ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“უმთავრესი საკითხი არის ჩვენი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი თავისუფლება” – კობა ნაყოფია

,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. პარტიის ცენტრალურ ოფისში წევრებმა არჩევნების თარიღსა და ფორმატზე იმსჯელეს. ასევე, თავმჯდომარეობის კანდიდატებმა პოლიტსაბჭოს თავიანთი ხედვები და გეგმები გააცნეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერებმა ჟურნალისტებთან მიმდინარე პროცესებზე შეფასებები გააკეთეს:

,,უმთავრესი საკითხი – ეს არის ჩვენი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი თავისუფლება. ამაზე ვიმსჯელეთ ბევრი, ვიმსჯელეთ სამოქმედო გეგმაზე – თუ როგორ ვხვდებით იმ სასამართლო პროცესებს, რომლებიც წინ აქვს მიხეილ სააკაშვილს. გვაქვს გარკვეული სტრატეგია, თუ როგორ ამ ყველაფერს. პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მალე იყოს თავისუფლებაზე.

რაც შეეხება არჩევნებს – კანდიდატების წარმომადგენლებმა შემოიტანეს 2 პროექტი – ერთი გულისხმობდა ელექტრონულ კენჭისყრას. საუბარი იყო facebook-ის პლატფორმაზე, მეორე იყო – blockchain – ის პლატფორმაზე. blockchain-ის სასარგებლოდ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ერთი ხმა იყო წინააღმდეგი, 69-მ მისცა ხმა. რაც შეეხება არჩევნების თარიღს – როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, სემოვედი წინადადებით, რომ არჩევნები ჩატარდეს 2023 წლის 28-29 იანვარს. სრული მხარდაჭერა იყო ამ საკითხზეც“, – განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ.

 

,,პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ერთსულოვნად და სრული მხარდამჭერით. ეს გადაწყვეტილებები ეფუძნება იმ პაკეტს, რომელიც იქნა წარმოდგენილი ნიკა მელიას გუნდის მიერ. მეორე პაკეტი საერთოდ არ იქნა წარმოდგენილი.

ის ადამიანები, რომლებიც მთელი ამ დღეების განმავლობაში საუბრობდნენ სრულიად სხვა რამეს, დღეს დაეთანხმნენ იმ მოსაზრებას, რომელიც იქნა ჩვენს მიერ წარმოდგენილი.

ახლა ჩვენ გვაქვს სრული შესაძლებლობა, რომ მშვიდ გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები ისე, რომ მაქსიმალურად იქნას გამოხატული ჩვენი ამომრჩევლის ნება“, – განაცხადა პოლიტსაბჭოს წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

 

,,მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას – მე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ვიყავი, ვხვდები აქტივისტებს, მთავარი თემა გახლავს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება, მათ შორის, მობილიზება, რომ პარტია იყოს ძლიერი. ჩემი საქმე არის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა და არა პარტიაში შიგნით განსხვავებები ვეძებო.

ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებიდან პარტია გამოვიდეს გაძლიერებული, სწრაფად მორჩეს ეს პროცესი.

ჩვენი აზრია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იყოს ძლიერი, უნდა ვიყოთ მოქმედებასა და მოძრაობაში.

რაშიც ძალიან კმაყოფილი ვარ, მე და ჩემმა მეგობრებმა თანაგუნდელებთან ერთად მივაღწიეთ, რომ დღეს პოლიტსაბჭოზე ყველა საკითხი იყო კონსესუსით მიღებული“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა.

 

,,მივიღეთ იმ საკითხებზე გადაწყვეტილება, რაც ამ ეტაპისთვის იყო შესაძლებელი. ეს გახლავთ შემდეგი: მხარემ, რომელმაც წარმოადგინა საკითხი წესთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები – ეს გახლდათ ნიკა მელიას მხარე და ეს იყო გიორგი ქართველიშვილი, რასაც ეყარა კენჭი. აბსოლუტური უმრავლესობით დაკმაყოფილდა – 69 ხმით.

მეორე – რიცხვთან და თარიღთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები. ეს საკითხი, ასევე ნიკა მელიას წარმომადგენელმა გიორგი ქართველიშვილმა დააყენა დღის წესრიგად. შემდეგ კობა ნაყოფიამ დაასახელა კონკრეტული თარიღი, რასაც ჰქონდა აბსოლუტური მხარდაჭერა.

მესამე – კობა ნაყოფიამ დააყენა საკითხი კომისიის თაობაზე, თუ როგორ უნდა იყოს დაკომპლექტებული კომისია იმისთვის, რომ შეძლონ პროცესების მართვა და პასუხისმგებლობის აღება არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ.

 

,,მე მოხარული ვარ, რომ პოლიტიკური საბჭოს წევრებმა, რომლებიც იყვნენ სხვა პოზიციაზე, შეიცვალეს დამოკიდებულება რიგ საკითხებთან დაკავშირებით.

ჩემი მხრიდან შეფასება დღევანდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომას აქვს მხოლოდ დადებითი.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს საბოლოო ვერდიქტის გამოტანის თარიღი არის მნიშვნელოვანი. იმ შემთხვევაში, თუ მთელი ქართული და საერთაშორისო საზოგადოება გაიგებს, რომ მოსამართლეს სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს მიხეილ სააკაშვილისთვის, მიუხედავად ექსპერტების მიერ დადებული უმძიმესი დასკვნებისა, ბუნებრივია, რეაქცია და რეაგირება იქნება ადეკვატური.

მე ვისურვებ, მათ შორის, ბევრი ,,ნაციონალურ მოძრაობის“ წევრში იყოს ის წადილი და სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტად აქტიურები გახდნენ“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული