ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

კობა ხაბაზი: “ენმ-ის რეორგანიზაციის პროექტი”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, უკრაინაში მებრძოლი კობა ხაბაზი, სოციალურ ქსელში ვრცელ პოზიცია-შეფასებებსა და კონკრეტულ განმარტებებს აქვეყნებს პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მომავლის ხედვასთან დაკავშირებით:

ენმ-ის რეორგანიზაციის პროექტი

როცა მიზანი მიუღწეველი გგონია, მიზანი კი არა, მიზნისკენ მიმავალი გზა უნდა შეცვალო” – კონფუცი

კონფუცის სიტყვები სპეციალურად წავუმძღვარე ჩემს მოსაზრებებს პარტიის რეორგანიზაციის საკითხებთან დაკავშირებით. თავიდანვე მინდა აღვნიშნო: არასდროს მქონია ილუზია, რომ ეს რეორგანიზაციის ერთადერთი და ყველაზე სწორი გზაა, მაგრამ სანამ უკეთესს არ შემომთავაზებენ, მივიჩნევ, რომ ამ გზით უნდა წავიდეთ.

პარტიაში დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან თუ რა ამაზრზენი ფორმა მიიღო კამათმა, დარწმუნებული ვარ რეორგანიზაციის სქემას ბევრი არც კი წაიკითხავს, ისე დაიწყებს ხელის გაშვერას სხვისკენ და ლანძღვას, ამიტომ თავიდანვე მინდა ავღნიშნო:

1. პარტიის სტრუქტურიზების ეს გეგმა 2013 წლიდან მაქვს, პერიოდულად ვცდილობდი მისი ნაწილობრივ განხორციელებისთვის მაინც მიმეღწია, მაგრამ შედეგი ვერ მივიღე. პარტიის რეორგანიზაციის ეს გეგმა უნდა განხორციელდეს ერთიანად, რევოლუციურად.

2. ამ პოსტის მიზანი არ არის რომელიმე კანდიდატის გაშავება ან მხარდაჭერა, გთხოვთ ნუ დაიწყებთ სხვის ლანძღვას და სხვაზე გადაბრალებას, პარტიის რეორგანიზაცია რომ ვერ/არ განხორციელდა, ეს ჩემი და პარტიის თითოეული პოლიტიკური ლიდერის ბრალია, კიდევ ერთხელ გთხოვ კონკრეტულ სქემაზე ვკონცენტრირდეთ და მიმითითოთ რა არ მოგწონთ და რას არ ეთანხმებით.

3. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას პარტიის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით, ახლო მომავალში გაგაცნობთ.

4. მესმის რომ ბევრი საკითხი დღევანდელ ვითარებაში შეიძლება არარელევანტურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ ასეთმა მიდგომამ “ახლა მაგის დრო არ არის” მიგვიყვანა ამ რეალობამდე.

5. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს, მომდევნო პოსტში გაგაცნობთ თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით. ეს სქემა ჯერ კიდევ მაშინ დავამუშავე, როცა მიშამ მის გასათავისუფლებლად ზეპარტიული გაერთიანების შექმნისკენ მოგვიწოდა.

შესავალი

ფაქტია რომ პარტია თავისი სტრუქტურით, გაუმჭვირვალე ანგარიშვალდებულებების მექანიზმით, პარტიის საქმიანობაში წევრთა ჩართულობის ხარისხით და დემოკრატიული ინსტიტუტებით ვერ პასუხობს თანამედროვე, მაღალი დემოკრატიის სტანდარტის, ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეპოქის მოთხოვნებს.

არსებული ოლიგარქიულ-კოლაბორაციონისტულ-ჩრდილოვან-ტოტალიტარული რეჟიმის შეცვლა კოორდინატორების და უბნის თავმჯდომარეების სტრუქტურით შეუძლებელია, ასეთი სტრუქტურა მხოლოდ ისეთი ლოზუნგების შესაძლებლობას იძლევა როგორიცაა: “არჩევნებში ბეჭებზე დავდებთ”, “არ გაბედოთ გაყალბება, ხელებს მოგამტვრევთ”, საბოლოოდ კი ყოველ არჩევნებზე მორიგი 4 წლით ვუხანგრძლივებთ ივანიშვილის რეჟიმის არსებობას.

პარტიის რეორგანიზაცია უნდა გაიშალოს 5 მიმართულებით

1. არჩევითობა, (პრაიმერები) გადაწყვეტილებების მიღებაში პარტიის წევრების ჩართულობა.

2. პარტიის ფინანსების ხარჯვის ოპტიმიზაცია, პროგრამული დაფინანსება.

3. წინააღმდეგობის მოძრაობის ბირთვის ორგანიზება.

4. პირველადი რგოლების, რაიონული ორგანიზაციების სტრუქტურიზება.

5. პოლიტიკური საბჭოს რეორგანიზაცია.

თითოეულ ამ პუნქტს მოკლე წანამძღვარს გავუკეთებ თუ რატომ უნდა განხორციელდეს და რა მიზანს ისახავს ეს ცვლილება.

არჩევითობა, პრაიმერები, გადაწყვეტილებების მიღებაში პარტიის წევრების ჩართულობა
დავიწყოთ იმით, რომ ვერცერთ დონის – რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელობის, პოლიტსაბჭოს შემადგენლობის, ადგილობრივი თვითმართველობის საარჩევნო სიების, პარლამენტის საარჩევნო სიების არჩევისა და შედგენის წესი არ აკმაყოფილებს დემოკრატიულობის თანამედროვე სტანდარტს. ანალოგიური სიტუაციაა გადაწყვეტილებების მიღების საკითხშიც. Პარტიის წევრები არ არიან ჩართული გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც საბოლოო შედეგად იწვევს გაუცხოებას, ეჭვებს და უკმაყოფილებას. გარდა ამისა არა არჩევითობა და პრაიმერების უქონლობა პარტიის წევრების პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობებზე და საარჩევნო სიებში მოსახვედრად მხოლოდ ზემდგომთა კეთილი ნების შანსს უტოვებს, რაც საბოლოოდ პირფერობის, ლაქუცისა და ზემდგომის კალთაზე მიტმასვნის მავნე პრაქტიკას ამკვიდრებს. სამწუხაროდ პარტიის წევრთა ნაწილს არჩევნები და პრაიმერი მაშინ ახსენდებათ, როცა სიებში, ან სასურველ თანამდებობაზე, ეგრეთწოდებული “ჩალიჩის” გზით ვერ მოხვდებიან, არადა დემოკრატიული ღირებულებების ფასი სწორედ იმაშია, რომ დაიცვა ღირებულებები ყოველთვის და არა მხოლოდ მაშინ, როცა შენ გაწყობს.

თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები და სოციალური ქსელები ამ პრობლემის გადაწყვეტის ეფექტურ გზას იძლევა.

ფოტო №1

ამ მიზნით აუცილებელია:

1. უნდა მოხდეს პარტიის წევრთა და მხარდამჭერთა ბაზის სრულყოფა.

2. უნდა შეიქმნას სპეციალური აპლიკაცია “ენმ” (იხ. ფოტო №1) რომელიც დაკავშირებული იქნება პარტიის ყველა წევრის და მხარდამჭერის მონაცემების ბაზასთან. პარტიის ყველა წევრის მობილურში უნდა დაყენდეს ზემო აღნიშნული აპლიკაცია. აპლიკაციის ჩატვირთვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს. მხოლოდ მათ და პარტიის მიერ სპეციალურად მომზადებულ ჯგუფს ექნებათ დაშვება აპლიკაციის მობილურებში ჩატვირთვაზე. თუ პირი არ არის მონაცემთა ბაზაში, მის მობილურში აპლიკაცია ვერ გააქტიურდება.

პროგრამას ექნება რამდენიმე დაშვების ნორმა:
1. რაიონული ორგანიზაციის წევრის,
2. პოლიტსაბჭოს წევრის,
3. პარტიის წევრის.

აპლიკაციას ექნება ორი ინდიკატორი.

