტალურად დაგეგმილი და კარგად გათვლილი სპეცოპერაცია, რითაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა კრემლს მორიგ ჯერზე მიანიშნა, რომ მათი სახელმწიფოები უსაფრთხოების საკითხებში განვითარების სხვადასხვა დონეზე იმყოფებიან.

რაც შეეხება ბაიდენის ვიზიტის პოლიტიკურ გზავნილებს, მათ ერთდროულად რამდენიმე ადრესატი ჰყავთ, მათ შორის, ერთ-ერთი პირველი და უმთავრესი უკრაინელი ხალხია. ამ ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ეუბნება, რომ ისინი აგრესორის პირისპირ მარტონი არ არიან და რომ მათ გვერდით მთელი ცივილური სამყაროა.

მეორე ადრესატი კრემლი და უშუალოდ პუტინია, რომელმაც უნდა დაინახოს, რომ უკრაინის ომში მას გამარჯვება არ უწერია და რომ კოლექტიური დასავლეთი უკრაინელ ხალხის დახმარებაში არ დაიღლება და თანამედროვე იარაღით დაეხმარებიან მანამ, სანამ რუსეთის სრულ ფიასკოს მსოფლიო არ იხილავს.

შემდეგი გზავნილი ოფიციალურმა ვაშინგტონმა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს გაუგზავნა, რომლებიც ბოლო მომენტამდე ორჭოფობდნენ რუსეთთან მიმართებაში და უკრაინის დახმარებას ერიდებოდნენ კრემლის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შიშით. ამერიკის პოლიტიკური ელიტა პრინციპულად ერთიანია უკრაინის საკითხში და რუსეთის დამარცხება მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი. ბაიდენის ჩასვლით კიევში ოფიცალური ვაშინგტონმა ევროპის დიდი სახელმწიფოების ლიდერებს მორიგ ჯერზე აჩვენა ამ გადაწყვეტილების პრინციპულობა და მიანიშნა, რომ უკრაინის დახმარება მათი მონაწილეობით, თუ მათ გარეშე, მაინც გაგრძელდება და იმისათვის, რომ თამაშგარე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ ნეიტრალიტეტის ნაცვლად ურჩევნიათ პროცესებში აქტიურად ჩაერთნენ.

კიდევ ერთი გზავნილი ამ ვიზიტის შიდა მოხმარებაზე იყო გათვლილი. ამ სტუმრობით ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ჯერ შინაურ დემოკრატებს, ხოლო შემდგომ კონკურენტ რესპუბლიკელებს მიანიშნა, რომ მოქმედი პრეზიდენტი მართალია ასაკშია, მაგრამ ჯერ კიდევ შეუძლია პრინციპული და თამამი ნაბიჯების გადადგმა, ასევე მზად არის, რომ მეორე ვადით პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და გამარჯვების დიდი შანსები აქვს.

და ბოლოს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი ომში მყოფ ქვეყანაში ასევე გარკვეული სიგნალია ჩინეთისთვისაც და დანარჩენი მსოფლიოსთვისაც იმ მინიშნებით, რომ ამერიკა თავის მოკავშირეებს რთულ პერიოდში მარტო არ ტოვებს და თუ მსგავსი დამოკიდებულება აქვს უკრაინის მიმართ, იგივე მხარდაჭერის იმედი ტაივანსა და სხვა ქვეყნებსაც უნდა ჰქონდეთ.

ობამას ადმინისტრაციის გადატვირთვის პოლიტიკისა და ტრამპის ადმინისტრაციის ნეიტრალური პოზიციის შემდეგ, აშშ „მსოფლიო პოლიციელის“ სტატუსს იბრუნებს.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული