“პუტინი რეალობას არის აცდენილი, ცდილობს სასურველი სინამდვილედ გაასაღოს” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

164
სააგენტო "პარალელი"

2022 წლის 30 სექტემბერი. მსოფლიოს ყურადღება ორ ლოკაციაზე არის მიმართული. პირველი ეს არის უკრაინაში დონბასის ოლქი, ქალაქი ლიმანი, ფრონტის წინა ხაზი და მეორე, რუსეთის ფედერაცია, ქალაქი მოსკოვი, კრემლის ოქროთი მოვარაყებული დარბაზები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა დონბასის მიმართულებით წარმატებით ვითარდება. ზალუჟნის ახალი ტაქტიკა რკალში მოაქციოს რუსების მიერ ოკუპირებული უკრაინული ქალაქები ისე, რომ ურბანული ტიპის დასახლებებში მოწინააღმდეგესთან პირდაპირ კონტაქტში არ შევიდნენ – ამართლებს. ალყაში მოქცეული მტერი დემორალიზებული და შეშინებულია. შედეგად, უფრო ნაკლები ძალისხმევით და დანაკარგებით, რთული საბრძოლო ამოცანების გადაჭრა არის შესაძლებელი.

ახალი ტაქტიკის გამოყენებითა და საკუთარი სამხედრო დანაყოფების მაღალი მობილობის წყალობით უკრაინელებმა რუსების სულ მცირე 5000 კაციანი დაჯგუფება (სხვადასხვა წყაროების თანახმად მათი რიცხვი 10 000 აღწევს) ქალაქ ლიმანში ალყაში მოაქციეს. მართალია ქალაქიდან გასასვლელ ყველა გზას უკრაინული შენაერთები ფიზიკურად ვერ აკონტროლებენ, მაგრამ ოკუპანტების დანაყოფები ისე ვერ დატოვებენ დისლოკაციის ადგილს, რომ მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილებში არ მოექცნენ. რუსებმა, ბრძანების შემდეგ ბრძოლით გაერღვიათ ალყა, რამოდენიმეჯერ სცადეს კრიტიკული მონაკვეთის გავლა, მაგრამ ყველა მათი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. უკრაინული ჯარის ნაწილებს მყარად უკავიათ პოზიციები.

რუსული დანაყოფებისთვის გამოსავალი მხოლოდ ერთია, თუ არ სურთ, რომ სრულად იქნენ განადგურებულნი, მოწინააღმდეგეს ტყვედ უნდა ჩაბარდნენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში (დროის საკითხია) რუსი ჯარისკაცები დანებდებიან და ქალაქი უკრაინელების კონტროლს ქვეშ აღმოჩნდება. რუსი ჯარისკაცისგან გმირობას არ უნდა ველოდოთ. ერთადერთი პრობლემა ამ ეტაპზე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, რაც საბრძოლო დავალების შესრულებაში მათთვის ხელისშემშლელია, ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობის არსებობაა, რომელსაც ოკუპანტები როგორც ფარს ისე გამოიყენებენ. ალყაში მოქცეული რუსი ჯარისკაცების დიდი რაოდენობის გამო ლიმანის ოპერაცია ომის დაწყების შემდეგ უკრაინული მხარისთვის შესაძლოა ყველაზე წარმატებული შეტევად მივიჩნიოთ.

მაშინ, როდესაც ლიმანის ალყაში რუსი სამხედროები იღუპებოდნენ პუტინი კრემლში უკრაინის ოთხი ოლქის (ხერსონი, ზაპოროჟიე, დონბასი, ლუგანსკი) რუსეთის ფედერაციასთან მიერთების ცერემონიალს დიდი პომპეზურობით აღნიშნავდა. ეს ფარსი ძირითადად ქვეყნის შიგნით გულუბრიყვო მომხმარებელზე იყო გათვლილი, რადგან ჯერ ერთი, რომ საერთაშორისო საზოგადოება უკრაინის ტერიტორიების ანექსიას არასდროს არ აღიარებს და მეორე, თუ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იმავე წარმატებით გააგრძელეს კონტრშეტევა, როგორც აქამდე ახორციელებდნენ, რუსებს ძალიან მალე მოუწევთ 2014 წლის საზღვრებამდე უკან დახევა.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პუტინის რეიტინგი მკვეთრად დაეცა, სხვადასხვა გამოკითხვების თანახმად ომით შეშფოთებული რუსების რიცხვი 30%-დან 69%-მდე გაიზარდა. ქვეყანა 300 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. რუსეთის პრეზიდენტი უკრაინული ოლქების ანექსიის ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით ეცდება საკუთარი მოქალაქეების გულის მოგებასა და მათში იმპერიალისტური პატივმოყვარეობის განცდის დააბრუნოს, მაგრამ როგორც ჩვენს წინა სტატიებშიც ვწერდით, ფრონტზე მიმდინარე პროცესები საპირისპიროზე მეტყველებს. მით უმეტეს, რომ პუტინმა სამარყანდის სამიტზე ჩინეთისგან და ინდოეთისგან „მეგობრული რჩევა“ მიიღო, უკრაინის ტერიტორიაზე 15 ნოემბრამდე (G20-ის სამიტი ბალიზე) საბრძოლო ოპერაციები დაასრულოს.

რუსეთის პრეზიდენტი რეალობას არის აცდენილი და ცდილობს სასურველი სინამდვილედ გაასაღოს. ბალაკლეის, იზიუმის და ახლა უკვე ლიმანში წარმატებულად განვითარებული უკრაინის კონტრშეტევების შემდეგ მის მოქმედებებს სხვა შეფასებას ვერ მისცემ. „ბუნკერის მოხუცი“ რჩება მხოლოდ ევროპაში ცივი ზამთრისა და ატომური იარაღით შანტაჟის იმედად.

P.S. უკრაინის არმიამ უკუპირებული ლიმანი გაანთავისუფლა!

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები პუბლიკაციაზე