ირაკლი მეფარიშვილი: “ბატონმა ბერძენიშვილმა გამოთქვა თავისი პირადი აზრი, რომელიც არ შეიძლება ჩავთვალოთ ექსპერტის მოსაზრებად”

223

მეფე “ერეკლე “-ზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციაზე საზოგადოებაში დაწყებულ დისკუსიებს ეხმაურება, თავის მოსაზრებებს გაგვაცნობს სხვადასხვა უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, ირაკლი მეფარიშვილი და მიაჩნია, რომ ლევან ბერძენიშვილის პოზიციაზე დაწყებული კამათი ერთგვარი ინფანტილიზმის გამოხატულებაა:

თავდაპირველად სერიოზულად არ აღვიქვი, რადგან ერთი ადამიანის ეპატაჟური განცხადებაა, ასეთი უნებლიე სიბრიყვე ბევრისგან მსმენია, მაგრამ როცა საზოგადოებამ სერიოზული რეაქცია მოაყოლა, ჩატარდა ერეკლე II დამცავი აქცია, სოციალურ ქსელში იდება ისტორიკოსთა სავსებით სერიოზული მსჯელობა ერეკლეს ავკარგიანობაზე, მივხვდი რომ გავაფრინეთ, მაგრამ მგონი გვერდის ავლაც არ შემიძლია.

განა მეც ვუერთდები სიგიჟეს? – არა, ვეცდები დაგისაბუთოთ მთელი კამათის აბსურდულობა.

უპირველეს ყოვლისა მოდი დავაკონკრეტოთ ვინ არის ბატონი ლევან ბერძენიშვილი: ის უსათუოდ საინტერესო ადამიანია, მაგრამ ქართულ საზოგადოებაში არსებულ მწირ განათლებას, თუ დავუმატებთ აკადემიურ სივრცეში “პრაფესორების” მეტყველების უუნარობას და პილპილად მოვაყრით მასმედიის სნობიზმს, რომელიც ახალ რესპოდენტებს არ ეძებს, ჩვენ მივიღებთ ლევან ბერძენიშვილისგან “ყველაფერშჩიკ” ექსპერტს, არადა ბატონი ლევანი მხოლოდ ფილოლოგია, ბონუსად შეიძლება ვუწოდოთ ფილოსოფოსიც, რადგან თავად ფილოსოფიაა ზოგადი, მაგრამ არა პოლიტოლოგი, არც სოციოლოგი და მით უმეტეს ისტორიკოსი! ბატონმა ლევანმა დაიმსახურა ქართველი ხალხისგან მოსმენის პატივი, ის იყო დისიდენტი (პატიმრობაც მოიხადა) და მრავალი მოწვევის პარლამენტის წევრი. რაც შეეხება მის “პოლიტოლოგიურ ალღოს”, მე არ მახსენდება არცერთი პროგნოზი, რომელიც გამართლდა, მეტსაც გეტყვით, მისი პოლიტიკური პრაქტიკაც უამრავ შეცდომებს მოიცავს და პოსტ-ფაქტუმ აღმოჩნდა რომ არასწორ მხარეს იდგა. ეს ხშირი მოვლენაა მეგობრებო: მაქს ვებერმა პოლიტიკის ბუნება თეორიულად შესანიშნავად აგვიხსნა, მაგრამ თავად აბსოლუტურად უვარგისი დეპუტატი გახლდათ, იგივე უნდა ითქვას ნიკოლო მაკიაველზე, რომელიც არაფრით გამორჩეული ჩინოვნიკი იყო უამრავი კარიერული ჩავარდნით და უცერემონიო კარიერული დასასრულით. ამით იმის თქმა მინდა რომ, ბატონმა ბერძენიშვილმა გამოთქვა თავისი პირადი აზრი, რომელიც არ შეიძლება ჩავთვალოთ ექსპერტის მოსაზრებად.

გამოხატვის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, თუ განხვავებული აზრი არ მოუწოდებს საზოგადოებას ძალადობისკენ, ადამიანის უფლების დარღევისკენ, მას არსებობის უფლება აქვს, სწორედ ეს არის დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი – შენი თავისუფლება სრულდება იქ სადაც იწყება კანონდარღვევა!

ჰოდა რატომ ვერჩით ბატონ ლევანს?! ნუთუ იმის შეგეშინდათ, რომ პატივცემულის აზრმა შეიძლება საზოგადოებაში განწყობები არიოს და ისტორიულ მოვლენის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს? – ჩემი აზრით ეს აბსურდია, ჯერ ერთი იმიტომ რომ, ბატონი ლევანი არ არის ისტორიკოსი და მისი მოსაზრება არ არის გამტკიცებული ფუნდამენტური კვლევით; მეორეც, აზრი პროფანული და ფაქტობრივად არასწორია: საქმე იმაშია რომ ქართლ-კახეთი რუსეთს გადაულოცა არა ერეკლე II-მ, არამედ გიორგი XII-მ რომლის მთავარი საზრუნავი მისი შვილის მეფობის შენარჩუნება იყო და მამულები რუსეთში, ხოლო იმერეთში სოლომონ II-ს დადებული ელაზნაურის ტრაქტატით, ვითომ დატოვეს ქართველი მეფეები ადგილზე სხვა ყველაფერი ჩამოართვეს…

მე პირადად ისტორიკოსი არ გახლავათ (თუმცა ისტორიას ვასწავლი), მაგრამ არასდროს აზრად არ მომსვლია 230 წლის წინანდელი მოვლენების გამო ვინმე დავადანაშაულო, ამაზე დიდი სიბრიყვე რა უნდა იყოს?! – ჯერ ერთი იმიტომ რომ, ისტორია ზუსტი მეცნიერება არ არის (საერთოდ თუ შეიძლება მას ვუწოდოთ მეცნიერება) და უამრავი ფაქტი და გარემოება რჩება უცნობი; მეორეც, თუ ვინმეს ბრალს სდებ მისი პასუხისმგებლობა უნდა შეგეძლოს, რაც უფრო გვშორდება ისტორიული მოვლენები, მით უფრო გადადის ასეთი ტიპის დისკუსია აბსტრაქტულ საუბარში და უახლოვდება “ბებიის ბაბუად გადაქცევის” სკაბრეზულ ანდაზას.

თუ გართობაა კი ბატონო ვიკამათოთ, მაგრამ ამის გამო აქციები როგორ ჩაატარეთ? ზოგმა ლექციების აკრძალვაც მოინდომეთ, არ გრცხვენიათ?! საჭირო იყო მხოლოდ ირონიული და სწორი კრიტიკული პასუხი, სასაცილო კი მის განცხადებაში ბევრია, ბოლო-ბოლო რას ერჩოდა სულმნათ მეფეს, როცა თანამედროვე საქართველოში, მის პოლიტიკურ მოღვაწეობის დროს, ქართველმა ხალხმა დაუშვა სამოქალაქო ომი, პირველი პრეზიდენტის გაძევება, ომი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში? ამის მიუხედავად დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში რამდენი ხელსაყრელი მომენტი შეიქნა და ვერ გამოვიყენეთ, დღეს რომ ცუდ დღეში ვართ ერეკლეს ბრალია?

რაცხა ასეთი მაინც გეთქვათ და გაგეტარებინათ!

ამ სასაცილო ეპიზოდმა გამოავლინა მხოლოდ ერთი ფაქტი, რომ ინფანტილურები ვართ: შუა საუკუნეების ისტორია ღრმა წარსულია, დღეს მნიშვნელოვანი მხოლოდ აწმყოა; არ ვიცით განსხვავებული აზრის მოსმენა – არ ვიცით ნორმალური კამათი.

ვითომ გამოვიტანთ დასკვნებს? – იმედი მაქვს!” – აღნიშნავს ირაკლი მეფარიშვილი.

კომენტარები პუბლიკაციაზე