საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა, სადაც იგი ემოციურ შეფასებას აკეთებს მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით და პროტესტს გამოთქვამს ამის გამო:
“დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს. ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა.
ამიტომ იძულებული ვარ მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას! რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეოლინკით მაინც ჩართვის.
ყოველგვარ დაცინვას და დამცირებასაც საზღვარი აქვს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიტუაცია შეაფასა შალვა ხაჭაპურიძემაც. მისი თქმით – “ის, რაც დღეს მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც სააკაშვილი არა თუ მოიყვანეს, არც კი ჩართეს – ეს არ გაუკეთებია სტალინს. პროტესტის ნიშნად სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა“.
P.S. ევროპარლამენტარების დაბეჯითებითი თხოვნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აღარ გამოაცხადებს.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე