სამშაბათი, აპრილი 30, 2024

მნიშვნელოვანი ფაქტები მაიმუნის ყვავილის შესახებ

მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღიწერა 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას.

2022 წლის 22 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული და 28 სავარაუდო შემთხვევა (უპირატესად ევროპაში), რომლებშიც ჯერჯერობით არ ვლინდება მოგზაურობის ისტორია დაავადების ენდემურ ქვეყნებში.

მაიმუნის ყვავილით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.

ნატურალური ყვავილის საწინააღმეგო აცრა საკმაოდ ეფექტიანად იცავდა მაიმუნის ყვავილის ვირუსისგანაც.

რა სიმტომები ახასიათებს მაიმუნის ყვავილს და როგორია მისი მკურნალობის გზები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გუნდის მიერ მომზადებულ სტატია:

21 მაისის მდგომარეობით, იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის დადასტურებული შემთხვევები: ესპანეთი – 30, გაერთიანებულ სამეფო 20, პორტუგალია 14, იტალია – 3, ბელგია 2, საფრანგეთი – 1, გერმანია -1, შვედეთი – 1, კანადა -2, ავსტრალია – 2, აშშ -1. ამ დრომდე არ აღრიცხულა ასოცირებული გარდაცვალების შემთხვევა. დადასტურებულ შემთხვევებზე მიმდინარეობს მიდევნება (contact tracing). შესაძლოა დაწყებულია შიდა გადაცემა (community transmission). მაღალი რისკის პოპულაციურ ჯგუფს მიეკუთვნებიან მამაკაცები, რომელთაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან. ასევე, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გავრცელება მხოლოდ აღნიშნული რისკ-ჯგუფით არ შემოიფარგლება. გადაცემის სქესობრივი გზა მნიშვნელოვანია, თუმცა არა წამყვანი, წარსული ეპიდ-აფთქებების გამოცდილებიდან.

მაიმუნის ყვავილი პირველად ადამიანში დადასტურებული იქნა 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ვირუსი პოქსვირიდაეს ოჯახის ორთოპოქსვირუსების გვარს მიეკუთვნება. ეს არის ზოონოზური დაავადება და ადამიანზე გადაცემა უპირატესად ხდება მღრღნელებისა და პრიმატებისგან. ასევე აღწერილია ადამიანებზე მეექვსეული გადაცემა. ადამიანებს შორის ეს ინფექცია ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ ნივთებთან შეხების შედეგად (თეთრეული და პირადი ჰიგიენის მოხმარების ნივთები). გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია თბურად ბოლომდე დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას.

მეცნიერებს ამ პერიოდის მანძილზე შესაძლებლობა ჰქონდათ შეესწავლათ ვირუსის ბუნება. გამოვლენილია მაიმუნის ყვავილის ორი შტამი: დასავლეთ აფრიკული შტამი, რომელიც ასოცირებულია მსუბუქ კლინიკურ მიმდინარეობასთან და ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ის ფარგლებშია, და კონგოს აუზის (ცენტრალური აფრიკა) შტამი, რომელსაც ახასიათებს ადამიანიდან-ადამიანზე გადაცემის მაღალი უნარი, ავადობის გაზრდილი მაჩვენებელი და ლეტალობის მაჩვენებელი 10%-ის ფარგლებში. მაიმუნის ყვავილის ლეტალობის საშუალო მაჩვენებელი 3-6%-ია.

2021 წელს 4 კონტინენტის 15 ქვეყანაში აღრიცხული იქნა ადამიანში მაიმუნის ყვავილით დაინფიცირების შემთხვევები. შემთხვევების უმეტესი გამოვლენილია ამ ვირუსისთვის ენდემურ ქვეყნებში: ნიგერია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კამერუნი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. სხვა ქვეყნებში (აშშ, გაერთიანებული სამეფო, ისრაელი, ბენინი, სამხრეთ სუდანი, სინგაპური) აღრიცხული შემთხვევები იმპორტირებულია სხვა ლოკაციებიდან. ვინაიდან ბოლო წლებში ტყეების გაჩეხვისა და გარემოზე მიყენებული რიგი ზიანის გამო ვირუსის გავრცელების არეალი და გამოვლენის სიხშირე გაზრდილია, მაიმუნის ყვავილი ფასდება როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხე.

დაინფიცირებისას კლინიკური გამოვლინება ყვავილით დაინფიცირების მსგავსია, თუმცა მიმდინარეობა ძირითადად მსუბუქია. ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21-დღემდეა, ძირითადად 7-14 დღის ფარგლებში გამოვლენით. სიმპტომები 5 დღის ფარგლებში იწყებს გამოვლენას გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, შემცივნებით, ცხელებით, თავისა და კუნთების ტკივილით, ზურგის ტკივილით, სისუსტით და  ლიმფური კვანძების შეშუპებით (ლიმფადენოპათია). სიმპტომების დაწყებიდან 1-3 დღეში იწყება გამონაყარი, საწყის ეტაპზე სახეზე, რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელს სხეულზე, უპირატესად კიდურებზე. დამახასიათებელია გამონაყარი ხელის გულებსა და ფეხის ძირებზე (შემთხვევათა 75%-ში). დამახასიათებელია სიმპტომია გამონაყარის მტკივნეულობა, თუმცა დაინფიცირებულებს ჩუტყვავილის გამონაყარისგან განსხვავებით, არ ეფხანებათ.

შემთხვევათა უმეტესობაში სიმპტომები თავისით ალაგდება 14-21 დღის მანძლზე, თუმცა შესაძლოა მიმდინარეობის გამწვავება და სამედიცინო მეთვალყურეობის აუცილებლობა. გამოჯანმრთელების სტატუსის მისაღებად სხეულზე არსებული ყველა გამონაყარი უნდა ალაგდეს და განახლებული კანის საფარველით ჩანაცვლდეს. ბავშვთა ასაკში ყვავილის ვაქცინით აცრილებში ვითარდება ჯვარედინი იმუნიტეტი, რაც დაინფიცირებისას უსიმპტომო ან მსუბუქ მიმდინარეობას განაპირობებს. დიაგნოსტირებისთვის კლინიკური გამოვლენისა და დაავადების პროგრესირების შეფასებასთან ერთად მნიშვნელოვანია პჯრ ტესტირება ვირალური დნმ-ის გამოსავლენად, კანიდან, ბუნებრივი სითხეებიდან და ბიოფსიური მასალის ნიმუშიდან. სპეციფიური ანტიგენისა და ანტისხეულის ტესტების არ არსებობის გამო, სეროლოგიური ჯვარედინ-რეაქტიურობის გამო შესაძლო ცრუ-დადებითი პასუხის აცილების მიზნით, ისინი რეკომენდირებულები არ არიან.

ნატურალური ყვავილის საწინააღმეგო აცრა საკმაოდ ეფექტიანად იცავდა მაიმუნის ყვავილის ვირუსისგანაც

მკურნალობა შესაძლებელია ყვავილის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატებით.

დამატებითი ინფორმაცია:

ჯანმო – https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/monkeypox

და

https://openwho.org/courses/monkeypox-intermediate

აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები – https://www.cdc.gov/poxvirus/monkeypox/index.html

ჯონს ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა – https://www.centerforhealthsecurity.org/our-work/publications/monkeypox

BMJ – https://bestpractice.bmj.com/topics/ka-ge/1611

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული