შაბათი, მაისი 4, 2024

“ჩვენ არ მივცემთ არცერთ სანქცირებულ კომპანიას, თუ ინდივიდს, ფიზიკურ პირს საშუალებას, საქართველო გამოიყენოს სანქციების გვერდის ავლის მიზნით” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მიმართეს კითხვით, რა სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირების, თუ სხვა სუბიექტების გამოყენებით არ მოხდეს აღნიშნული სანქციების რეჟიმის დარღვევა რუსეთის ფედერაციისა და მათი წარმომადგენლების მიერ.

ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ერთობლივად განახორციელეს და აღნიშნა, რომ თებერვლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციების და გადაწყვეტილებების რაოდენობა 235-ს აღწევს. ამასთან, გრძელდება უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარული დახმარება და მთავრობამ უკრაინელი ხალხის, მათ შორის საქართველოში ჩამოსული უკრაინელების დასახმარებლად უკვე გაიღო 7 მილიონი აშშ დოლარი.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია, რა თქმა უნდა, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების და ასევე, გაეროს ქარტიის უხეშ დარღვევას, რაც აქამდე არნახულ გამოწვევას უქმნის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

ამ ვითარებაში, ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელი ხალხისადმი, რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები, ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში.

სხვაგვარად, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რადგან უკრაინასთან ჩვენ გვაქვს ისტორიული მეგობრობა, ჩვენ ქვეყნებს აქვთ საერთო ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები.
ჩვენი ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა მრავალ საჯარო განცხადებაში ხაზგასმით დავგმეთ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია.

საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო, დაგმო სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი განზრახვა.

კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ოპოზიციას, რომ 6 აპრილს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონი შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში ჩავიდა და უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან ერთად, ომით დაზარალებული ქალაქები, ბუჩა და ირპენი მოინახულა.

საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები, განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, მუდმივად გამოხატავენ უკრაინის მხარდაჭერას”,- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არ დაუშვებს არც ერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე.

ჩვენ არ მივცემთ არც ერთ სანქცირებულ კომპანიას, თუ ინდივიდს, ფიზიკურ პირს საშუალებას, საქართველო გამოიყენოს სანქციების გვერდის ავლის მიზნით. არც ერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არაერთი ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება, ცილისწამება გვესმის როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე, სამწუხაროდ, უკრაინის მთავრობის მხრიდან”, – განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული