შაბათი, აპრილი 27, 2024

“მალე დაუდგება ხასიათი თბილისს, კარგად დავიწყებული ძველი და ახალი წარმოსახვისა” – ზურაბ მაღრაძე

ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ანალიტიკური შეფასებებს აკეთებს კრედო აკადემიის ტრენერი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ექსპერტი ზურაბ მაღრაძე:

წარმატება წარმოსახვაშია. კარგი წარმოსახვა ღრმა ცოდნას ეყრდნობა. ცოდნა კანონზომიერებაზე დგას. კანოზნომიერება კი ბუნებრივი გეოგრაფიის და ისტორიის ხაზებზე გადის.

ეგვიპტის პირამიდების აგებისას, როცა ასტროლოგიური დაკვირვების საჭიროება დადგა, მოგვები და ქურუმები ჯავახეთში აბულის ციხეს სტუმრობდნენ. 36 საუკუნის შემდეგ გალაქტიკის დაკვირვების ადგილმა აბასთუმანში გადაინაცვლა. ესეც ბუნებრივმა კანონზომიერებამ გადაწყვიტა.

იცით ანაკლიის პორტის იდეა ვისგან მოდის? მე-19 საუკუნის მიწურულს დიდვაჭარი და ფილანთროპი დათაია ჭედია ანაკლიაში დიდი ბოღაზის, ანუ ნავსადგურის აგებას იწყებს, რომელიც იმ დროისთვის ოსმალო ვაჭრების სატრანზიტო რუქაზეც იყო აღნიშნული. ტრაპიზონში, სტამბოლში, ქაიროში, ალექსანდრიასა და ალეპოში ანაკლიიდან გაჰქონდათ წაბლის ხე, ტყავი, თაფლი, სიმინდი და სხვა. ხომალდებს დათაია ჭედია თავად უძღვებოდა. ანაკლიის პორტის ახლანდელი იდეის მაშინდელი ხაზებიც სწორედ ისტორიის ცოდნაზე, გეოგრაფიულ კანონზომიერებასა და ანტრეპრენერების წარმოსახვაზე გადიოდა.

აბული, აბასთუმანი და ანაკლია ზღვაში ქვიშას და ცაში ვარსკვლავებს გარკვეულ კანონზომიერებაში აქცევდნენ. რადგან აბრეშუმის გზას, დიდი დათვის თანვარსკვლავედის მსგავსად, საკუთარი ტრაექტორია გააჩნია. თანავარსკვლავედს ცის უბნები გააჩნია. აბრეშუმის გზასაც გააჩნია თავისი უბნები. ცის დაყოფა თანავარსკვლავედებად უძველესი დროიდან მომდინარეობს. აბრეშუმის გზაც ასეა.

პირველი რესპუბლიკის დროს კი, როცა ბათუმი ბრიტანული დროით ცხოვრობდა, ქალაქში გაჩნდა შრომის და სავალუტო ბირჟები, სადაც ბრიტანული გირვანქა-სტერლინგი იყო დომინანტი. უშვებდნენ ბრიტანულ მარკებს, შემოდიოდა ევროპული საქონლით დატვირთული გემები. დღეს კი თბილისში საფონდო ბირჟის ცხრა თვიანი მოგება 14 ლარია სულ.

ადამიანებსა და ქალაქებში, როგორი წარმოსახვაც არსებობს, მათივე სტატუსებიც ისეთებად ყალიბდება.

როგორი წარმოსახვა აქვს დღეს ამ ყველაფრის და სხვა ბევრი რამის მფლობელ დედაქალაქს?
დღეს ველური ურდოსტანიდან გამოქცეული დეზერტირების სტატისტიკის ისტორიას წერს და ემიგრანტების ფულად გზავნილებს ითვლის თბილისი.

რეალურად კი ნიუ-დელიდან ნიუ-ორკამდე და ლონდონიდან ტოკიომდე, ანუ გარშემო ყველასათვის, თბილისს რაღაც აქვს გადასაწყვეტი. და თუ ის რაღაც მან არ გადაწყვიტა, მაშინ მას სხვა გადაწყვეტს.

წარმატება წარმოსახვაშია. დათაია ჭედიაც და ევგენი ხარაძეც წარმოსახვის დიდ უნარებს ფლობდნენ.

მალე დაუდგება ხასიათი თბილისს, კარგად დავიწყებული ძველი და ახალი წარმოსახვისა“, – აცხადებს ზურაბ მაღრაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული