სამშაბათი, აპრილი 30, 2024

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე და უფროსის პირველი მოადგილე გიორგი კვარაცხელია სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ

დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის უფროსმა შეხვედრის მონაწილეებს საქმიანობის კონკრეტულ ასპექტებზე, სამომავლო გეგმებზე, არსებულ გამოწვევებზე და სამსახურის განვითარების ხედვაზე ესაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება სამსახურის გაძლიერების საკითხზე გამახვილდა. ხაზი გაესვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და დანაშაულის პრევენციისთვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას – როგორც საკანონმდებლო ბაზის, ასევე საგამოძიებო პრაქტიკის ცვლილების კუთხით. კერძოდ, ეს ეხება სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოს შექმნას, რაც მიმართული იქნება სამოხელეო დანაშაულის შემცირებისკენ. საბჭოს მუშაობაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურთან ერთად სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, სადაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი იქნება საქმიანობის ანგარიში, მოხდება სამართალდამცავების საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზების და ტენდენციების იდენტიფიცირება და მათი გადაწყვეტის გზები ერთობლივად დაისახება.

ასევე ხაზე გაესვა დაცვის სპეციალური ღონისძიებების ეფექტურ გამოყენებას., რომელიც იქნება მნიშნელოვანი გარანტია სავარაუდო მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ყურადღება გაამახვილა იმ ფუნდამენტურ სიახლეებზე, რაც დაკავშირებულია გამომძიებლის დამოუკიდებლობის ხარისხის და მისი ფუნქციების გაზრდასთან. კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებებში ბარიერების გარეშე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების შესვლას და საჩივრებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას.

შეხვედრაზე, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გაანალიზების საფუძველზე, შიდა დოკუმენტების შემუშავებას იწყებს, რომელიც ასევე არსებულ საგამოძიებო გამოცდილებას დაეფუძნება. აღნიშნულმა დოკუმენტმა უნდა უზრუნველყოს ყველა პოტენციური მსხვერპლის მაქსიმალური ჩართულობა სისხლის სამართლის საქმეებში, ასევე საქმის მასალებზე წვდომა და საგამოძიებო პროცესში მათი მოსაზრებების გაზიარება.

შიდა დოკუმენტის მომზადება, მოწმეთა და დაზარალებულთა ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების ერთიანი პრაქტიკის შესამუშავებლადაც იგეგმება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს აღნიშნული შიდა დოკუმენტების შემუშავების პროცესში ჩართვასთან და თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული