სამშაბათი, აპრილი 23, 2024

“რეალურად, ვის უფრო აწყობს მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში?” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

რუსეთ-უკრაინის ომი, დაწყების დღიდან, მსოფლიო მედიისა და მთელი საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. პოლიტიკური დღის წესრიგი შეიცვალა არამარტო ომში მონაწილე სახელმწიფოებისთვის თუ ევროპისთვის, არამედ კაცობრიობის მოაზროვნე ნაწილისთვის. სააგენტო “პარალელის” ერთგული მკითხველი დააკვირდებოდა, რომ ჩვენს ანალიზშიც განსაკუთრებულ ყურადღებას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ვუთმობთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ სამხედრო კონფლიქტის შედეგები ჩვენს რეგიონზე და განსაკუთრებით საქართველოზე დიდ გავლენას იქონიებს.

მსოფლიოს ბედი უკრაინის ბრძოლისუნარიანობაზე არის დამოკიდებული. იგი დიდი მონსტრის წინაშე პირისპირ დგას და მიუხედავად იმისა, რომ კოლექტიური დასავლეთი როგორც ფინანსებით, ისე თანამედროვე იარაღით უკრაინას აქტიურად ეხმარება, ოფიციალურად ვერცერთი სახელმწიფო, სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებს ომში ჩართვას, რასაც თავისი ობიექტური მიზეზი გააჩნია.

პუტინი როდესაც უკრაინაში სპეცოპერაციით შევიდა, თითქოსდა, ნარკომანი ნაცისტების წინააღმდეგ საბრძოლველად (ეს არის ოფიციალური კრემლის პოზიცია), თავი ამოყო თავისივე დაგებულ მახეში. და სანამ იგი ამ “სტატუს-კვოს” ინარჩუნებს, ხელ-ფეხი ექნება შეკრული და თავისუფალი მოქმედების საშუალება არ მიეცემა. მნიშვნელოვანია ორი მთავარი ფაქტორი. პირველი – ვერ მოახერხებს სრულმასშტაბიანი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას. მეორე – ვერ გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს (აღარაფერს ვამბობ სტრატეგიულზე). განა იმიტომ, რომ მილიონობით სიცოცხლის გაწირვაზე ხელი აუკანკალდება, არა მან დამტკიცა, რომ ცივსისხლიანი ტირანია, არამედ იმიტომ, რომ თავისი მოქმედებების ახსნა შიდა აუდიტორიისთვის მოუწევს.

პუტინისთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის თვალში ავტორიტეტის შენარჩუნება და მათი მხარდაჭერა. „ლევადა ცენტრის“ მონაცემებით მხოლოდ აპრილის თვეში რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერა დიდ ქალაქებში 57%-დან 43%-მდე შემცირდა. წინა სტატიაში ვისაუბრეთ, რომ ოფიციალური მოსკოვისთვის  მარტივი არ იქნება საკუთარ მოქალაქეებს აუხსნას რატომ ჩაფლავდა სპეცოპერაცია უკრაინაში, ხოლო მსოფლიოში რიგით მეორე რუსული ჯარი ერთი მუჭა უკრაინელი „ნაცისტების“ წინაშე რატომ აღმოჩნდა უძლური. თუ კრემლმა რუსეთის მოსახლეობას არ დაუხატა უფრო დიდი საფრთხე, ვიდრე ეს უკრაინაა (რუსები ყოველთვის უფროსი ძმის პოზიციიდან ქედმაღლურად უყურებდნენ მათ და ანგარიშგასაწევ ძალად არ თვლიდნენ), იგი ვერ გაამართლებს საერთო მობილიზაციის გამოცხადების საჭიროებას.

იგივე მდგომარეობა აქვს პუტინს ატომური იარაღის გამოყენების თვალსაზრისითაც. რუსეთის პრეზიდენტი ამ უკანასკნელს ვერ გააქტიურებს, თუ სამხედრო გენერლების სრულ  მორჩილებაში არ ეყოლება. სამხედროებმა კარგად იციან ატომური იარაღის მოქმედებაში მოყვანა რა შედეგს მოუტანს ქვეყანას და პირადად მათ. თუ უკრაინასთან ომის წაგებით მათ შესაძლოა კიდევ შეინარჩუნონ სიცოცხლე და ქონება, მასობრივი იარაღის გამოყენება ამ მცირე შანსსაც უსპობს. გენშტაბში უკვე გაჩნდა მოსაზრება უკრაინაში ომის შეწყვეტის და ბრძოლისუნარიანი სამხედრო ნაწილების გადარჩენის. მართალია ეს პროტესტი დღეს სუსტად ისმის და მხოლოდ ცალკეულ გამოსვლებში გამოსჭვივის, მაგრამ მომავალში მეტი მომხრე ეყოლება ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ პუტინს უკრაინის გარდა კიდევ სჭირდება გარეშე მტრის ხატის შექმნა, რომლითაც თავის ხისტ მოქმედებებს სამხედროებში გაამართლებს.

მართალია ძალიან რთული გამოცდის წინაშე იმყოფება დღეს უკრაინელი ხალხი, მაგრამ ამჟამად მეორე და მესამე ფრონტის გახსნა არამცთუ შეამსუბუქებს მათ ხვედრს, არამედ კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე დააყენებს. პუტინს თავი უკრაინულ ყულფში აქვს გაყოფილი. სხვა სახელმწიფოების ომში ჩართვა ხელ-ფეხს გაუხსნის თავისუფალი მოქმედებებისთვის ჯერ რუსეთის შიგნით და შემდეგ უკრაინაში. მოსაზრება თითქოს რუსეთის მეზობელი სხვა სახელმწიფოების ომში ჩართვა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში შედის არ შესაბამება სინამდვილეს. მსგავსი სცენარით მოვლენების განვითარება რუსეთს უფრო აწყობს ვიდრე დანარჩენ მსოფლიოს. სწორედ ამიტომ ცდილობს იგი მოლდოვას ჩათრევას ომში, რაც ამ ეტაპზე უშედეგოდ დასრულდა. სახელმწიფოებს, რომელთაც სურთ უკრაინას დახმარება გაუწიონ, ისედაც თავისუფლად ახერხებენ ამას რუსეთისთვის ომის გამოცხადების გარეშეც, აწვდიან რა ოფიციალურ კიევს იარაღსა და ცოცხალ ძალას, მოხალისეების სახით.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა და კიდევ დამატებითი ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნა არ არის გამართლებული. ისევე, როგორც არ არის გამართლებული დნესტრისპირეთში მსგავსი ოპერაციების დაწყება. ამას არ ითხოვენ ჩვენგან არც დასავლეთელი სტრატეგიული პარტნიორები. თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის მოცულობას, საქართველოში ფრონტის წინა ხაზი ვერ იქნება გრძელი, რაც რუსეთისთვის დიდი სამხედრო ძალების მობილიზების საჭიროებას გამოიწვევდა. ტერიტორიის სიმცირის გამო სამხედრო შეიარაღებული ძალების გადაჯგუფებისა და მანევრირებისათვის (უკან დახევა, პოზიციების გამაგრება) დიდი არეალი არ გაგვაჩნია. მართალია ქართული სამხედრო ძალების ქმედითუნარიანობაში და პროფესიონალიზმში ეჭვი არ შეგვაქვს, მაგრამ სამოქალაქო თავდაცვის სისტემა ჩვენთან არ მუშაობს. მოსახლეობამ არ იცის საომარი მოქმედების შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს, არ გვაქვს განგაშისა და შეტყობინების სისტემა, თავშესაფრები და სხვა. ელემენტარულად, ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგია არ გვაქვს დამუშავებული.

ჩვენგან განსხვავებით უკრაინელებმა 2014 წლის ომის შემდეგ სათანადო დასკვნები გამოიტანეს და მოემზადნენ. ჩვენ დრო დავკარგეთ და არავითარი ზომები არ მიგვიღია, ამიტომ საქართველო სამხედრო აგრესიის მიმართ უფრო მოწყვლადია ვიდრე უკრაინა. საქართველოსთვის საუკეთესო თავდაცვის სტრატეგია ისრაელის გამოცდილებაა, მაგრამ წლები ისე გავუშვით, რომ ამ მიმართულებით წინსვლა არ გვქონია…

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული