დეოლიგარქიზაციის მნიშვნელობაზე, პარლამენტარების ვალდებულებასა და ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე:
“რა არის დეოლიგარქიზაცია?
შეგრძნებითაც ჩანს, გლეხი კაცისთვის კაირამე უნდა იყოს, მაგრამ გრძნობებს იქით როგორი ამბავია?
წესით იურისტები უნდა გვიხსნიდნენ ახლა, პარლამენტარები კი, თავად რომ არ ოცნებობდნენ ოლიგარქობაზე, საკანონმდებლო ინიციატივას უნდა ამზადებდნენ კი არადა, აქამდე ასჯერ უნდა შეეტანათ.
როგორც მესმის, რეგულაციებია, რომელიც ერთ რომელიმე ძალიან მდიდარ ადამიანს კანონიერ შეზღუდვას უწესებს, რამდენი მიწის, ზღვის, ცის, პოლიტიკის, მედიის (ტვინის რეცხვის) ყიდვის უფლება აქვს ქვეყნის მასშტაბიდან გამომდინარე.
სიტყვაზე, ისეთ გონებაგახსნილ ადამიანსაც კი, როგორიც მასკია, ერთხელ რომ არ მოუაროს ვნებამ და მთელი შვედეთი, ან რომელიმე პატარა ქვეყანა სრულად არ იყიდოს, რომ მერე შვედ ჩიტს შვედეთის ტყეში მის უნებართვოდ ხეზე ბუდის გაკეთების უფლება არ ჰქონდეს. როგორია სხვა ქვეყნების მოდელები? ადამიანურ, მარტივ ენაზე რომ გაგვაცნოს ვინმემ, უკვე სქემა იქნებოდა, სახელმძღვანელო.
ივანიშვილის განზე გაწევა ერთჯერადი ამბავია და არც ისე შეუძლებელი, თუ ამომრჩეველი სხვა პარტიების წევრებსაც აირჩევს, რომ მთავრობა ერთმა პარტიამ ვერ დაამტკიცოს და კოალიცია შედგეს, მითუმეტეს ადვილი, თუ რუსეთთან კოლაბორაცია დაუდგინდება და სანქციები მოუწევს, მაგრამ ხვალ, ზეგ რომ სხვამ არ ჩაანაცვლოს, საკანონმდებლო პრევენციული საფუძველია საჭირო ამისთვის.
სწორად ვხვდები, თუ ვერაფერსაც ვერ ვხვდები? ხოდა თუ ცოტა მაინც სწორად ვხვდები, კითხვა მაქვს მაშინ – მუშაობს საპარლამენტო ოპოზიცია კანონებზე? რამე გვითხრეს ამ დღეებში იმაზე ჭკვიანური, ვიდრე ჩვენით ვხვდებით, თუ დავიძახებთ მიტინგზე “დეოლიგარქიზაცია დღესვე” და დავიშლებით მერე?” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.

