,,ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა მწვავე კომენტარი გააკეთა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით და სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. ოპოზიციონერი ლიდერი ასევე საუბრობს იმ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებაც, რომლებიც აუცილებებლია, როგორც იგი ამბობს, ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად:
,,წუხელ რუსეთის ფედერაციამ განახორციელა აგრესიის და ოკუპაციის მორიგი აქტი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინას.
კაცობრიობა დგას რეალურად მესამე, ბირთვული მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. მოსკოვმა დაიწყო რუსეთის იმპერიის აღდგენა მთელი სიგრძე-სიგანით და შემდეგი რიგში დგას საქართველო, რასაც პირადად პრეზიდენტი პუტინი აღარ მალავს. მათ არ ეყოთ 20%-ის ოკუპაცია, მათ არ ეყოთ ოლიგარქ ივანიშვილის საკუთარი რეჟიმი თბილისში და დღეს უკვე საქართველოს საკითხით იქნება მოსკოვი დაკავებული, ხოლო ჩვენი ქვეყანა იალქნებაწყვეტილი გემივით უმისამართოდ დაქრის მსოფლიო მრისხანე ოკეანეში.
საჭიროა უსწრაფესი ღონისძიებები ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად, რისთვისაც გარდაუვალი აუცილებლობაა:
1. აშშ-თან ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულების გაფორმება;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეირაღებული ძალების და სამხედრო ბაზების გახსნა;
3. აშშ-ის პრეზიდენტისგან სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა საქართველოზე;
4. მსოფლიო საერთაშორისო კონფერენციის მოწვევა ქართული სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის გადასარჩენად.
NATO-ში, ალბათ, ეჭვი არავის გეპარებათ, რომ არავინ ჩვენ არ მიგვიღებს. უსაფრთხოებისთვის დარჩა მხოლოდ და მხოლოდ აი ის პუნქტები, რაც მე ჩამოვთვალე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე