კვირა, აპრილი 21, 2024

დავით ნებიერიძე: “დიდი ალბათობით ბიძინა ვაჭრობს მიშას თავისუფლებით”

სამოქალაქო აქტივისტი, ეკონომიკის ექსპერტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს:

მიშას სასამართლო კვლავ გადაიდო. რაც ნიშნავს, რომ პროცესები მიზანმიმართულად იწელება.

შევეცადოთ პრაგმატულად გავაანალიზოთ სავარაუდო მიზეზები:

დიდი ალბათობით ბიძინა ვაჭრობს მიშას თავისუფლებით. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი შეუშლიდა ხელს უარით დაესრულებინა სასამართლო პროცესები.

ამ ვაჭრობაში მისი სუსტი წერტილი, სხვა მიზეზებთან ერთად, არის სალომე ზურაბიშვილი. რომელსაც შეუძლია შეიწყალოს სააკაშვილი და ბიძინას ყველა კარტი აურიოს. ალბათ ზუსტად ამითაა გამოწვეული ივანიშვილის გაკაპასებული, ისტერიული დამოკიდებულება სალომეს მიმართ, რაც მის წინააღმდეგ დაორგანიზირებულ აქციაშიც კი გამოიხატა. უტრირებულად რომ ვთქვათ სალომე ივანიშვილისთვის კონკურენტად გადაიქცა. იმიტომ, რომ სალომეც ვაჭრობს, როგორც ივანიშვილთან, ასევე სააკაშვილის განთავისუფლების მომხრე ძალებთან. თუმცა, ბიძინას გაცილებით მაღალი ფსონები აქვს დადებული ამ თამაშში, ვიდრე სალომეს ინტერესებია.

იგივე თამაშის მნიშვნელოვანი ნაწილია ივანიშვილის მილიონები, რომელიც გაყინულია შვეიცარიის ბანკში და ის არაფორმალური სანქციები, რომლებიც უკვე მოქმედებს მის წინააღმდეგ.

ცალკე და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ პერიპეტიებში არის პუტინი და მისი პროპაგანდისტული ინტერესები სააკაშვილთან მიმართებაში. შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ კრემლში გამართულ დაჯილდოვებაზე მარგარიტა სიმონიანს სპეციალურად გადაახდევინეს მადლობა პუტინისთვის, მასზედ რომ მან დასაჯა მიხეილ სააკაშვილი და პატიმრობაში ჰყავს.

იმდენად მრავალრიცხოვანია ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს სააკაშვილის ბედის განსაზღვრაზე, რომ დიდი შეცდომა იქნება, რომელიმე კონკრეტულ ფაქტორზე ძირითადი აქცენტების გაკეთება. კომპლექსური მიდგომა ყველაზე სწორი გზაა და ყველა ფრონტზეა საბრძოლველი. ძალიან დიდი “თამაშია”, ძალიან მაღალი ფსონებით და ჩვენი მხრიდან ყველაზე მაღალი ფსონი თავად მიშას სიცოცხლეა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქართული სახელმწიფოს მომავალთან.

ბოლოს დავამატებ, რომ ამ მრავალკომპონენტიანი ბრძოლის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი არ არის ტრანსპარენტული. შესაბამისად, მოქალაქეებისთვის ეს პროცესები აისბერგივითაა. ხალხი ამ აისბერგის მხოლოდ პატარა წვერს ხედავს. მნიშვნელოვანწილად ზუსტად ამითაა გამოწვეული მიშას გულშემატკივრების გულახდილი უკმაყოფილება“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე დავით ნებიერიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული