გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელთა პალატაში ,,მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შესახებ დღეს იწყება მსჯელობა, თუ რა ბერკეტები არსებობს მის დასახმარებლად. მსჯელობას ესწრება ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი, რომელიც აღნიშნულ ვიზიტსა და მოლოდინებზე შესაბამის განმარტებებს აკეთებს:
,,ძალიან რთულია ჩემი ამ ვიზიტის შესახებ საუბარი, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ამდენი ბავშვი ემსხვერპლა ამ ომს და რუსულ აგრესიას. თუმცა ვიტყვი, რომ ვიზიტებმა ძალიან პოზიტიურად ჩაიარა.
საინტერესო შეხვედრები იყო უფლებამცველ ორგანიზაციებთან. რაც მთავარია ჩვენ ბრძოლაში ვართ ყველანი ერთად, ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს არ არის მხოლოდ ნიკას და ჩემი ბრძოლა – ეს არის ბრძოლა მსოფლიო მონსტრის, რუსეთის წინააღმდეგ, რომელშიც მთელი ცივილური სამყაროა გაერთიანებული და ეს მაძლევს სწორედ გამარჯვების იმედს.
ვიტყვი, რომ ეს ბრძოლა არ დაწყებულა, ნამდვილად ნიკას დაჭერის დღიდან, ეს ბრძოლა ბევრად უფრო ადრე დაიწყო, როდესაც ოლიგარქია ქველმოქმედების სახით მოგვახვიეს თავს, მაგრამ გამარჯვების იმედი მაქვს!
ეს იმედი სწორედ არის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და ის, რაც მაძლევს საშუალებას არ ვიფიქრო იმ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ზიანზე, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემ ოჯახს, შვილებს მიაყენა რუსულმა აგრესიამ“, – განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე