“ქართული სოფლის მეურნეობა ძირგახვრეტილი სათლივითაა – მუდმივად ფული უნდა ასხა, თუ გინდა სავსე შეინარჩუნო” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

339
სააგენტო "პარალელი"

მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო
ილია ჭავჭავაძე

ჩემთვის როგორც ერთი რიგითი საქართველოს მოქალაქისთვის სოფლის მეურნეობა არის დარგი, რომელთანაც განსაკუთრებული სენტიმენტები მაკავშირებს და პათეტიკურად არ გამომივა ნათქვამი, თუ ვიტყვი, რომ მარტო მე არ ვარ ამ მხრივ გამონაკლისი. ბევრი ჩვენი თანამემამულე გულშემატკივრობს აგრო სფეროს. მიწის, ვაზისა და ხორბლის (პურის) სიყვარულსა და მოწიწებას თავიდანვე გენეტიკურად მემკვიდრეობით გადავცემთ თაობიდან თაობას. ამიტომ სოფლის მეურნეობა პირადად ჩემთვის უბრალოდ ეკონომიკის ერთ-ერთი სექტორი კი არ არის, არამედ ჩვენი თვითმყოფადობის, ეროვნული ტრადიციების ნაწილია და აქედან გამომდინარე ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა დგას.

მიუხედავად სოფლის მეურნეობის მიმართ მსგავსი დამოკიდებულებისა, მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში, მას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ძირითად ფუნქციებს მაინც ვერ დავაკისრებთ, მსგავსი ნაბიჯი ნებისმიერი ეკონომისტის მხრიდან პრაგმატული გადაწყვეტილება არ იქნებოდა. მაგრამ ის მინიმუმი რასაც ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჰქვია ჩვენმა აგროსექტორმა უნდა განახორციელოს. ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარებიდან 30 წელზე მეტი, ხოლო გაცხადებულად ბოლო 10 წელია ამ დარგს ვავითარებთ და გავაანალიზოთ თუნდაც ჩვენს მიერ დასმულ მინიმალურ მოთხოვნებს დარგი რამდენად აკმაყოფილებს.

ყოველთვის, როდესაც სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ვკითხულობდით, თუ რა გაკეთდა და თუ გაკეთდა, დამუშავებული მიწების რაოდენობა რატომ არის შემცირებული, იმაზე მეტად ვიდრე მანამდე სანამ სოფლის მეურნეობას ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგად გამოვაცხადებდით, ამის არგუმენტი იყო ის, რომ მრავალწლიან კულტურის ფართობები იზრდება და ბუნებრივია საწყის ეტაპზე, გასაგები მიზეზების გამო, ეს ეკონომიკურ შედეგს ვერ მოგვცემდა და ამის გამო წარმატების მნიშვნელობას საწყის ეტაპზე ვერ განვსაზღვრავდით. მეორე არგუმენტი იმ პერიოდში საქართველოს მასშტაბით ორი ათასამდე ახალი შექმნილი კოოპერატივებით აპელირება იყო.

განვიხილოთ ის სახელმწიფო აგრო პროგრამები, რომელთა დახმარებითაც გვპირდებოდნენ, რომ ამ სფეროში სერიოზული გარღვევები უნდა ყოფილიყო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის – „დანერგე მომავალი“ 2018-2020 წლის ანგარიში წარადგინა [1]. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის N56 დადგენილების საფუძველზე ხორციელდება. პროგრამის განმახორციელებელი ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოა. 3 წლის განმავლობაში (2018-2020წწ.) პროგრამა ჯამში დაფინანსდა 46.356 მლნ. ლარით (თანადაფინანსებით პროგრამის მოცულობამ 62.083 მლნ. ლარი შედგენდა) და მიზნად ისახავდა საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ეფექტიანი გამოყენება მომხდარიყო, მრავალწლიანი კულტურების გაშენების გზით.

კვლევამ აჩვენა, რომ პროექტის ყველა ეტაპზე აუდიტის სამსახურს აქვს შენიშვნები. მიგნებები ეხება ხარვეზებს, რომელიც განცხადებების მიღებით დაწყებული, სანერგე მასალის ხარისხით გაგრძელებული და პროექტის მონიტორინგის ნაწილში დამთავრებული არსებობს.

„ბაღების დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები: აუდიტორული შერჩევით, მნიშვნელოვანი რისკების მქონე ბაღების ადგილზე ვიზუალური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ 2018-2020 წლებში მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში, 1 332 366 ლარით დაფინანსებულ 15 ბაღში ნერგების 100% გამხმარია. ამასთანავე 10 ბაღის შემთხვევაში, რომლებიც ჯამურად დაფინანსდა 733 291 ლარის ოდენობით, ნერგების გარკვეული ნაწილი გამხმარია, ხოლო 3 115 975 ლარით დაფინანსებულ 36 ბაღში – ნერგების არსებული ნაწილი გახარებულია“ – ვკითხულობთ აუდიტის მიერ მომზადებულ დასკვნაში.

„სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ [2] აჩვენა, რომ „დანერგე მომავლის“ პროგრამა სახელმწიფომ სათანადო მომზადების გარეშე დაიწყო და ქვეყანაში, სადაც არ გვქონდა სათანადო ცოდნა და გამოცდილება ფერმერებს მისცა ფინანსური სტიმული დაეწყოთ ბიზნეს საქმიანობა სოფლის მეურნეობის იმ სფეროში, იმ რეგიონში, იმ კლიმატურ პირობებში სადაც პროგრამით გათვალისწინებული მრავალწლიანი კულტურები ვერ გაიხარებდნენ. რაც პრინციპში დაამტკიცა პრაქტიკამ. ფერმერები საუბრობენ, რომ პროგრამაში მონაწილეობისთვის მათ ასეულობით ათასი ლარის ინვესტიცია ჩადეს პროექტში, რომელიც წინასწარ კრახისთვის იყო განწირული, ზოგიერთ მათგანს დარჩათ ბანკის დიდი ოდენობით ვალები, რომელსაც დღემდე იხდიან. ფერმერების განცხადებით პრობლემები იყო ნერგების ხარისხის, ცოდნის, მათი ნაკვეთების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის კომპონენტში.

სახელმწიფო აუდიტის მეორე დასკვნაში, რომელიც „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ღონისძიებებს” ეხება (2014-2021წწ.) ვკითხულობთ, რომ მსხვილ საწარმოებთან შედარებით, სესხზე უარის თქმის მაჩვენებელი მცირე საწარმოებისათვის გაცილებით მაღალია, რაც გამოწვეულია პროექტის მაღალი რისკის, უზრუნველყოფისა და საკრედიტო ისტორიის არარსებობის,  ბიზნესგეგმის დაბალი ხარისხის გამო, ანუ გვეუბნებიან, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დაბალია [3].

არადა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის, ისევე როგორც       „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მთავარი მიზანია ბიზნეს საქმიანობაში  ახალი მოთამაშეების, მცირე და საშუალო საწარმოების სახით შემოყვანაა. მაგრამ ვინაიდან ამ პროგრამების აღსრულება თავიდან ბოლომდე ბანკების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ხოლო ბანკების ამოცანა, არა აგრო სფეროს წარმატება არამედ საკუთარი ფინანსური მოგების მიღებაა, ვღებულობთ, რომ პროგრამის მიზნებსა და გადაწყვეტის გზებს შორის სერიოზული აცდენაა. შედეგად აღნიშნული პროგრამებს უფრო აქტიურად და მეტი წარმატებით მსხვილი ბიზნესი იყენებს, რომელსაც ისედაც არ აქვს ფინანსური სახსრების მოზიდვის პრობლემა. როგორც „სტუდია მონიტორის“, „ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა სხვადასხვა აგრო პროექტები კორუფციისა და ნეპოტიზმის დიდი რაოდენობით ნიშნების შემცველია.

რაც შეეხება 2000  დაარსებული კოოპერატივიდან მოქმედი ძირითადად დღეს მხოლოდ 654 ერთეულია, რომელთა დიდი ნაწილის ფუნქციონირებასაც ასევე პრობლემები ექმნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების, ასევე დარგის ექსპერტების განმარტებით პროგრამამ ვერ შეასრულა თავისი გრძელვადიანი მიზნები. კოოპერატივების დიდი ნაწილი შეიქმნა ფიქტიურად სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სიკეთეების მიღების მიზნით და მერე შეწყვიტეს ფუნქციონირება.

რა დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშები და რეკომენდაციები, ასევე დარგის მდგომარეობის კრიტიკული ანალიზი:

  1. სახელმწიფო პროგრამები აგრო სექტორში სრულად ვერ აღწევს თავიდან დასახულ მიზნებს.
    • ფინანსები ნაკლებად ხელმისაწვდომია მცირე ფერმერებისთვის და არა მსხვილი ბიზნესისთვის, რადგან მათ ისედაც არ აქვთ რეინვესტირების პრობლემა;
    • ბანკის მხრიდან ბიზნესგეგმის შეფასების მექანიზმა შემაფერხებელი ეფექტი იქონია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში;
    • ბანკის და სახელმწიფო პროგრამის მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა (არ გავმეორდები ზემოთ უკვე ავხსენით მიზეზები);
    • კრედიტის პირობები არ ითვალისწინებს საშეღავათო პერიოდს და აგრო ვადებს, რაც მძიმე კაბალურ პირობებში აყენებს ფერმერებს.
  2. სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარებაში საკუთარი როლზე კონკრეტული ხედვისა და შესაბამისად განვითარების ეფექტური საერთო სტრატეგიის არ არსებობა, რაც ხელს უშლის მას მიმართულების მიხედვით პრიორიტეტების განსაზღვრაში.
    • სახელმწიფო საკუთარ თავს მხოლოდ ფინანსების მოზიდვაში ხედავს. მე – სახელმწიფომ, შენ – ფერმერს ფული მოგეცი. შენ თუ გაკოტრდები ჩემი – სახელმწიფოს მიერ ცუდად დაგეგმილი პოლიტიკის გამო, მე პასუხისმგებლობა არ მეკისრება. ჩემი – სახელმწიფოს ვალდებულება არ არის ბაზრის მარკეტინგული კვლევის ჩატარება, ღირებულებითი ჯაჭვისა და ეროვნული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ანალიზი, რეგიონების მიხედვით კონკრეტულ კულტურებზე კლიმატური პირობების შესწავლა, თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების მოზიდვა, აგრარული ინფრასტრუქტურის სრულყოფა და სამუშაო რეჟიმში მისი ექსპლუატაცია (მაგალითად სარწყავი სისტემები და სხვა).
  3. სახელმწიფო რესურსების არაეფექტური ხარჯვა.
    • ახალი ცოდნის, გამოცდილების, ბაზრის მარკეტინგული კვლევების არ არსებობა, ეკონომიკური გათვლების უქონლობა ფერმერებს არა კარგად გააზრებული სახელმწიფოს პროგრამის, არამედ საეჭვო ეკონომიკური ექსპერიმენტების მონაწილეებს ხდის;
    • გათვლები კეთდება არა გრძელვადიან პერსპექტივაზე, არამედ მიმდინარე პერიოდის სტატისტიკური მონაცემების „გაკეთილშობილებაზე“. თუ შევადარებთ რამდენს ვხარჯავთ ბიუჯეტიდან (მათ შორის უცხოური პროგრამების დახმარებით) და მუდმივ ფასებში რამდენი გვაქვს სფეროში ზრდა დავინახავთ, რომ აგრარული სექტორი ეს ავადმყოფია, რომელსაც ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება და ჩვენ ბოლო 30 წელია ხელოვნურ სუნთქვაზე გვყავს გადაყვანილი.

საერთო ჯამში ქართული სოფლის მეურნეობა ძირგახვრეტილი სათლივით არის, მუდმივად ფული უნდა ასხა, თუ გინდა სავსე შეინარჩუნო.

 

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:

  1. https://sao.ge/ka/%E1%83%90%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9E-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%92%E1%83%942022061703469207ka.html
  2. https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=1122588372020499
  3. https://sao.ge/ka/%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%952022070105209213ka.html

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

 

კომენტარები პუბლიკაციაზე