,,ამერიკის ხმა“ ,,ფრიდომ ჰაუსის“ 2020 წლის კვლევის ახალი თარიღით გამოქვეყნებისთვის ბოდიშს იხდის. აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკური შეფასება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ. მისი განცხადებით, საქართველოს მიმართ არაადეკვატური ინფორმაციის გაჟღერების გამო ნებისმიერ ორგანიზაციას მოუწევს ბოდიშის მოხდა:
,,რეალობა ის არის, რომ ეს არის გასული წლის ანუ 2020 წლის კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა გასული წლის 3 მარტს, რაზეც დაიწერა უამრავი. რატომ იყო 1 ქულით იყო, თუ არ ვცდები, საქართველოს რეიტინგი დაწეული? იმიტომ, რომ 2020 წელს იცით მსოფლიო პანდემია იყო, ასევე გარკვეული შეზღუდვების გამო, მათ შორის, რომელიც შეეხო მოქალაქეებს და ამ ნაწილში ისევე როგორც საქართველოს, ისევე როგორც ევროკავშირის ფაქტიურად ყველა ქვეყანას და დიდ დემოკრატიებსაც შეეხო ეს შეზღუდვა.
ამის ახლა წამოწევა თითქოს და ახალი რეიტინგი დაფიქსირდა, რაც გუშინ მოხდა ,,ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მხრიდან, მინდა ხაზი გავუსვა, ეს არის ყოვლად ამაზრზენი და მიუღებელი. ამიტომაც იყო, რომ დღეს ბოდიში მოიხადეს და სწორია!
სხვა დროსაც, როდესაც მოახდენენ ასეთი არაადეკვატური, არაგულწრფელი დამოკიდებულების, ასე ვთქვათ – გაჟღერება მედიაში, საქართველოს მიმართ ნებისმიერ ორგანიზაციას ყოველთვის მოუწევს ბოდიშის მოხდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


