ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“რა იქნება რუსეთის შემდეგი მოქმედებები უკრაინაში?” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

ფაქტია, რომ რუსეთის ბლიცკრიგი უკრაინაში ჩაიშალა და ომის 2-3 დღეში დამთავრება არ მოხდა. უკრაინელი ხალხის მედგარმა შეუპოვრობამ და დაპირისპირებამ ოკუპანტებთან თავისი შედეგი გამოიღო. პირველი, რომ უკრაინელებმა ყველა დიდ ქალაქზე კონტროლი შეინარჩუნეს. მეორე, რუსული ჯარის უძლეველობის მითი დაანგრიეს. მესამე, საკუთარი თავის რწმენა მოიპოვეს, რაც შემდგომ ბრძოლებში მნიშვნელოვანია. მაგრამ მცირე წარმატებების მიუხედავათ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინას ომი ჯერ მოგებული არ აქვს.

რუსეთი ბრძოლის ახალ სტრატეგიას მიმართავს, რომელიც გრძელვადიან პერიოდზე არის გათვლილი და დასახლებული პუნქტების მასიურ დაბომბვასა და მათ საალყო რკალში მოქცევას ითვალისწინებს. უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი – ხარკოვი საარტილერიო ცეცხლით დაიბომბა.

ჩვენს წინა სტატიაში ვსაუბრობდი, რომ მსგავსი მანევრები რუსეთისთვის დიდი ფინანსური (განსაკუთრებით მკაცრი სანქციების პირობებში) და პოლიტიკური ზიანის მომტანი იქნებოდა. იმედს ვიტოვებდით, რომ საღი აზრი გაიმარჯვებდა და პუტინი ამჯერად მაინც, ირაციონალურ ნაბიჯს არ გადადგავდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ყველაზე ცუდი მოლოდინები მართლდება.

როგორც ჩანს რუსებს გადაწყვეტილი აქვთ ავიაციის, არტილერიასა და სარაკეტო ჯარების უფრო აქტიურად გამოყენება, რათა მოწინააღმდეგის ობიექტების დისტანციური განადგურება და ადგილობრივი მოსახლეობის ფსიქოლოგიური გატეხვა მოახერხონ. სახმელეთო ძალები ამ შემთხვევაში შეასრულებენ მეორად ფუნქციას და ეცდებიან, რომ დიდ ქალაქები გარე სამყაროს მოწყვიტონ, რათა არ მოხდეს მოსახლეობის საკვებით, ხოლო სამხედროების საბრძოლო მასალებით და საწვავით მომარაგება. საბრძოლო მოქმედებები ასეთ პირობებში შეიძლება კვირებისა და თვეების მანძილზე გაიჭიმოს. სამწუხაროდ ასევე გაიზრდება მსხვერპლი სამოქალაქო პირებს შორის. ბრძოლა უფრო სისხლიანი და დაუნდობელი გახდება.

ეხლა მნიშვნელოვანია უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ევროპელი პარტნიორებისგან, დახმარების სახით, საზენიტო დანადგარები, უპილოტო საფრენი აპარატები და სამხედრო საავიაციო ტექნიკა მიიღონ, რადგან ძირითადი ბრძოლები ხმელეთიდან ჰაერში გადაინაცვლებს.
რაც შეეხება შეხვედრის პირველ რაუნდს უკრაინასა და რუსეთს შორის, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რაიმე გარღვევას ამ მოლაპარაკებისგან არ უნდა ველოდოთ. ჯერ ერთი მსგავსი საკითხები პირველივე შეხვედრისას არ წყდება და მეორეც, სანამ მხარეებს მიაჩნიათ, რომ ჯერ კიდევ ფრონტზე მდგომარეობის თავის სასარგებლოდ შეცვლის რესურსი გააჩნიათ, ურთიერთ დათმობებზე არ წავლენ.

ამ ეტაპზე ორმხრივი შეხვედრები პუტინს უფრო აწყობს ვიდრე ზელენსკის, რადგან მორალური უპირატესობა ამ უკანასკნელის მხარეს უფრო არის, ისევე როგორც უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და სამოქალაქო საზოგადოების უპრეცენდენტო აქტივობა, რასაც ვერ ვიტყვით პირველზე. რუსული მხარე ეცდება ეს მოცემულობა შეცვალოს და მოლაპარაკების დროს ოფიციალური კიევი მორალური დილემის წინაშე დააყენოს. ან მნიშვნელოვან დათმობზე მოდიხართ ან მასობრივად იბომბება უკრაინის დიდი ქალაქები და იხოცებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ზელენსკის გუნდისგან უარის მიღების შემთხვევაში, პუტინს შესაძლებლობა ეძლევა უკრაინელ ხალხს თავისი პროპაგანდისტების პირით განუცხადოს, იგი ისეთი გულმოწყალეა, რომ მზად იყო მათთვის საფრთხე თავიდან აერიდებინა, მაგრამ უკრაინის მთავრობის წინააღმდეგობის გამო ეს ვერ მოახერხა. ამით ოფიციალური მოსკოვი ეცდება უკრაინის ხელისუფლებასა და ხალხს შორის ნდობა შეარყიოს.

ამ სიტუაციაში უკრაინულ მხარეს მმართებს, რომ სწორ თავდაცვით სამხედრო სტრატეგიასთან ერთად კარგად გააზრებული დიპლომატიური ტაქტიკა შეარჩიოს. ოფიციალურ კიევს კარგად უნდა ესმოდეს, რომ რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკების პროცესში წარმოიქმნება ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლელობა, რომელსაც რუსეთი პარალელური „რეალობის“ შექმნის მიზნით გამოიყენებს, სადაც უკრაინის მთავრობის პოზიცია ცალმხრივად მომგებიანი ვერ იქნება.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული