გიორგი გახარიას მიერ ,,პასუხისმგებლობის პერსონალიზირების” საკითხთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებას, რა დროსაც პრეტენზიებს გამოხატავდა მმართველი პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ, კონკრეტული ფაქტების შეხსენებით გამოეხმაურა ჟურნალისტი ვახო სანაია:
“საინტერესო გამოსვლა ჰქონდა გიორგი გახარიას.
პასუხისმგებლობა და სასჯელიც პერსონალური იქნება და ვერავინ გაექცევაო – ბიძინას მიმართავდა.
საკუთარ თავზეც ვამბობო.
უკრაინის ომის ფონზე ბიძინა თავისი მარიონეტებით საქართველოს შანსს აკარგვინებსო.
ერთი სიტყვით, ყველაფერი მართალი თქვა.
,,პასუხისმგებლობის პერსონალიზირების” (გახარიას სიტყვათშეთანხმებაა) ნაწილში ჩამოვთვლი რამდენიმე საკითხს:
1. ია კერზაიას საქმე. გახარიას კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ამბავი. ამ საქმეში ისეთი ,,პერსონალიზირებული პასუხისმგებლობა” იკვეთება, გახარიას ყოველთვის წინ დახვდება. აქ მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა ,,პერსონალიზირებულიც” იყოს და სისტემურადაც შეფასდეს.
ასე რომ, ქალბატონი ია კერზაიას საქმე ისევ ელოდება სამართალს. მოვა დრო, ეს საქმე თავის სიტყვას იტყვის, სისტემის დანგრევაში თავის წვლილს შეიტანს და პასუხისმგებელი ხალხი სასჯელსაც მიიღებს;
2. გავრილოვის ღამე: აქაც მსგავსი ვითარებაა – პასუხისმგებლობა ,,პერსონალიზირებულია”, მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ სათქმელი დარჩა გახარიას. ამ ეტაპზე მხოლოდ საკუთარ თავზე აქვს აღიარებითი ჩვენება საჯაროდ მიცემული – ადრინდელ ვიდეოსაც დავდებ ჩემი გადაცემიდან, მაგრამ საინტერესოა, 20 ივნისზე ივანიშვილს როდემდე გადაეფარება?!
3. ანაკლიის პროექტი – ეს საქმე გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს ჩაიშალა. აქაც მისი პასუხისმგებლობა ,,პერსონალიზირებულია”, მაგრამ მოსაყოლი დარჩა მთავარი ამბები ივანიშვილზე, როგორ დაიძირა ანაკლიის პორტი.
შემიძლია, კიდევ გავაგრძელო ჩამოთვლა…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.