ზემო ინდიკატორი (ციფრი 1) ნიშნავს, პარტიაში მიმდინარე პროცესების შესახებ ერთი საინფორმაციო მასალაა განთავსებული. ამ მასალის გაცნობა შეგეძლებათ ამ პროგრამის მეორე დონეზე გადასვლით.

აპლიკაციის ეს შესაძლებლობა შეიძლება გამოყენებული იქნეს კანდიდატების პროგრამების და შეხედულებების გამოსაქვეყნებლად, გამოკითხვაში პოზიციათა დასაფიქსირებლად და ასე შემდეგ.
ქვემო ინდიკატორი (ციფრი 3) გვიჩვენებს რამდენი კენჭსაყრელი საკითხია პარტიაში.

მაგალითად თუ ქვედა ინდიკატორზე ანთია ციფრი 3, ეს ნიშნავს, რომ პროგრამაში 3 კენჭსაყრელი საკითხია:

ა) ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის,

ბ) საქართველოს პარლამენტის საარჩევნო სიებში კანდიდატების არჩევნების,

გ) პარტიის შიდა გამოკითხვა რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან ბლოკის შექმნის თაობაზე.

მოცემულ შემთხვევაში ციფრი 3 გამოჩნდება მხოლოდ ოზურგეთის პარტიის წევრების მობილურებში და მათ ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ სამივე საკითხის კენჭისყრაში, ხოლო საქართველოს სხვა რაიონებში მობილურებზე ქვედა ინდიკატორად აინთება ციფრი “2”, რაც ნიშნავს რომ მათ ექნებათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა მხოლო “ენმ”ს საარჩევნო სიების ფორმირებაში და შიდა გამოკითხვაში.

თითოეულ რაიონში, სადაც კენჭისყრა ტარდება, პარტიის იმ წევრებისთვის, რომლებსაც არ ექნებათ მობილურით ხმის მიცემის საშუალება, სპეციალური საარჩევნო ყუთი უნდა დაიდგას.
საარჩევნო ყუთზე ზედამხედველობის ხმის დათვლის, არჩევნების, შიდა გამოკითხვების და გადაწყვეტილებების პარტიულ პლებისციტზე გატანის რიგს და წესს განსაზღვრავს პოლიტსაბჭო.
ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს:

1. პარტიის ყველა წევრის უფლებას აირჩიონ და არჩეულ იქნენ სხვადასხვა თანამდებობებზე და გახდნენ როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარი კანდიდატები.

2. პარტიის ყველა წევრს ექნება ჩართულობის და პარტიულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის განცდა.

3. დემოკრატიულობის ხარისხით გავხდებით უპრეცენდენტო პარტია.
პარტიის ფინანსები და პროგრამული დაფინანსება.

პარტიის ყოველთვიური დაფინანსება სწორი მიდგომების შემთხვევაში შესაძლებელია 180 000 ლარიდან 250 000-300 000 ლარამდე გაიზარდოს. (ფანდრაიზინგის გაუმჯობესება, საწევროს შემოღება და ასე შემდეგ).

სამწუხაროდ დღეს პარტიის ფინანსების 100%-ს მოიხმარს პარტიის ცენტრალური ოფისი, (რაშიც პარტიის დავალიანების გასტუმრებაც იგულისმება), ფაქტობრივად რაიონული რგანიზაციების დაფინანსება (გეგმიური) ნულის ტოლია. Ნებისმიერი დაფინანსების მოსაპოვებლად თხოვნა ხვეწნა და მუდარა არის აუცილებელი, რაც ჩემი აზრით მანკიერი და მიუღებელი უნდა იყოს.

Პარტიის ფინანსები უნდა იხარჯებოდეს მკაცრად გაწერილი და პოლიტსაბჭოს მიერ კვარტალურად დამტკიცებული გეგმის მიხედვით.

გთავაზობთ პარტიული ფინანსების განკარგვის წესს:

1. 40% პარტიის ცენტრალური ოფისი (კომუნალური, სახელფასო, პროგრამული ხარჯები).

2. 30% – რაიონული ორგანიზაციების დაფინანსება.

3. 20% – პარტიასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო და იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი პროგრამების დაფინანსება.

4. 10% სარეზერვო ფონდი.

პირველი მუხლის (პარტიის ცენტრალური ოფისის ხარჯები) განსახორციელებლად აუცილებელია ხელფასიანი თანამშრომლების მინიმუმამდე დაყვანა. (დაცვა, სამეურნეო, ბუღალტერია). სხვა მომსახურეობა უნდა გადავიდნენ პროგრამულ დაფინანსებაზე. პროგრამული დაფინანსების ლიმიტს განსაზღვრავს პოლიტიკური საბჭო. სამსახურები პროგრამების განხორციელებაზე ანგარიშვალდებული არინ პარტიის თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს წინაშე. პროგრამის წარდგენის უფლება აქვს როგორც კერძო პირს, ასევე იურიდიულ პირებს. პროგრამა უნდა მოიცავდეს 1 წლიან სამუშაო გეგმას, ხარჯთაღრიცხვას. პროგრამას ამტკიცებს პოლიტიკური საბჭო ყოველი წლის პირველ სხდომაზე.

მეორე პუნქტის მიხედვით რაიონული ორგანიზაციებისთვის უნდა დაიხარჯოს პარტიის ფინანსების 30%.

ფოტო №2

აღნიშნული პროცენტი უნდა განაწილდეს 3 ნაწილად (იხ. ფოტო №2).

პირველი ნაწილი გამოყოფილი თანხის 50% არის რაიონული ორგანიზაციების მინიმალური დაფინანსება.

მეორე ნაწილი, გამოყოფილი თანხის 35%, არის რაიონული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ღონისძიებების დაფინანსება.

მესამე ნაწილი, გამოყოფილი თანხის 15%, არის პარტიის ახალი წევრების მიზიდვის მიზნით რაიონული ორგანიზაციების წახალისება.

აღნიშნულ ფორმულაში
M- რაიონული ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხის ჯამური ოდენობა.
n- არის რაიონული ორგანიზაციების რაოდენობა.
X- არის რაიონული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობა.
Y- არის რაიონული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ღონისძიებების ჯამური რაოდენობა.
K-არის რაიონულ ორგანიზაციაში ახალი წევრების რაოდენობა.
Z- არის პარტიაში მიღებული ახალი წევრების ჯამური რაოდენობა.

მესამე ნაწილი (პარტიის ფინანსები) 20% უნდა მოხმარდეს პარტიის მიერ სოციალურად აქტიური ადამიანების, არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამულ დაფინანსებას.

ამ მიზნით პოლიტიკურმა საბჭომ უნდა შექმნას პროგრამების მართვის და პროგრამების მონიტორინგის ჯგუფები. პროგრამების მართვის ჯგუფი შეიმუშავებს სპეციალურ განაცხადს. განაცხადის შევსება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ან არასამთავრობო ორგანიზაციას. განაცხადში უნდა მიეთითოს პროექტის არსი, დაფინანსების ოდენობა, პროექტში ჩართული ადამიანების რაოდენობა, პროექტის მიზანი და განხორციელების ვადები.

პროექტების მართვის ჯგუფი ყოველი თვის პირველ სხდომაზე, პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად
წარუდგენს შემოსულ პროექტებს. დაფინანსებული პროექტების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ამ მიზნით გამოყოფილ თანხას.

მონიტორინგის ჯგუფი ახორციელებს პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგს.

მეოთხე ნაწილი, დაფინანსების 10%, არის სარეზერვო ფონდი.

სარეზერვო ფონდს განკარგავს პარტიის თავმჯდომარე და ანგარიშს აბარებს პოლიტიკურ საბჭოს.
აღნიშნული სქემით პარტიის ფინანსების განკარგვა გამოიწვევს:

1. პარტიული სამსახურების ორგანიზებულობის ზრდას.

2. პოლიტსაბჭოს ქმედითი ფუნქიურობის გაფართოებას.

3. რაიონული ორგანიზაციების გააქტიურებას.

4. პარტიაში ახალი წევრების მიზიდვას.

5. მჭიდრო კავშირის დამყარებას საზოგადოებრივად აქტიურ, კრეატიულ ადამიანებთან და არასამთავრობო სექტორთან.

6. სოციალურად აქტიური ადამიანების გამოკვეთას და სწორი მუშაობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მათი პარტიულ საქმიანობაში ჩართვა.

7. შეიძლება მიზერული მაგრამ მაინც გარკვეული რეზერვების შექმნას, რომელიც მოხმარდება ოპერატიულ სწრაფ გადაწყვეტილებებს.

ბიზნეს სექტორი დარწმუნდება რა, რომ პარტია არსებულ თანხებს გონივრულად ხარჯავს, შეეცდება ჩაერთოს პარტიის დაფინანსებაში და არა იმ ფორმით, როგორც პრაქტიკულად დღეს არის და რომელსაც უფრო “ვაჭრობის” ელფერი აქვს ვიდრე ფანდრაიზინგის.

რაიონული ორგანიზაციები(პირველადი რგოლები)
პირველ რიგში პოლიტიკურმა საბჭომ უნდა განსაზღვროს რაიონული ორგანიზაციის სტანდარტი.
მიმაჩნია, რომ რაიონული ორგანიზაციის სტატუსი უნდა მიენიჭოს ისეთ ორგანიზაციას, რომელშიც შესაბამისი რაიონის უბნებიდან 60%-ში მაინც ყავს მინიმუმ 1 წარმომადგენელი.
რაიონები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტს, უნდა მიენიჭოთ პირველადი ორგანიზაციიდ სტატუსი და ეს პირველადი ორგანიზაციები პარტიის მიერ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს აყვანილი, პარტიის ლიდერების რეგულარული ჩართულობით უნდა მოხერხდეს ამ პრობლემის აღმოფხვრა.

ენმ- ის იმ წევრებისგან, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები და ცხოვრობენ საზღვარგარეთ, უნდა შეიქმნას პირველადი ორგანიზაციები ქვეყნების მიხედვით. (წევრთა რაოდენობა განისაზღვრება პოლიტიკური საბჭოს მიერ).

რაიონულ ორგანიზაციებში უნდა შეიქმნას რაიონული საბჭოები. საბჭოს შემადგენლობა უნდა განისაზღვროს პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარით, აღმასრულებელი მდივნით საორგანიზაციო მდივნით და ადგილობრივ საკრებულოებში პარტიის მაჟორიტარი და პროპორციული წესით არჩეული დეპუტატებით.

პარტიის თითოეული წევრი უნდა იყოს რომელიმე რაიონული ორგანიზაციის (პირველადი) წევრი.

პარტიის წევრები ინდივიდუალურად ირჩევენ თუ რომელ ორგანიზაციაში სურთ გაწევრიანება გამომდინარე მათი ინტერესებიდან, ხელმისაწვდომობიდან, ჩართულობის ხარისხის უზრუნველყოფიდან.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს და პარტიის მიერ საქართველოს პარლამენტში გაყვანილი წევრები უნდა აქტიურად ჩაებნენ იმ რაიონული პირველადი ორგანიზაციების საქმიანობაში, რომელშიც ისინი გაწევრიანდებიან, მათ Უნდა შეიმუშავონ პარტიის წევრებთან რეგულარული (კვირაში ორჯერ მაინც) შეხვედრების გრაფიკი. Გრაფიკი უნდა იყოს საჯარო და პარტიის თითოეული წევრისთვის ხელმისაწვდომი.

პოლიტსაბჭოს და პარლამენტის წევრები უნდა დაეხმარონ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში.

მიმაჩნია, აღნიშნული ცვლილება მკვეთრად გაზრდის რაიონული ორგანიზაციების აქტივობას, გაიზრდება პარტიის წევრების ინფორმირებულობა პარტიის მიზნებისა და ამოცანების შესახებ, დაიძლევა დისტანცირების პრობლემა, რომელიც რეალურად არსებობს პარტიის წევრებსა და პარტიის ლიდერშიპს შორის.

პოლიტსაბჭოს რეორგანიზაციას სანამ შევეხები, მინდა ავღნიშნო რომ პრობლემა პოლიტსაბჭოს მრავალრიცხოვნობაში კი არ არის, არამედ ორგანიზების, ფუნქციების და უფლებამოვალეობების არასწორ განაწილებაში.

პოლიტსაბჭოს არაქმედუნარიანობა ფაქტია, მაგრამ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ: პოლიტსაბჭოში 100 კაცი იქნება თუ 10, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თუ არ იქნება მკვეთრად გაწერილი უფლებები და მოვალეობები, თუ არ ჩატარდება სხდომები და ასე შემდეგ.

სწორედ ამიტომ:

1. უნდა განისაზღვროს პოლიტსაბჭოს სხდომის გეგმიური ჩატარების თარიღი, მაგალითად ყოველი თვის პირველი შაბათი.

2. უნდა დადგინდეს, რომ პოლიტსაბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს პარტიის რომელიმე სამსახურის ხელფასიანი წევრი, ეს თავისი არსით შეუთავსებელი მგონია, ამიტომ თითოეულ ასეთ წევრს უნდა მიეცეს უფლება აირჩიოს ან ერთი, ან მეორე.

პოლიტსაბჭოს ორ დამატებით რგოლზე – პროგრამების მართვის და პროგრამების მონიტორინგის ჯგუფებზე უკვე ვისაუბრე და აღარ დავკონკრეტდები, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების რაიონულ ორგანიზაციებში ჩართულობაზე.

პოლიტიკური საბჭო კვარტალურად უნდა ისმენდეს სამსახურების ანგარიშს გაწეული სამუშაოების შესახებ, ასევე უნდა იხილავდეს პროგრამების ფარგლებში წარმოდგენილ პროექტებს და მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშს.

პოლიტიკური საბჭო კვარტალში ერთხელ (6 თვეში ერთხელ) უნდა ისმენდეს პარტიის დავმჯდომარის ანგარიშს.

პოლიტსაბჭოს ბევრი სხვა ფუნქცია გაწერილია პარტიის წესდებაში, მიმაჩნია რომ ამ მიმართულებით საჭიროა ფუნქციების რეალიზება.

წინააღმდეგობის მოძრაობის ჯგუფები (ხუთეულები)
დავიწყებ იმით რომ ეს არის ის რაც დიდი ხნის წინ უნდა გაგვეკეთებინა. ეს ჯგუფები (ხუთეულები) უნდა გამხდარიყო ის ძალა, რომელიც არ მისცემდა ივანიშვილის რეჟიმს უფლებას ამ მდგომარეობამდე მიეყვანა საქართველო.

ომის დროს ჯარისკაცები უნდა დააფასო, ეს აქსიომაა.

წინააღმდეგობის მოძრაობის თითოეული წევრი უნდა გრძნობდეს პარტიის ლიდერშიპიდან ყურადღებას და თანადგომას, უნდა წავახალისოთ მათი აქტიურობა, დავუთმოთ ტრიბუნა, ჩავრთოთ საინფორმაციო საშუალებების დებატებში, ჩავრთოთ ტრენინგებში, მივცეთ საშუალება, უფრო მეტიც, ხელი შევუწყოთ, რომ როგორც პარტიულ თანამდებობებზე, ასევე სხვადასხვა დონის საარჩევნო სიებში მოხვდნენ და ნუ შეგვეშინდება შეცდომების, ისინი ერთგულები არიან, შეცდომა გამოსწორებადია, ღალატი არა!

წინააღმდეგობის მოძრაობის წევრების წახალისება უნდა გახდეს სტიმული ყველასთვის, რომ შეუპოვრობა და უკომპრომისობა პარტიაში ფასდება, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად გაღრმავდება ის რეალობა რაც დღეს გვაქვს, როცა უმრავლესობა ფიქრობს, რომ პარტიაში მხოლოდ ტრიბუნასთან მდგომი ორატორია დაფასებული და არა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტები.
ბრძოლა ფასდება!

ეს უნდა იყოს წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებთან ჩვენი ურთიერთობის ლაიტმოტივი.

ენმ გაყალბების მიუხედავად, ყველა არჩევნებზე სულ მცირე ნახევარ მილიონ ხმას იღებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მიუხედავად რეპრესიებისა, პატიმრობებისა, სამსახურიდან დათხოვნისა, დაკითხვებზე ტარებისა, სულ მცირე ნახევარი მილიონი ადამიანი გვიჭერს მხარს და თუ ამ ნახევარ მილიონში ვერ ვახერხებთ მისი 4%-ის ანუ 2000 კაციანი წინააღმდეგობის მოძრაობის ბირთვის ორგანიზებას, გარეშე ფაქტორებს ნუ დავაბრალებთ, ვაღიაროთ რომ ჩვენი ბრალია.

დარწმუნებული ვარ თითოეულ რაიონში მოიძებნება საშუალოდ 25-30 ისეთი ჩვენი მხარდამჭერი (ზოგ რაიონში ბევრად მეტი, ზოგ რაიონში ნაკლები) რომელიც მზად არის ხანგრძლივი წინააღმდეგობის განსახორციელებლად. სწორედ ეს მხარდამჭერები უნდა მოვიძიოთ, დავაორგანიზოთ და დავაფასოთ. თუ ამას შევძლებთ 70 რაიონში დავაორგანიზებთ ასეთ ხუთეულებს, გამოვა 2000 მხარდამჭერისგან შექმნილი მძლავრი წინააღმდეგობის მოძრაობის ბირთვი.

სწორედ ასეთი ადამიანების გამოვლენა უნდა იყოს ჩვენი მიზანი.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ რომ არცერთ შემთხვევაში ეს ხუთეულები “დავალებით” არ უნდა შეიქმნას.

არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობის ფორმირება უნდა განხორციელდეს შემდეგი თანმიმდევრობით:

1. პარტიის თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს უნდა წარუდგინოს არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელის კანდიდატურა და შტაბის მუშაობის რეგლამენტი დასამტკიცებლად.

2. შტაბმა რეგლამენტის შესაბამისად უნდა შეიმუშაოს შტაბის სტრუქტურა და სამუშაო გეგმა.

3. შტაბმა რეგიონალურ სამსახურთან ერთად უნდა შეიმუშაოს თითოეულ რაიონში არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობის ხუთეულების ხელმძღვანელებთან შეხვედრის გეგმა.

4. შტაბმა უნდა დააორგანიზოს შეხვედრები იმ არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელებთან, რომლებიც გამოთქვამენ მზადყოფნას ჩაერთონ არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობის ფორმირებაში.

5. შტაბი უნდა დაუკავშირდეს და შექმნას ხუთეულები საზღვარგარეთ მცხოვრები ყველა იმ ემიგრანტის ჩართულობით, რომლებიც გამოთქვამენ საქართველოში ჩამოსვლის და არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართვის სურვილს.

6. შტაბმა უნდა ჩაატაროს ტრენინგები არაძალადობრივი მოძრაობის არსზე, მის შინაარსზე, ფორმებსა და მეთოდებზე.

7.შტაბმა უნდა უზრუნველჰყოს წინააღმდეგობის მოძრაობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფორმირება.

P.S. მეგობარო, შენ თუ ამ სიტყვებს კითხულობ, ესე იგი ნამდვილად გაეცანი პოსტის შინაარსს, რისთვისაც მადლობას გიხდი და აქვე კიდევ ერთხელ გთხოვ მომაწოდო შენიშვნები ან მოსაზრებები და რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გთხოვთ ყველას, ნუ გააჩაღებთ ამ პოსტის კომენტარებში ერთმანეთის ლანძღვას, ჩემთვის აქსიომაა, რომ ილანძღება, აგრესიას და ზიზღს აფრქვევს ის, ვინც გამარჯვებაზე კი არ ფიქრობს, არამედ მოწინააღმდეგის დამარცხებაზე და ვთვლი, რომ სწორედ ასეთმა საარჩევნო კამპანიამ მიგვიყვანა შემზარავი ტალახის სროლის რეალობამდე.

მე უკრაინაში ვარ, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულ თანამებრძოლებთან ერთად და ვიცი რას ფიქრობენ ისინი, როგორ არ მოწონთ და როგორ განიცდიან რაც საქართველოში, მთავარ ოპოზიციურ ძალაში ხდება,” – აღნიშნავს კობა ხაბაზი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული