პარასკევი, აპრილი 19, 2024

“რუსეთის ბედი უკრაინაში წყდება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ იცვლება. უკრაინელებმა საკუთარი წარმოების სარაკეტო სისტემა „ნეპტუნით“ შავ ზღვაში ბაზირებული რუსული კრეისერი „მოსკოვი“ ჩაძირეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინას საკუთარი სამხედრო გემები პრაქტიკულად არ გააჩნია, ხოლო აღნიშნული კრეისერი რუსული ფლოტის ფლაგმანი გახლდათ, ადვილი წარმოსადგენია რა დიდი დარტყმა მიიღო ოფიციალურმა კრემლმა, როგორც სამხედრო, ისე იმიჯის თვალსაზრისით.

დასამახსოვრებელი იყო ამ დღეებში პუტინისა და შოიგუს შეხვედრა კრემლში. რუსეთის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება შეეწყვიტათ მარიუპოლში „აზოვ სტალის“ ქარხნის აღების საბრძოლო ოპერაციები, იმ მოტივით, რომ თითქოს პუტინის ძალიან აღელვებს საკუთარი ოფიცრებისა და ჯარისკაცების სიცოცხლე. სინამდვილეში რუსულ შეირაღებულ ძალებს ომის დაწყების დღიდან არ შესწევთ უნარი დაიკავონ გმირი ქალაქი ბოლომდე, ხოლო მოსახლეობისა და „აზოვის“ ბატალიონის მეომრების საბრძოლო სული გატეხონ. მეტიც, „აზოვის“ მებრძოლები პერიოდულად ტოვებენ ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებულ პოზიციებს, ქალაქის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციებს ახორციელებენ, თან ისე, რომ ახერხებენ დიდი ზიანი მიაყენონ მოწინააღმდეგეს, თავად კი მცირედი დანაკარგები განიცადონ.

კრემლში, შოიგუსთან შეხვედრის დროს, ბევრმა მაყურებელმა შეამჩნია, თუ როგორ მოტეხილი გამოიყურებოდა პუტინი. მხრებში მოხრილი, ნამდვილად არ იჯდა სავარძელში კომფორტულად, ხოლო ხელებით მაგიდას იყო ჩაფრენილი. უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი კარგად ხვდება, მის მიმართ მოსალოდნელი საფრთხის რეალობას. მართალია ეს, ჯერ კიდევ, მისი დასასრული არ არის, მაგრამ დასასრულის დასაწყისი ნამდვილად არის. განსხვავებულ პროფილში წარმოგვიდგა შოიგუ. თავდაცვის მინისტრი დიდი ხანია საჯარო სივრცეში ისეთი აქტიური არ არის და საზოგადოების წინაშე სამოქალაქო (და არა სამხედრო) ფორმით გვევლინება, პუტინთან შედარებით უფრო მხნედ გამოიყურებოდა.

თუ რა სცენარით განვითარდება მოვლენები მომავალში კოლექტიური დასავლეთის გადასაწყვეტი იქნება. ის, რომ უკრაინას დახმარება არ შეუწყდება, ეს ცხადი ხდება ჯო ბაიდენისა და ბორის ჯონსონის განცხადებებიდან და ქმედებებიდან. აშშ-მ უკრაინას ორჯერ გამოუყო 800 მლნ. აშშ დოლარის დახმარება, რაც ჯამში 1.6 მლრ. აშშ დოლარის ექვივალენტია. დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურ კიევს 100 მლნ. ფუნტი სტერლინგის იარაღი გადასცა და უკრაინელებს აღუთქვა, რომ ოფიციალური ლონდონი ბოლომდე იქნება მათ გვერდით, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ რაღაც მომენტში ნატოს ბლოკი უკან დაიხევს. მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი, თუ რა ბედი ელის რუსეთის ფედერაციას.

უნდა ვივარაუდოთ, რომ არის მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარი. პირველი – რუსეთს რაღაც ფორმით სახის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემენ  და ამით ეცდებიან პოლიტიკურ რუქაზე დატოვონ რუსეთის სახელმწიფო. ოღონდ ერთი პირობით, რომ სამხედროები და ოლიგარქები გაწირავენ პუტინს (ან მისი ლიკვიდაცია მოხდება ან, როგორც სამხედრო დამნაშავეს, ჰააგის სასამართლოს გადასცემენ და ასე ეცდებიან ყველაფერზე ხელი მას შეაწმინდონ). სხვა შემთხვევაში რუსეთის ფედერაცია დაიშლება ნაწილებად, დაიწყება ქაოსი და უმართავი პროცესები. წინა სტატიაში ვსაუბრობდით ამაზე, თუ რატომ არ აწყობს კოლექტიურ დასავლეთს მსგავსი სცენარით მოვლენების განვითარება.

არის საფრთხე იმისა, რომ პუტინმა დაასწროს თავის გენერლებს და თავად ისარგებლოს ამ უპირატესობით. ამ შემთხვევაში პროცესი გაურკვეველი ვადით კიდევ უფრო გაიწელება. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ დაკარგავს ძალოვანების მხარდაჭერას. მათი დახმარების გარეშე და ქვეყანაში დაგროვილი სოციალური პრობლემების გამო მისი მხრიდან ხელისუფლების დიდი ხნით შენარჩუნება შეუძლებელი იქნება.

ერთადერთი გამოსავალი მსოფლიოსთვის და რუსეთისთვისაც პირველი ვარიანტია. ძალოვანებმა თავად აიღონ ხელში ინიციატივა, გამოიყვანონ ჯარები უკრაინიდან, ჩამოაშორონ პუტინი ხელისუფლებას და დაიწყონ მოლაპარაკება კოლექტიურ დასავლეთთან. დღეს აშშ-ს და ევროკავშირის სახელმწიფოების ერთადერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რაც შეიძლება მალე მიიყვანონ მოვლენები მსგავს სცენარამდე. ამით უკრაინაში ათეული ათასობით სიცოცხლის გადარჩენას მოახერხებენ, ხოლო მსოფლიო ეკონომიკა უფრო ადრე დაიწყებს აღდგენას.

ოფიციალური კიევი მხოლოდ მაშინ შეწყვეტს ბრძოლას, როდესაც ბოლომდე აღსდგება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, 2014 წლამდე საზღვრებში. უკრაინელ ხალხს ყველა მორალური და სამართლებრივი უფლება გააჩნია კოლექტიურ დასავლეთს მოსთხოვოს ამ საკითხში გვერდში დგომა. ასევე, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები რუსეთში, ეს უკანასკნელი ვერ აცდება უკრაინის სასარგებლოდ რეპარაციების გადახდის ვალდებულებას.

რაც შეეხება საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, დიდწილად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე იქნება დამოკიდებული მათი ბედი, ჩვენ ეს გვინდა თუ არა.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული