პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პოზიციას ეხმაურება პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე:
“უხერხულია ღარიბაშვილის და “ქართული ოცნების” მხრიდან კანდიდატის სტატუსზე საუბარი, როდესაც ნამდვილად ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ აქვს “ქართული ოცნების” “დამსახურებით”.
უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, საქართველოს არ აქვს სტატუსი და არის პერსპექტივის მოლოდინში.
იცით, რომ ამისთვის 12-პუნქტიანი გეგმა მოგვცეს შესასრულებლად, რომელიც წელს “ქართულმა ოცნება” ჩააგდო. ვნახოთ რა იქნება მომავალ წელს, თუმცა არ მაქვს მოლოდინი, ამ ხელისუფლების პირობებში, რომ ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს,” – აცადებს პაატა მანჯგალაძე.
ინფორმაციისთვის: ყოველწლიურ ანგარიშში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით გააკეთა განმარტებები:
“მინდა შევეხო წლის მთავარ მოვლენას, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც მანამდე იყო ძალიან რთული წარმოსადგენი. ამ ომმა დააჩქარა პროცესები. ჩვენ ეს კარგად გვესმის. ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა, გვესმის, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ. ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ მიენიჭა სტატუსი. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ ამ სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება და ის წარმატებული რეფორმები, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავატარეთ. 12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით იქნა შესრულებული პარლამენტისა და მთავრობის მიერ და ჩვენი ყველას ჩართულობით, და ჩვენ ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ირაკილ ღარიბაშვილმა.