პარასკევი, აპრილი 19, 2024

ალექსი ნონიაძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია

პიროვნების სოციალიზაციას და ემპათიას მისი გარემო განაპირობებს, რომლის საინფორმაციო და შემეცნებით ნაწილს, თანამედროვე მსოფლიოში დღეს, დიდ წილად დამოუკიდებელი მედია უზრუნველყოფს. ქართული საზოგადოების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა საზოგადოებრივ მაუწყებელს ენიჭება, რომელიც ჩვენი, თითეულის ფულით ფინანსირდება და ჩვენ ინტერესებს უნდა იცავდეს. წარმოგიდგენთ სახელმწიფო ტელევიზიის განვითარების კონცეფციას იმ ფორმით, რა ფორმითაც სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატობის შესარჩევ კომისიას გავაცანი. მნიშვნელოვანი იქნება თქვენი დახმარება, შენიშვნებისა და რეკომენდაციების სახით, რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს და გაფართოვდეს მსჯელობა მედიაში საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე.

  1. შესავალი

საზოგადოებრივ მაუწყებელს სატელევიზიო და რადიო ჟურნალისტიკის მდიდარი ტრადიციები გააჩნია. მის წიაღში ქართული ჟურნალისტების თაობები გაიზარდნენ. როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ითვლება საქართველოში დედა უნივერსიტეტად სხვა უმაღლესი სასწავლებლებისთვის, ისე თანამედროვე სატელევიზიო მედია სივრცეს სტარტი და საფუძველისაზოგადოებრივმა მაუწყებელმა მისცა.

დეცენტრალიზებული ეკონომიკისა და თავისუფალი კონკურენციის პირობებში საზოგადოებრივიმაუწყებელი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე მედია ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით შევინარჩუნოთ ის ფასეულობები, რაც კომპანიას ათეული წლების განმავლობაში დაუგროვდა. მართალია რთული ამოცანაა, მაგრამ არა გადაუჭრელი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე მაყურებლის (რადიო მსმენელის) მოთხოვნები, ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, სწრაფად იცვლება, დავინახავთ, რომ ტელეკომპანია მუდმივად ახლის ძიებაში უნდა იყოს, რადგან მომხმარებელს საკუთარი პროდუქცია ორიგინალურად მიაწოდოს.  ეს უკანასკნელი „გაყიდვადიც“ უნდა იყოს, სანდოც, ემთხვეოდეს მაყურებლის (რადიო მსმენელის) გემოვნებასაც, ფასეულობებსაც, იწვევდეს მის ინტერესს და ავითარებდესმასში საკუთარი სახელმწიფოს წინაშე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობასაც.

თანამედროვე მედია სივრცეში არსებულმა ტენდენციებმა აჩვენეს, რომ ტელეკომპანიებს კონკურენციას „You Tube” არხები უწევენ. მათი ხილვადობა დიდ აუდიტორიებს აგროვებს ინტერნეტში, გადაცემების მომზადება ძვირადღირებული ტექნიკის შეძენას, დიდ სარედაქციო ჯგუფების შენახვასა და სტუდიების მოწყობას არ მოითხოვს.შესაბამისად დიდი ტელევიზიებისგან განსხვავებით, მსგავსი არხების შენახვა დიდი ხარჯებთან არ არის დაკავშირებული, ხოლო მათი სარედაქციო პოლიტიკა ძალიან მოქნილია. გადაცემის მომზადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გრძელი ბიუროკრატიული საფეხურების გავლას არ საჭიროებს, რესპოდენტთან ურთიერთობაც უშუალოა და დისტანციურად ჩაწერის საშუალებასაც იძლევა. ბუნებრივია მათი შესაძლებლობები შეზღუდულია და მომხმარებლისთვის მხოლოდ ახალი ამბების მიწოდებითა, ანალიტიკური და შემეცნებითი გადაცემების მოწყობით შემოიფარგლება. თავისი უპირატესობა აქვს დიდი მედია ჰოლდინგებს. ეს არის გასართობი, შემეცნებითი მეგა შოუების მოწყობა, რომელთა შექმნა მხოლოდ დიდი რესურსების გამოყენებით არის შესაძლებელი, ამიტომ ამ სეგმენტში დიდ ტელევიზიებს კონკურენტი არ ჰყავთ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციის შექმნისას ვფიქრობ ეს მოცემულობა გასათვალისწინებელია. საჭიროა დიდი პროექტების უფრო დახვეწა და განვითარება, ხოლო იმ სეგმენტში, რომელშიც პატარა სარედაქციო ჯგუფები უფრო მოქნილია, მათი გამოცდილების გათვალისწინება. ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი პოზიტიურ როლს შეასრულებს, თუ გარეწარმოების დაფინანსებას გაზრდის, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო სარედაქციო ჯგუფების განვითარებას, რითაც მოხდება გამრავალფეროვნებული მედია პროდუქტის მიღება და კომპანიის საბიუჯეტო თანხების დაზოგვა. ასევე ინფორმაციის ეფექტურად მიწოდების თვალსაზრისით კარგი იქნება სხვადასხვა სოციალური ქსელების შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, რაც გაზრდის საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხილვადობას.

კვლევების თანახმად[1] საზოგადოებრივ მაუწყებელს მაყურებლების 36 პროცენტი ენდობა, 21 პროცენტი მისდამი შუალედურად არის განწყობილი, ხოლო 16 პროცენტი არ ენდობა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ტელეკომპანია მაყურებელს სთავაზობს ხარისხიან, გემოვნებიან და პროფესიონალურ დონეზე შესრულებულ პროდუქტს, მისი რეიტინგები უკეთესს იმსახურებს. ეს ნაწილობრივ იმით არის გამოწვეული, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არ არის, ან უმნიშვნელოდ არის მარკეტინგული სტრატეგია წარმოდგენილი.ბუნებრივია გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საეთერო ბადეშიაუცილებლად მოხვდება გადაცემები, რომელიც მაყურებელთა სპეციფიურ ჯგუფებზეა გათვლილი და მცირე ხილვადობა ექნება, რადგან ეს პასუხისმგებლობა სახელმწიფომაუწყებელს საზოგადოების წინაშე გააჩნია, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საჭიროა საზოგადოების ინტერესებისა და  ბაზრის მოთხოვნებს შორის ეფექტური ბალანსის დაცვა. „გავხადოთ საინტერესო პოპულარული და პოპულარული  საინტერესო“ [2].

  1. SWOT-ანალიზი

საზოგადოებრივ მაუწყებელს უდავოდ აქვს თავისი პლიუსები, მაგრამ აქვს თავისი გამოწვევებიც. ძლიერ მხარეში შეიძლება ჩავუთვალოთ:

  • მდიდარი ტრადიციები;
  • პროფესიონალი კადრები;
  • სტაბილური დაფინანსება (სახელმწიფო დოტაცია).
  • საქართველოს დიდ ტერიტორიაზე მაუწყებლობა.
  • განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობები.

სუსტი მხარეებია:

  • მარკეტინგული სტრატეგიის არ არსებობა (სახელმწიფო დაფინანსების პირობებში ნაკლებად ექცევა ყურადღება საბაზრო მოთხოვნებს);
  • დიდი ბიუროკრატიული აპარატი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების სირთულე.

გააჩნია პოტენციალი:

  • შექმნას ხარისხიანი, გემოვნებიანი, კვალიფიციურ დონეზე შესრულებული, რაც მთავარია მედია ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტი, ყველა ასაკობრივი, სქესობრივი, ეთნიკური, რელიგიური თუ პროფესიული ჯგუფებისთვის.
  • შექმნას ქართული მეგა პროექტები, რომელიც მსოფლიო ბაზარზე გაიყიდება.

რისკები:

  • კომერციული მედია სივრცის კონიუნქტურის არ გათვალისწინება.
  • დაბალი მოქნილობა და სარედაქციო დამოუკიდებლობა.
  • საექსპლუატაციო ხარჯების ზრდა.
  1. განვითარების კონცეფციის მიზანი:
  • საზოგადოებრივი მაუწყებლობის პოტენციალის და დადებითი მხარეების მაქსიმალურად გამოყენებისა და ახალი სტრატეგიის შემუშავების გზით შესაძლებელია მედია ჰოლდინგის შექმნა, რომელიც ტრადიციებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან და მიდგომებთან გაერთიანებს.
  • მედია პროდუქტის შექმნა, რომელიც თავისუფლად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა მოქალაქისთვის, დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, ინტერესებს და ფასეულობებს.
  1. განვითარების კონცეფციის პროგრამული პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები:

პროგრამების სახეობების, მიზნობრივი აუდიტორიების, განსახილველი თემების მიხედვით ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებზე:

  • ინფორმაციის მიწოდება 24/7 (სიახლეები) – თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებაა დროულად მიიღოს რელევანტური, სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია. ჰიბრიდული ომის პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენმა მოქალაქეების საინფორმაციო გადაცემების მეშვეობით ინფორმირებულობას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებზე.
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება – სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება რთული, მრავალმხრივი და უწყვეტი პროცესია, რომელიც საკმაოდ დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. ინდივიდის მოქალაქეობრივი პასუხისგებლობის ამაღლებას, კოლექტიური საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების გააზრებას, მწყობრი ადამიანური და დემოკრატიული ღირებულებითი ჯაჭვის შექმნა უდევს საფუძვლად, რომელსაც დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი მედია სივრცე ადუღაბებს.

ამ ამოცანების გადასაჭრელად მნიშვნელოვანია საეთერო ბადეში მოხვდეს სამეცნიერო, კულტურულ და ისტორიულ თემატიკაზე მომზადებული გადაცემები, ასევე შეიქმნას ტელესერიალები და დოკუმენტური ფილმები.

  • საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემების (პრობლემების) წინ წაამოწევა (აქტუალიზება) და მათი გადაჭრის გზების ძიება/გამოვლენა – დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და საბაზრო ეკონომიკის შექმნის პროცესში ჩვენი საზოგადოება მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ ცივილურმა მსოფლიომ ეს გრძელი გზა უკვე განვლო,რომელსაც დღეს საქართველო გადის, გამოცდილების გაზიარების ნაცვლად, ჩვენ მაინც შეცდომების დაშვებისა და მათი გამოსწორების პრაქტიკას მივყვებით.

თანამედროვე ჟურნალისტიკაში მხოლოდ პრობლემების იდენტიფიცირება და მათიწინ წამოწევა არ არის უკვე საკმარისი.საჭიროა პრობლემის – დარგის ექსპერტებთან, მოქალაქეების – ხელისუფლებასთან, იდეების – ბიზნესთან, ინვესტორების – გასაღების ბაზრებთან და ა.შ. დაკავშირება. შედეგზე ორიენტირებული ქმედებები უნდა გახდეს მთავარი ორიენტირი სატელევიზიო და რადიო ჟურნალისტიკის. საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთგვარი შუამავალი, ანუ გამტარი იქნება მხარეებს შორის, არამარტო პოლიტიკაში, არამედ ეკონომიკაში, ბიზნესში, კულტურაში, მეცნიერებასა თუ სპორტში.

ხოლო საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში,იქ სადაც აზრთა სხვადასხვაობა და პრობლემიდან გამოსავლის რამდენიმე გზა არსებობს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, როგორც დამოუკიდებელმა არბიტრმა თანაბარი პირობები უნდა შეუქმნას მხარეებს საკუთარი პოზიციებისდასაფიქსირებლად, ხოლო საზოგადოების უმრავლესობა თავად დარწმუნდება წარმოდგენილი მოსაზრებების სისწორეში და გააკეთებს რაციონალურ არჩევანს.

ამ ამოცანების გადასაჭრელად მნიშვნელოვანია თოქშოუებისა და თემატური გადაცემების მომზადება, სადაც განხილული იქნება საზოგადოების პრობლემები და დასახული იქნება გამოსავლის გზები.

  • სოციალური პროექტები – საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ინტერესდებოდეს შშმ, სოციალურად დაუცველი, ნარკოტიკებზე დამოკიდებული, რეგიონებში მცხოვრები პირების, დევნილების, პენსიონერების, სტუდენტების, ომის ვეტერანების, ქალთა, ბავშვების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების პრობლემებით და დეტალურად აშუქებდეს მას.

დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სხვადასხვა სოციალურ რეკლამას, ჯანსაღი ცხოვრებისწესის დამკვიდრებას და გადაცემებს, რომლებიც პოპულარიზებას გაუკეთებენ საჭირო პროფესიის ადამიანებს (მაგალითად, ექიმებს, მასწავლებლებს, სპორტსმენებს, მეხანძრეებს, პოლიციელებს, აგრონომებს და ა.შ.).

  • გართობა, ჰობი, დასვენება, მოგზაურობა – სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, მათი გემოვნებისა და ინტერესების გათვალისწინებით, გასართობი გადაცემების მომზადება, მხატვრული ფილმებისა და ტელესერიალების გადაღება.მედია სივრცის ეს სეგმენტი მეტ შესაძლებლობას იძლევა კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის მიზნები განახორციელოს.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი სამიზნე და ყურადღების ობიექტი უნდა იყოს ადამიანი, ჩვენი მოქალაქე, თავისი ემოციებით, პრობლემებით, წარმატებით და წარუმატებლობით, საქმიანობით, პოზიციებით, ხედვით, სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებით, სამომავლო გეგმებითა და სხვა.

 

  1. რა უნდა გაკეთდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის ასამაღლებლად:
  • მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება.
  • ბიუროკრატიის შემცირება – შუალედური რგოლის გამოთავისუფლება და ადამიანური რესურსის უფრო ეფექტურად გამოყენება.
  • პროდიუსერების, ჟურნალისტების, ტექნიკური პერსონალისმოტივირება ბონუსების სისტემით – რაც რეიტინგულად მზარდი გადაცემების შემოქმედებითი ჯგუფებისთვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ანაზღაურების გარდა ბონუსების მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
  • პოპულარული და ცნობადი ინტერნეტ ბლოგერების მოზიდვა – იაფი და საინტერესო კონტენტის შექმნა, ახალგაზრდული სეგმენტის ათვისება. გარეწარმოების დაფინანსების ზრდა.
  • თემატური გადაცემებისთვის თანაწამყვანების პრაქტიკის დანერგვა – გადაცემაში თანაწამყვანად შესაბამისი კვალიფიკაციისა და ცოდნის მქონე ექსპერტების მოწვევა, რომლებიც საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობენ.
  • სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვისერთობლივი და ცალცალკე გადაცემების მომზადება.
  • უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტებთან თანამშრომლობის მიზნით მემორანდუმის გაფორმება – ნიჭიერი და მონდომებული სტუდენტების სამუშაოდ მოწვევა – მაგალითად, შესაძლებელია რეალითი შოუს გაკეთება, დასკვნით ნაწილში კონკურსით, ხოლო გამარჯვებულებისთვის საავტორო პროგრამების დაფინანსება ან დასაქმება არხზე.
  • პროექტები გარკვეული პროფესიის ადამიანების პოპულარიზებისთვის – მაგალითად, რეალითი შოუსა და კონკურსების მოწყობა ეთერში ფერმერებისთვის, მასწავლებლებისთვის და სხვა.
  • ქართული მეგაპროექტების შექმნა – ქართული პროექტების შექმნა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ექნება.
  • საინფორმაციო ინტერნეტ-რესურსის განვითარება.
  • სხვადასხვა კომერციული პროექტების განხორციელება (არხის კომერციალიზაცია).
  • თანამედროვე ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენება, არხის გადაიარაღება.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგიდით სხვადასხვა საზოგადოებრივი აქტიურობების ორგანიზება – აგრესიული მარკეტინგული ტექნოლოგიების გამოყენება, რომლის მეშვეობითაც კომპანიამუდმივად მოახერხებს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას.

გამოყენებული მასალა:

  1. „ტელეაუდიტორიის კვლევა“, კვლევითი კომპანია „სონარი“, 2020წ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის საეთერო სეზონი  – „ხედვა“.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის გასაუბრება ალექსი ნონიაძესთან

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული