შაბათი, აპრილი 20, 2024

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად: სამთავრობო ცვლილებების ახალი ტალღა

დილიდანვე დაინიშნა უმრავლესობის შეხვედრა “ქართული ოცნების” ოფისში, სადაც პრემიერ მინისტრობის კანდიდატურაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ. აღნიშნული შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა და დასრულებისთანავე პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მთავრობის მეთაურის პოსტზე შს მინისტრის გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა.

ასე რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, გადადგებოდა მამუკა ბახტაძე, ხოლო მისი ადგილის დაკავების ყველაზე დიდი შანსი, მოარული ხმების თანახმად ნახსენებ სავარაუდო კანდიდატურებს შორის (დასახელებული იყვნენ – გიორგი ბახტაძე, მაია ცქიტიშვილი, ოთარ დანელია), ჰქონდა მოქმედ შს მინისტრ გიორგი გახარიას.

როგორც მოსალოდნელი იყო გახარიას კანდიდატურას მხარს უჭერს სახელისუფლებო გუნდი, ოპოზიცია – კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგანაც გიორგი გახარიას დანაშაულს ხედავს 20-21 ივნისის ღამის მძიმე მოვლენების დროს, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალისმიერ ქმედებებში, რის გამოც მის გადადგომას ითხოვდა, მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს, პარტიის თითოეულ წევრს და ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, გაწეული საქმიანობისთვის.

დღეს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მე წარვადგენ მთავრობის შემადგენლობას და პროგრამას პარლამენტში, ასევე მინდა გითხრათ, რომ მთავრობის შემადგენლობაში იქნება მცირედი ცვლილებები. შს მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. ეს ცვლილებები გააძლიერებს მთავრობას და გააძლიერებს პოლიტიკურ გუნდს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევა გარკვეულია თავდაცვის აწ უკვე ყოფილი მინისტრის, ლევან იზირიას საკითხიც და იგი უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს.

ჯერჯერობით გაურკვეველია ვინ დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკითხი პარლამენტის პრეროგატივაა. სავარაუდო კანდიდატურებად სუს-ის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება განხილულ იქნას სამსახურის უფროსის მოქმედი პირველი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც ამ პოსტის დაკავების საკმაოდ მაღალი შანსი აქვს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. წინ საკმაოდ დაძაბული კვირაა…

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული