პარასკევი, მაისი 17, 2024

სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე მუშაობს, პირველი სხდომა ჩაატარა.

კომიტეტის თავმჯდომარისა და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სხდომაზე მოხდა სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის ყველა საინტერესო საკითხის იდენტიფიცირება და უკვე მომდევნო შეხვედრაზე გაიმართება მათი შინაარსობრივი და საგნობრივი განხილვა, თუ რამდენად არის თითოეული ეს წინადადება არგუმენტირებული, ლოგიკური და რამდენად შეუწყობს ხელს ამ სამსახურების შემდგომ გაძლიერებას.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ სამსახურებს, როგორც ეს 12-პუნქტიან გეგმაშია გაწერილი, ხელი შევუწყოთ მათი მანდატის შეუფერხებლად განხორციელებაში.

დღეს, დასახელდა რამდენიმე საკითხი, მათ შორის, ფინანსური და ადამიანური რესურსის თვალსაზრისით ორივე სამსახურის შემდგომი გაძლიერების თაობაზე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი მზად არიან, რომ მათი სამსახურის საქმიანობის მანდატი გაფართოვდეს ევროპულ კონვენციასთან მიმართებაში. აქამდე, მხოლოდ მე-18 მუხლის კონტექსტში აწარმოებენ ისინი საგამოძიებო უფლებამოსილებას, თუმცა მათი მხრიდან არსებობს მზაობა და ინტერესი სხვა კონვენციური მუხლების გამოძიებასთან დაკავშირებით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, მათი ინტერესია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალ კანონთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა გაგრძელდეს.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან დასახელდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის საპროკურორო ფუნქციის დამატების საკითხი. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ სამსახურებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის მიერ გაცემულ დასკვნასთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ.

ასე, რომ ყველა საკითხი იდენტიფიცირებულია და მათზე მსჯელობას მომდევნო შეხვედრაზე დავიწყებთ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

სამუშაო ჯგუფში შედიან: ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების წევრები, ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, მთავრობის ადმინისტრაციის, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხურის, სახალხო დამცველის და სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) წარმომადგენლები.

სამუშაო ჯგუფების საქმიანობას მონიტორინგს უწევენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

გეგმის თანახმად, კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 19 ოქტომბრისა, ხოლო მიღება – არაუგვიანეს 1 დეკემბრისა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული