ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ზედაპირზე მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის დაუოკებელი ჟინია, რომელიც საქართველოს დეპოლარიზაციას კი არ ახდენს არამედ პოლარიზაციას აღვივებს” – ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი პლენარულ სხდომაზე თავის გამოსვლაში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტს შეეხო და განაცხადა, რომ მთავრობის წარმომადგენლებთან და საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებისას, ევროკავშირთან ჩვენი დაახლოების გზაზე არსებული მიღწევებისა და გამოწვევების გარდა, იმ რეზოლუციის პროექტზეც უნდა იყოს საუბარი, რომელიც ევროპარლამენტისათვის არის მომზადებული:

არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ ის რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროპარლამენტისათვის არის გამზადებული, სადაც, როგორც ყოველთვის, რაც ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ამ პროცესს დასჩემდა ხოლმე, ობიექტური ნაწილის გარდა, ის პოლიტიკური მინაწერები ჩნდება, რომელიც თავიდან ბოლომდე შეიძლება შეფასებული იქნას მხოლოდ და მხოლოდ როგორც შიდა პოლიტიკური ბრძოლის და გარე პოლიტიკური დაინტერესებული აქტორების ერთობლივი ქმედება.

მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ, იმ ევროპარლამენტარებმა, რომელთა გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ, ყველამ კარგად იცით, აღიარონ, რომ ნიკა გვარამიას და მის პოლიტიკურ გუნდს, ჯერ “რუსთავი 2” რეიდერული წესით ჰქონდათ წართმეული, დაყაჩაღებული, და სასამართლომ, მათ შორის სტრასბურგის სასამართლომ ის კანონიერ მფლობელს დაუბრუნა.

აღიარებენ იმას, რომ ის 7 მილიონი, რომელიც უკვე სასამართლოს მიერ კანონიერ მფლობელზე დაბრუნებული “რუსთავი 2”-დან ამ პერიოდში გაიტანეს და გაძარცვეს, იმიტომ რომ ცარიელი ლოგო დაბრუნებოდა მფლობელს? თუ პირდაპირ უგულებელყოფენ საქართველოს კანონსაც, სასამართლოსაც, საზოგადოებრივ აზრსაც და ჯიუტად მოითხოვენ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რაც მათი პოლიტიკური პროექტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონების განთავისუფლებას სჭირდება?

თუ ისინი თვლიან, რომ ეს დანაშაულებები ჩადენილია, შესაბამისი შეფასება გააკეთონ და მერე თხოვონ პრეზიდენტს, ამ ადამიანის შეწყალება. ან დაელაპარაკონ იმ “რუსთავი 2”-ის მფლობელებს, როგორ უყურებენ ისინი ამ საქმეს და თუ მედია თავისუფლება არის ამოსავალი წერტილი, ვინც რამდენიმე მედიის დაყაჩაღებაში არის მთავარი მონაწილე ფიგურანტი, შეიძლება თუ არა ის მედიაზე მოძალადე ითვლებოდეს მედია თავისუფლების სიმბოლოდ?

ეს შეკითხვები უნდა გაუჩნდეთ მათ ალბათ და ეს შეკითხვები საზოგადოებას აქვს, საზოგადოება ამ შეკითხვებს სვამს და გამრუდებულ პასუხებს იღებს ამ პირებისაგან.

ანალოგიურად ეხება ეს იგივე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასაც. თვლიან ეს ადამიანები, რომ მის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლებრივი დანაშაულები დანაშაულია? თვლიან, რომ მისი საქართველოში დივერსიული წესით შემოპარვა ემსახურებოდა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას? და ამის შემდეგ ილაპარაკონ ჰუმანური მიზნების აღსრულებაზე.

ამავდროულად თვლიან თუ არა, რომ კეზერაშვილს აქვს უფლება რომ გახდეს საქართველოში პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიების დამფინანსებელი ადამიანი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული, მათ შორის ქართული ჯარის ძარცვისათვის?.

ეს კითხვები ალბათ იქ, ამ ადამიანების კაბინეტებში სიღრმისეულად არ განიხილება, ზედაპირზე მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ეს დაუოკებელი ჟინია, ამით ისინი საქართველოს დეპოლარიზაციას კი არ ახდენდნენ, საქართველოში პოლარიზაციის გამღვივებლებად გვეჩვენებიან, ამიტომ, ჯერ ამაზე თქვან პასუხი!“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული