პარასკევი, მაისი 17, 2024

ლელა კაკულია: “კარგად დაიმახსოვრეთ, რასაც ახლა ვიტყვი…”

ლელა კაკულიას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნდა მისი 13 წლის წინანდელი ინტერვიუ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

️🔻 ინტერვიუ არქივიდან
გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №34
2009 წლის ივნისი

❓— ქალბატონო ლელა, მოდით, საუბარი საქართველოს საგარეო პოლიტიკით დავიწყოთ. გაეროს გენერალური მდივნის შუალედურ მოხსენებას დიდი უარყოფითი რეზონანსი მოჰყვა ჩვენ ქვეყანაში, ვინაიდან მასში აფხაზეთი და საქართველო ცალ-ცალკე სუბიექტებად არიან დაფიქსირებულნი.
უკმაყოფილებას და შეშფოთებას არც პოლიტიკური ოპოზიცია მალავს და არც თავად ხელისუფლება. სამაგიეროდ, აღფრთოვანებულ-აღტაცებულები არიან სეპარატისტები და მათი „მოამაგე უფროსი ძმა“. ახლა საქართველო გაეროსგან კატეგორიულად ითხოვს, ამოიღოს საბოლოო მოხსენებიდან ფრაზა, რომელიც აფხაზეთს საქართველოს შემადგენლობაში არ აფიქსირებს.
‼️ — მე გაეროს პოლიტიკურ თამაშებზე ჯერ კიდევ ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე და მაშინვე გავაფრთხილე ხალხი, რომ ამ ორგანიზაციის ქმედებები საფრთხეს ვერ შეუქმნიდა საქართველოს.
გაერო თამაშობს, როგორც ყოველთვის. საქმე ისაა, რომ როცა მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებს პოლიტიკური გადათამაშებები სჭირდებათ გარკვეული მიზნებისთვის, სწორედ გაეროს ახმოვანებინებენ გადაწყვეტილებებს. სიმართლე თუ გინდათ, გაერო სწორედ ამ მიზნით შეიქმნა თავის დროზე. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.
კარგად დაიმახსოვრეთ, რასაც ახლა ვიტყვი: გაეროს ამ მოხსენებამ გაწყვიტა რაღაც უხეში თამაში საქართველოს მიმართ და რუსეთმა, რეალურად, ამით ძალიან წააგო! ამაზე ალაპარაკდებიან და ყველა გაიგებს, რა მოხდა სინამდვილეში.
❓— ანუ, ეს შუალედური მოხსენება გულთან ახლოს არ უნდა მივიტანოთ?
‼️— არავითარ შემთხვევაში. გაერო ის ცენტრი არ არის, რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ, ამ რეზოლუციას არავითარი ფასი არ აქვს. ასე რომ, ტყუილად უხარიათ აფსუებს…
მაგრამ რომ არც უხარიათ? მალე შეიტყობთ, რომ აფსუებს „ძმებთან“ დიდი დაპირისპირება აქვთ. ასე მოხდება ოსების შემთხვევაშიც და ჩრდილოეთ კავკასის ხალხთა შემთხვევაშიც. ეს ყველაფერი უკვე დაწყებულია და სეპარატისტულ რეგიონებში რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობა, არმიის თავმოყრა სწორედ იმისთვის ხორციელდება, რომ კავკასიელთა მიერ წამოწყებული ბუნტი სწრაფად, ყოვნის გარეშე ჩააქრონ. <…>
მალე მოენატრებათ აფსუებს ქართველები. და უკვე ენატრებათ კიდეც.
❓— ქალბატონო ლელა, 1993 წლის 11 აგვისტოს ჩანაწერში აფხაზეთთან დაკავშირებით ბრძანებთ: „ვხედავ სამხედროებს პოლიციის ფორმაში“. რა ძალებია ეს, ქართული თუ უცხოური?
‼️— ეს ევროკავშირის პოლიციური ჯარია, რომელიც შეწყვეტს რუსული მაფიის თარეშს აფხაზეთში: ნარკობიზნესს, იარაღით ვაჭრობას, ტერორისტთა პარპაშს და სხვ.
❓— ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც კრემლმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, დე-ფაქტო ხელისუფლება ცდილობს უკან დააბრუნოს მე-19 საუკუნეში იქიდან გაქცეული ეთნიკური აფხაზები, მათ შორის, თურქეთში გადასახლებულები და ამით შეავსოს შემცირებული აფხაზური მოსახლეობა.
‼️— ვერ მოახერხებენ! აფსუები თავად დატოვებენ აფხაზეთს და გადაშენდებიან მიწიდან, რომელიც მათი მშობელი არ არის. ან რას ნიშნავს, გადასახლებული აფსუების დაბრუნება? მაშინ ავდგეთ და ჩვენც მოვითხოვოთ, ირანიდან და თურქეთიდან ჩამოვიდნენ საუკუნეების წინ გადასახლებული ქართველები და ისინი დასახლდნენ ჩვენს ტერიტორიაზე.
❓— თქვენ ბრძანებთ, რომ საქართველო ყველა იმ მიწას დაიბრუნებს, რომლებიც ისტორიულად ეკუთვნის. მაგრამ ამ ტერიტორიებზე ძირითადად სხვა ეროვნების ხალხი და, ასე ვთქვათ, გაუცხოებული ქართველები სახლობენ…
‼️— ნუ გეშინიათ, გაუცხოებული ქართველები ისევ გადმოქართველდებიან, ოღონდ მუშაობაა ამ მიმართულებით საჭირო. თანაც ამ ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ, იქ, იმ ნოყიერ მიწებზე, ბევრი ქართველი გადასახლდება, გამრავლდება და სრულიად ქართული სული დამკვიდრდება. ეს ისეთივე რეალურია, როგორც ის, რომ ახლა მე მიყურებ.
ასეთია წინასწარმეტყველება და იგი ნებისმიერ შემთხვევაში ასრულდება!!!
<…>
❓— ქალბატონო ლელა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელის პერიმიერ ნათანიაჰუსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ადმინისტრაცია მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას და მოუწოდა ისრაელს, აღადგინოს ამ საკითხზე მოლაპარაკება პალესტინასთან.
‼️ — ეს არის ამერიკის ის ერთ-ერთი დიდი შეცდომა, რომელზეც მე ჯერ კიდევ 1993 წლის 20 აპრილს ვწერდი: ისრაელთან დაკავშირებით ამერიკა შეცდომას შეცდომაზე უშვებს-მეთქი.
ისრაელი არ დათმობს საკუთარ მიწებს და არც უნდა დათმოს. წინასწარმეტყველება ამბობს, რომ იერუსალიმი და გოლანის მაღლობები ეკუთვნით ებრაელებს და არაბები განიდევნებიან!
❓— ამერიკის შეცდომები განაპირობებს იმას, რომ ისრაელი, წინასწარმეტყველებისაებრ, ცეცხლოვან ბურთში მოექცევა?
‼️— რა თქმა უნდა. სწორედ ეს იქნება იმის მიზეზი, რომ ისრაელი ერთი პერიოდი მარტო დარჩება — ღვთის ანაბარა, და სწორედ ღმერთი გადაარჩენს მას.
❓— ახლა, რაც შეეხება საქართველოს შიდაპოლიტიკას: ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება აშკარა და ხილული გახდა. ამაზე უკვე ყველა ლაპარაკობს — პრესაც და საზოგადოებაც. მგონი არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ განხეთქილების პირველი ნიშნები ირაკლი ალასანიასგან წამოვიდა. გავრცელდა ხმები, რომ ის პოლიტიკური პარტიის შექმნასა და რესპუბლიკელ-მემარჯვენეებისგან გამოყოფას გეგმავს. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს? მართლა შექმნის ალასანია პარტიას?
‼️— იმ წინასწარმეტყველებებისთვის, რომლებიც ოპოზიციის ვერგაერთიანებას შეეხებოდა, „ვანოს აგენტად“ მომნათლეს. რას იტყვიან ახლა, როცა ეს ყველაფერი ასრულდა და თანაც ხილულად? როცა ოპოზიცია ზუსტად ისე შევიდა ჩიხში, როგორც ვთქვი? კარგით, მოვეშვათ ამ თემას.
ირაკლი ალასანია შექმნის პოლიტიკურ პარტიას. ის უნდა გამოეყოს არა მხოლოდ რესპუბლიკელებსა და მემარჯვენეებს, არამედ საერთოდ ყველას. ასეთია ხედვა და თუ ამ ხედვას ანგარიშს გუწევს, მოიგებს. მის პარტიაში თავი უნდა მოიყარონ ახალმა, სუფთა, გონებაგახსნილმა ძალებმა და არა ძველმა, ჩაძირულმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ძველი, დანჯღრეული გემიდან ახალ ხომალდზე გადაცოცებას ცდილობენ, როგორც იციან ხოლმე. სწორედ ასეთების წყალობით ხდება ხოლმე ის, რომ ახალი პარტიები ფეხს ვერ იკიდებენ საქართველოში.
<…> საერთოდ, მე ყველაფერს პირდაპირ ვხედავ და ვწინასწარმეტყველებ, ოღონდ, ისეც ხდება, რომ, რაც ვიცი, ყოველთვის ერთად არ ვამბობ ხოლმე (ამას თავისი მიზეზები აქვს), ხშირად კი სათქმელს საგანგებოდ, ფართედ ვშლი, წვრილმანებამდე, რათა ხალხმა მოახერხოს იმის გადახარშვა, რაც კოსმოსიდან მოდის. თუმცა, თავად ხარ მოწმე, რომ ადამიანებს გადაღეჭილი ინფორმაციის მიღებაც კი უჭირთ, არათუ პირველად ნათქვამისა.
აბა, მოთვალე, რამდენჯერ მაქვს ნათქვამი, საქართველოს დაქუცმაცება არ აწერია, ტერიტორიებს დავიბრუნებთ და გავძლიერდებით-მეთქი? უამრავჯერ! მაგრამ საზოგადოების ერთი ნაწილი მაინც იმ ძალად პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებს უსმენს, რომლებმაც ლამის წალეკონ ქვეყანა და რომლებიც საგანგებოდ გამუქებულ ფერებში ხატავენ ქვეყნის მომავალს.
მინდა მივმართო ქართველ ხალხს: ძალად პოლიტიკოს-პოლიტოლოგების ნათქვამებს ნუ აჰყვებით. თქვენ მათზე ჭკვიანები ხართ, ანალიზის უკეთესი უნარი გაქვთ და ნუ მიეცემით პანიკას.
🌟 საქართველო ვის აღარ დაუპყრია, მაგრამ არ გადაშენებულა და მაინც არსებობს. ერთი კი არა, ცხრა რუსეთი კი არა, სულ რომ დაიქცეს სამყარო, საქართველო მაინც იქნება დედამიწაზე!
❓— რით დავიმსახურეთ ეს სიკეთე, ქალბატონო ლელა?
‼️ — სწორედაც, რომ დავიმსახურეთ! დავიმსახურეთ იმით, რომ ყველაზე კეთილშობილი ერი ვართ მსოფლიოში! ვისაც უნდა, ეწყინოს, ბოდიშსაც არ მოვიხდი ამ ხმამაღალი განცხადებისთვის.
დიახ, ყველაზე წესიერი, ყველაზე კაცთმოყვარე და თანაც, ყველაზე ლამაზი ერი ვართ. სწორედ ამიტომ ემტერება ამ პატარა სამოთხეს ყველა, ვისაც არ ეზარება.
არავის არაფერი შერჩება, განსაკუთრებით, რუსეთს. ერთადერთი ერთმორწმუნე ერი ვართ კავკასიაში და მაინცდამაინც ჩვენ დაგვიპირისპირდა, ჩვენ გვეომება, ჩვენი ეკლესიების მითვისება დაიწყო, იმას გვედავება, რაც ყოველი მართლმადიდებლის სახეა.
❓— ახლა კიდევ ისტორიის გადაწერას აპირებს კრემლი…
‼️ — გადაწეროს და იყოს. გეგონება, მათ გარდა მატიანე სხვას არ აქვს და მხოლოდ „კრემლის ენაზე“ შეთხზული ამბავია მართალი და უსიტყვოდ მისაღები. ამით საკუთარ გულს გაიხარებენ, მეტი არაფერი. მსოფლიო ისტორია კი სიმართლეს აღნიშნავს და იმასაც იტყვის, რომ რუსეთმა წარსული თავის ჭკუაზე გადაახალისა <…>
მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება ქვენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე — საქართველოს სამხედრო პოტენციალზე და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ქვეყანას უახლოეს მომავალში ექნება ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები — დიდი რაოდენობით.
რაც მთავარია, ამერიკის ბრძანებით, გაიხსნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი და ამას ვერც რუსეთი შეაჩერებს და ვერც სხვა რამ ძალა, იმიტომ, რომ ყველაფერი კოსმოსის ნებით ხდება; ხოლო კოსმიური ინფორმაციების ჭეშმარიტებაში უკვე ძალიან, ძალიან ბევრი დარწმუნდა.
❓— ქალბატონო ლელა, რომ არ ვახსენო, არ შემიძლია: ერთმა პოლიტოლოგმა წინასწარმეტყველებას ბიზნესი უწოდა…
‼️— რა გიკვირს? რადგან წინასწარმეტყველების მითვისებიდან არაფერი გამოუვიდათ, ვინაიდან მათ მთელი საქართველო კითხულობს და იცნობს — ისინიც კი, ვითომ რომ უარმყოფენ — სხვა ხერხებს მიმართეს და უკადრებელი იკადრეს: წინასწარმეტყველება ბიზნესად მონათლეს.
ამ კონკრეტულ პიროვნებას კი ვაფრთხილებ და ვურჩევ შემდეგს: წინასწარმეტყველების წინააღმდეგ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას კოსმოსი ღრუბელივით იწოვს და გაასმაგებულად უბრუნებს უკან ყველას. სათქმელს დაუკვირდეს ეს ბატონი (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, არ მინდა, ჩემს გაზეთში მისი ხსენება). სჯობს თავის ბიზნესზე ილაპარაკოს, რომელსაც წარსულში კინაღამ შეეწირა!!!
ადამიანს, უბრალოდ, სინდისი უნდა ჰქონდეს, რომ ქათქათა თეთრზე შავიაო, არ თქვას.
დასასრულ, მინდა ჩემს ხალხს ვუსურვო სიმტკიცე და, რაც მთავარია, განათებული გონება და დიდი წყალობა უფლისა, რომელიც საქართველოს გადაარჩენს!
🌟 მე მიყვარს ჩემი ხალხი, ჩემი სამშობლო და ვწინასწარმეტყველებ ისე, როგორც ვხედავ, ანუ სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული