ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“რა გავლენას მოახდენს რუსეთისთვის დაკისრებული სანქციები მსოფლიოზე?” – ირაკლი მეფარიშვილის ანალიტიკური შეფასებები

უკრაინაში შეჭრისა და იქ წარმოებული ომის გამო საკმაოდ მკაცრი სანქციები დაუწესდა რუსეთს, რაც ერთგვარ ჯაჭვურ რეაქციასავითაა და ბევრ რამეზე მოახდენს გავლენას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავის შეფასებებს და ანალიტიკურ მოსაზრებებს გაგვაცნობს სხვადასხვა უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, ირაკლი მეფარიშვილი:

რუსეთ-უკრაინის ომმა შეცვალა არა მხოლოდ ომის მონაწილე ქვეყნების მდგომარეობა, არამედ მთლიანად მსოფლიო. აქ არ ვგულისხმობ ბანალურ ფასების ცვლილებას ჩვენს მაღაზიებში, – მოსალოდნელია ფუნდამენტური ცვლილებები, ენერგიის მომარაგების სფეროში. რუსეთ-უკრაინის ომი კიდევ უფრო დააჩქარებს თბოენერგიის გამოყენების ჩანაცვლებას ალტერნატიული ენერგიის წყაროებით, მაგრამ ეს ხანგრძლივი ევოლუციური პროცესია, თუმცა იმაზე სწრაფი, ვიდრე ომამდე გახლდათ მოსალოდნელი.

მოდით ჩავუღმავდეთ კითხვას, – რა გავლენას მოახდენს რუსეთზე დაკისრებული სანქციები მსოფლოზე: ჩემი ანალიზი მოიცავს რუსული ენერგო მომარაგების ნაკადების მიმოხილვას, შესაბამისი მომარაგების დივერსიფიკაციის შესაძლებლობებს; შესაძლო ალტერნატიულ წყაროებს, რა ელის გლობალურ ეკონომიკას და ბოლოს რა ელის საქართველოს.

უპირველეს ყოვლისა მოდით გავაანალიზოთ ნავთობის და გაზის გეოგრაფია.
ტოპ-ნავთობის რესურსების მქონე ქვეყნებია: ვენესუელა, საუდის არაბეთი, კანადა, ირანი, ერაყი, ქუვეიტი, გაერთიანებული არაბთა საამირო, რუსეთი, ლიბია და აშშ.
როგორც ხედავთ ნახევარი ამ ქვეყნების გახლავთ წინაა აზიის ქვეყნები, სამი უდიდესი მარაგების მფლობელი ქვეყანა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაშია, მხოლოდ ერთი მოქცეულია აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთში.

ნავთობის ექსპორტის 55% მოდის OPEC-ის ქვეყნებზე. ჩვენს მიერ ხსნებული ტოპ-მარაგების მქონე ქვეყნებიდან OPEC-ის კარტელის წევრი შემდეგი ქვეყნებია: ვენესუელა, საუდის არაბეთი, ირანი, ერაყი, ქუვეიტი და ლიბია. მოკლედ რომ ვთქვათ “მონსტრების კორპორაცია”. ევროპელ მომხმარებლებს არ სურთ დამოკიდებული იყვნენ OPEC-ს ქვეყნებზე იმიტომ, რომ არსებობს ცუდი გამოცდილება, მაგალითად, 1973-1974 წწ. „სანავთობო შოკი“, როცა “იომ ქიფურის” ომის დროს არაბულმა სამყარომ დააშანტაჟა ამერიკის შეერთებული შტატები, ნავთობის ექსპორტის შეჩერებით. კიდევ ერთი „სანავთობო შოკი“ მსოფლიომ გადაიტანა 1979-1980 წწ. ახლო აღმოსავლეთი ფეთქებადი ზონაა და თუ სამყარო დამოკიდებულია OPEC-ის ნავთობზე, ეს ნიშნავს, რომ უნებლიედ ჩართულია რელიგიურ-ეთნიკურ ომებში, რომელსაც ბოლო არ უჩანს. საფუძვლიანი ეჭვით, რელიგიური ფუნდამენტალიზმის ქვეყნებში “ნავთობ დოლარებით” ფინანსდება ტერორისტული ორგანიზაციები. რაც შეეხება ვენესუელას, ეს გახლავთ ყველაზე ბრიყვული მემარცხენე ტოტალიტარიზმი, რაც მსოფლიოს უნახავს და მადურო „ღირსეულად“ აგრძელებს უგო ჩავესის მემკვიდრეობას. ეს ქვეყანა მოქცეულია სანქციებში და მსოფლიო თავს იკავებს ვენესუელის ნავთობის სარგებლობისგან.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს და კანადას. ცხადია რესურსები დიდია, რუსეთზე დიდი და შესაძლებელია ევროპის დაკმაყოფილება, მაგრამ პრობლემა ატლანტის ოკეანის უზარამზარი ფართობია. ჩრდილოეთ ამერიკა, პირდაპირ ნავთობსადენებით, ევროპას არ უკავშირდება, ერთადერთი გზა ნავთობ ტანკერებია, ხოლო გაზი უნდა გაათხევადონ და ისე მიაწოდონ ევროპას, რაც, რა თქმა უნდა, მოწოდების ტემპებს აფერხებს და ზრდის ხარჯებს, თანაც, ასეთი მიწოდების მეთოდი ნაკლებად უსაფრთხოა. ამასთან, არ იფიქროთ, რომ ნავთობსადენების მიწოდება, გაზსადენის მილის გადაკეტვა და შემდეგ მეორე ჩამკეტის გახსნაა. ახალი ენერგიის ნაკადით შევსება ურთულესი საინჟინრო პროცესია და რომელიც საჭიროებს მილებში უსაფთხოების წესების დაცვას, წნევის დარეგულირებას და მრავალ პროცედურას, რომელიც რამდენიმე კვირას მოიცავს. ევროპის მომხმარებლებით თხევადი აირით მომარაგება ნამდვილი საინჟინრო თავსატეხია ევროპისთვის. არ დაგვავიწყდეს, რომ საჭიროა ახალი ხელშეკრულებების გაფორმება, რომელიც ასევე ხანგრძლივი პროცესია და სწრაფი გადაწყვეტილებები ტრილიონ დოლარიან ბრუნვის ბიზნესს არ ახასიათიებს.

თუ გავაანალიზებთ ევროპის ენერგო ნავთობით და გაზით მომარაგებას, თავისთავად ცხადია, რომ მოცემულ არჩევანში რუსეთი ლოგიკური არჩევანია. ეს გახლავთ აღმოსავლეთ ევროპა, რუსეთი 90-იანი წლებიდან ეფექტურად ახორციელებს გაზსადენების და ნავთობსადენების ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ბოლო 20 წლის პერიოდის პირველ ნახევრამდე უკრაინის მკვეთი გზა დამოუკიდებლობისკენ, რუსეთისთვის არ წარმოადგენდა პრობლემას, მაგრამ ხავერდოვან რევოლუციათა სერიის შემდეგ რუსეთმა აქტიურად დაიწყო ჩრდილოეთ ნაკადების მშენებლობის პროცესი, რათა უკრაინას გვერდი აუაროს. რუსეთი აგრეთვე ტრანზიტულად ატარებს ყაზახურ და თურქმენულ ენერგორესურსებს, რომლის უახლოესი მარშრუტი გახლდათ უკრაინაზე გატარება, მაგრამ რუსეთი ცდილობს ეს კოზირიც წაართვას მეზობელ ქვეყანას.
რუსეთი ევროკავშირის ნავთობ მომარაგების 30%-ზე აგებს პასუხს. ევროპის უმსხვილესი ნავთობ პროდუქტების მომმარაგებელი კომპანიებებია “როსნეფტი” – 20%, “ლუკოილი” – 13% და “გაზპრომი” – დაახლოებით 4%. რაც შეეხება გაზს, აქ რუსეთიდან იმპორტი შეადგენს ევროკავშირის გაზის იმპორტის 40%-ს. რუსეთის გაზზე სრულიად დამოკიდებულია ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ფინეთი და ლატვია; 70%-ით დამოკიდებულია ბულგარეთი; სანახევროდ – გერმანია, იტალია და პოლონეთი; მეოთხედით – საფრანგეთი.

საქართველოს გეოეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაინტერესებს ევროკავშირის სივრცე და მისი ეკონომიკური დამოუკიდებლობა, მაგრამ, რაც ბევრისთვის უცნობია, რუსეთის ყველაზე დიდი ენერგოპარტნიორი ჩინეთია, სადაც ახორციელებს ნავთობის ექსპორტის 32%-ს და გაზის ექსპორტის 9.2%-ს.

მოსკოვი ცდილობს, ევროპული ქვეყნები აიძულოს, პირდაპირი კონტრაქტები გააფორმონ “გაზპრომთან”, რითაც გაიზრდება კრემლთან დაახლოებული კომპანიის პოლიტიკური გავლენაც. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირადად აღნიშნა, რომ “გაზპრომი” სრულად ასრულებს ვალდებულებებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც პირდაპირ არიან გადაჯაჭვული რუსულ ენერგო გიგანტთან. შესაძლოა გიკვირთ, თუ რატომ არ გადაიზღვია თავი ევროპამ სხვა ენერგომომარაგების წყაროებით. სინამდვილეში ყველაფერი პროზაულად მარტივია. სხვა წყაროები უფრო ცუდი ვარიანტია. როგორც აღვნიშნე OPEC რუსეთზე არანაკლებ რისკებს შეიცავს, სწორედ ისლამური სამყაროს ნავთობრესურსებმა გააბა აშშ ერაყის ომში, ამის გამეორება არავის უნდა და სწორედ მწარე გამოცდილებამ აიძულა დასავლეთი, რომ სირია არ გამხდარიყო მცოცავი ქვიშა, ამიტომ შეძლებისდაგვარად თავი შეიკავა. აფრიკის ალჟირიც, ასევე ვერ იქნება საიმედო პარტნიორი, რადგან ესეც მსახვრალი ავტორიტარიზმია. შედარებით საიმედო ალტერნატივა ჩრდილოეთის ზღვის და ნორვეგიის ნავთობის და გაზის მარაგებია, მაგრამ სამწუხაროდ – არასაკმარისი.

სწორედ ამ სამწუხარო რეალობამ მოათავსა ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის კალათაში. რუსეთმა ულტრათანამედროვე ნავთობ და გაზსადენებით დაქსელა ევროპის მომარაგება და ამ კომპონენტში ოპეკის ქვეყნებს აჯობა. ამასთან გაზს მართალია სუნი ასდის, მაგრამ გათბობას არა, რუსული გაზი და ნავთობი მაღალი ხარისხისაა, ასევე სერვისიც – საუკეთესო.

საინტერესოა არსებობს თუ არა რუსეთის ენერგო მომარაგების ეფექტური დივერსიფიკაციის გზები?

არსებობს, მაგრამ ეს არის ხანგრძლივი პროცესი და როგორც არ უნდა განხორციელდეს, ეს იქნება კომპრომისი უკეთესი სამყაროს სასარგებლოდ და არა უფრო ეფექტური სისტემა. მოდი გავაანალიზოთ თხევადი გაზის, ნაბუქოს, OPEC-ის, ვენესუელას და ალტერნატიული ენერგიის წყაროების ვარიანტები.

  1. თხევადი გაზის შესახებ ნაწილობრივ მოგახსენეთ, ამ შემთხვევაში ძირითადი მომწოდებელი გახდება აშშ და კანადა, ევროპას გაზის მარაგებს მიაწვდის უზარმაზარი ტანკერები და მოხდება ევროპის გაზსადენების თხევად გაზზე მორგების ურთულესი პროცედურა, შესაბამისად ახალი რეზერვუარების მშენებლობა. რაც ასევე რთული პროცესია შესაბამისი ეკონომიკური ხელშეკრულებების გაფორმება. ამასთან საჭიროა წარმოების პროცესის რეინვერტარიზაცია, რადგან თხევადი გაზის გამოყენება აირის გაზის დანადგარებში ავტომატურად არ ხორციელდება, ან საჭიროა თხევადი გაზის აირად გაზის მდგომარეობაში გადაყვანა. ცხადია ურთულესი ტრანსპორტირების პროცედურა გააძვირებს გაზის თვითღირებულებას;
  2. ნაბუქოს პროექტი ითვალისწინებდა ევროპელი მომხმარებლების უზრუნველყოფას შუა აზიის გაზის რესურსებით. ეს პროექტი უნდა დასრულებულიყო 2013 წ. მაგრამ დავიწყებას მიეცა 2008 წლის ომის გამო. სხვათა შორის ნაბუქოს პროექტი გახლდათ რუსეთ-საქართველოს ომის არც პირველი და არც უკანასკნელი მიზეზი. ცხადია დღეს მიმზიდველია: კასპიის ზღვის შელფზე გაიაროს გაზსადენებმა და დაიტვირთოს საქართველოში უკვე განხორცილებული პროექტები, ბაქო-სუფსა ან ბაქო-ჯეიჰანი. ეს პროქტი უნდა განვიხილოთ როგორც კონცეფცია და არა რეალური გამოსავალი, რადგან პოლიტიკური ნების შემთხვევაშიც გაზსადენის მშენებლობა მინიმუმ ხუთწლიან პროცესს მოითხოვს;
  3. OPEC-ის არხზე გადასვლა უსიამოვნო არჩევანია. ევროპის თანამეგობრობა მარაგდებოდა OPEC-ით ცივი ომის პერიოდში და ბევრჯერ იქნა რელიგიურ ფუნდამენტალიზმში ჩათრეული. ამასთან ასეთი არჩევანი ნიშნავს, რომ უნდა შემსუბუქდეს ემბარგო ირანზე, დარეგულირდეს ვითარება სირიაში, ერაყი უფრო დაიტვირთოს. მე მგონი OPEC-ის ალტერნატივა ჰგავს ცეცხლიდან ნაკვერჩხალის ამოღებას და გამხმარ თივაში ჩაყრას. თუ ირანს მსოფლიომ ჟანგბადი გაუხსნა არაა გამორიცხული ახალი ბირთვული სახელმწიფო მივიღოთ. ისლამური ფუნდამენტალიზმი და რუსეთი კონკურენტები არიან ბოროტების პირველობაში;
  4. რაც შეეხება ვენესუელას. ცხადია ქართველებს ვენესუელას ბოროტება ვერაფრით მოგვწვდება და შეგვიძლია ვენესუელის ემბარგოს მოხსნის შედეგების იგნორირება მოვახდინოთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ვენესუელა ევროპისგანაც ძალიან შორსაა და ნავთობრესურსების მიწოდებას თითქმის იგივე ტექნიკური პროცედურა სჭირდება, როგორც ამერიკულ და კანადურ ნავთობს. აშშ ტრადიციულად უფრთხილდება ნავთობრესურსებს და ცდილობს ნედლი მასალის ექსპორტისგან თავი შეიკავოს. შესაძლოა ამით იყო განპირობებული ბაიდენის ბოლო განცხადება ვენესუელის ემბარგოს ნაწილობრივ შემსუბუქების შესახებ, რასაც ამერიკულ საზოგადოებაში ცუდი რეაქცია მოჰყვა. ჩემი აზრით ვენესუელა სწორედ ამიტომ არ ივარგებს ალტერნატივად: ტექნიკური სირთულით იგივეა, ამერიკულ საზოგადოებას მადუროს რეჟიმის გაჯეჯილება არ გაუხარდება და ამერიკული კონსერვატიზმი ამ დილემას ვერ გადაწონის;
  5. არის თუ არა ალტერნატიული ენერგიის წყაროები რეალური ალტერნატივა? – სამწუხაროდ არა. ქარის და მზის ენერგიის სადგურები არც ისე ეფექტურია, გარდა იმისა, რომ უზამაზარი დანახარჯი აქვს და ინტენსიურ ინდუსტრიას კაპრიზულ ენერგიის წყაროზე ვერ შესვამ. მზის და ქარის ენერგიის რომანტიკას დროებით შევეშვათ, თანაც ევროპა მზიანი ნამდვილად არ არის. თუ რეალურ ენერგის წყაროებზე ვსაუბრობთ არსებობს მხოლოდ 3 საიმედო ტექნოლოგია: თბოელექტრო სადგური, ძირითადად მუშაობს გაზზე, დიზელზე და ქვანახშირზე, მაგრამ გენიალურმა გერმანიამ ქვანახშირის ელექტროსადგურებზე უარი თქვა; ატომური ელეტროსადგური ყველაზე იაფი, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ენერგია, მაგრამ გენიალურმა გერმანიამ ატომური ელექტროსადგურები დახურა ფუკუშიმას ელექტრო სადგურზე ავარიის გამო და ჰიდროელექტრო სადგურები, ჩემი გულითადი მოკითხვა ნამოხვან ჰესის მცველებს. რუსეთის აგრესია სავარაუდოდ აქტუალურს გახდის ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის იდეას.

გლობალურ ეკონომიკაზე, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, თავდაპირველად, ცუდად აისახება, რადგან რუსეთი უკრაინასთან ომამდე მსოფლიოს მე-11 ეკონომიკა გახლდათ და ღრმად იყო ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში. ცხადია ფასების მომატება გარდაუვალია, რადგან სანამ ევროკავშირის და ჩინეთის ნავთობით მომარაგების სისტემა დასტაბილურდება, მანამდე ბენზინის ფასი მოიმატებს.

თუმცა კარგი შედეგებიც მოსალოდნელია: რუსეთის კრიზისი დააჩქარებს მსოფლიოში ალტერნატიული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესს. თუ, ომის გარეშე, ბენზინის შიდა წვის ძრავები ისტორიას 10-15 წელიწადში ჩაბარდებოდა, სავარაუდოდ ელექტრომობილები გაცილებით მალე იქცევა უალტერნატივო ტექნოლოგიად. ატომური ელექტრო სადგურების რაოდენობა მოიმატებს.

არ ვიცით როგორ დამთავრდება რუსეთის კრიზისი, მაგრამ თუ საუკეთესო სცენარით დასრულდება, პოსტ-პუტინისეულ რუსეთში რეალურად დაიწყებენ ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობას და შეეშვებიან ნედლი რესურსების გაყიდვის ინდუსტრიას.

რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, ახლო მომავალში დაზარალდება ის ქვეყნები, რომლის ეკონომიკა დამოკიდებულია ნედლეულის, ტექნოლოგიების, მძიმე, მსუბუქი მრეწველობის და სოფლის მეურნეობის იმპორტზე. ხოლო მწარმოებელ ქვეყნებზე ეს კრიზისი შესაძლოა სასარგებლოდაც აისახოს. სწორედ ამ დედუქციიდან გამომდინარე მოდი განვიხილოთ საქართველოს პერსპექტივა.

სამწუხაროდ საქართველო ტექნოლოგიურ ნედლეულს არ აწარმოებს. ღვინო, მინერალური წყალი, თაფლი, თხილი… მოკლედ ჩამონათვალი ვრცელია, მაგრამ არა შთამბეჭდავი. საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და ომის შედეგები მძიმედ აისახება. საინტერესოა რა მოხდება თუკი რუსული კომპანიები ნავთობპროდუქტების ყიდვას მოგვთხოვენ რუბლში? ნუთუ არ გადავიხდით და გაიღვიძებს მიძინებული პრინციპულობა? საქართველო გეო-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მიმზიდველი რეგიონია რუსეთისთვის და თურქეთისთვის. ნამოხვან ჰესთან დაკავშირებული ისტერია ცუდი მაგალითია თურქი ინვესტორებისთვის, ხოლო რუსულმა ინვესტიციებმა და რუსულმა კაპიტალმა განაპირობა რუსი მოქალაქეების ინტენსიური მიგრაცია საქართველოში. არის საფრთხე, რომ საქართველო ნებსით თუ უნებლიედ აღმოჩნდეს რუსულ კრიზისში ჩათრეული. რადგან საქართველო გახლავთ რუსეთთან დამაკავშირებელი გზა სომხეთისთვის. რუსული კაპიტალის სანქციებიდან გადამალვის მექანიზმი კი შეიძლება გახდეს ამიერკავკასიის ქვეყნებში რეგისტრირებული იურიდიული მისამართები. ჩემი აზრით, ამ მიმართულებით ამიერკავკასიიდან ყველაზე მოწყვლადი სომხეთი და საქართველოა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული