პარასკევი, მაისი 17, 2024

რა ეტაპზეა მიწის რეგისტრაციის რეფორმა – ინტერვიუ ნინო წილოსანთან

საქართველოს აგრარული სექტორის განვითარება წარმოუდგენელია მთავარი საწარმოო ფაქტორის, სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსის ჩართულობის გარეშე. აქ ძალიან ბევრი გამოწვევები გააჩნია ჩვენს სახელმწიფოს, მაგრამ მათ შორის მთავარი მაინც დიდი რაოდენობით დაურეგისტრირებელი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობებია. ეს უკანასკნელი ხელს უშლის აგრო სექტორის, როგორც ინტენსიურ, ისე ექსტენსიურ განვითარებას. ხშირ შემთხვევაში ჭირს მიწის მფლობელის დადგენა. შედეგად ფერმერები ვერ სარგებლობენ შეღავათიანი აგროკრედიტებით, ასევე სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამებით, რომელსაც სახელმწიფო მათთვის დასახმარებლად გამოყოფს. საერთო ჯამში ვერ ვითარდება მიწის ბაზარი, დარგში მოზიდული ინვესტიციების მოცულობა მცირეა, ვერ ხორციელდება ფრაგმენტირებული მიწის ნაკვეთების გამსხვილება, არ გაგვაჩნია მიწის ფონდის სრულყოფილი სტატისტიკური მაჩვენებლები (ბოლო აღრიცხვა 7 წლის წინ ჩატარდა). 2014 წლის მონაცემებით 574 077 ერთეული რეგისტრირებული შინამეურნეობების 77.1% მცირემიწიანია (1ჰა-ზე ნაკლები) და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების 21.5%-ია მათ სარგებლობაში.

ფრაგმენტირებული და არარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები აფერხებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მასობრივ წარმოებას, რითაც ამცირებენ ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
მიწის რეფორმა დაიწყო 2016 წლის 31 ივლისიდან, როდესაც ამოქმედდა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი. მიწის საყოველთაო რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა რამოდენიმე ეტაპად ჩატარდა. სულ მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგად, 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 1 100 000-ზე მეტი სარეგისტრაციო წარმოება დასრულდა. 2020 წლიდან რეგისტრაცია გაიარა მიწის ფართობებმა, რომელთაც არ გააჩნდათ უფლების დამდგენი დოკუმენტაცია (თვითნებურად მიტაცებული მიწები) ან/და დოკუმენტაციას არ გააჩნდა ყველა საჭირო რეკვიზიტები სრულად, რომლებიც ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხულია 2004 წლის 4 ოქტომბრამდე. ასევე საკუთრების უფლების რეგისტრაცია დასაშვები გახდა დოკუმენტების ასლების საფუძველზეც.

2016 წლიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული მოცულობითი სამუშაოს მიუხედავად „მიწის ბანკში“ ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. კვლავ გამოწვევად რჩება დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მიწა, რომელიც სუბიექტებს შორის დავის მიზეზს წარმოადგენს. სასამართლო პროცესები ხშირად წლობით იწელება, დავაში იხარჯება დრო, ფინანსები და ენერგია. რაც მთავარია სანამ სასამართლო განხილვა მიმდინარეობს მიწა გამოუყენებელ აქტივად რჩება ეკონომიკისათვის, არავითარი სარგებლის მოტანა არ შეუძლია არც სახელმწიფოსთვის და არც მოდავე მხარეებისთვის. ამ პრობლემის გამოსავალი რეგისტრაციის ადგილებში მიწის არბიტრაჟის შექმნაში მდგომარეობს, სადაც დაჩქარებული წესით, უფრო ეფექტურად იქნება შესაძლებელი ამ პრობლემების გადაწყვეტა.

საქართველოს პარლამენტი განიხილავს პროექტს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ამ თემაზე სასაუბროდ დავუკავშირდით აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო წილოსანს და ინტერვიუ ვთხოვეთ:

  • კანონში ცვლილებების შეტანა რა მიზანს ემსახურება?

– კანონში ცვლილებების შეტანის მიზანი არის კანონმდებლობის იმ რეფორმასთან შესაბამისობაში მოყვანა, რომლის დაწყებაც 2022 წლის იანვრიდან იგეგმება, ვგულისხმობ საჯარო რეესტრის მხრიდან სისტემური რეგისტრაციის ძალიან ინტენსიური პროგრამის დაწყებას. იცით, რომ ამ წლების განმავლობაში ნაწილობრივ საპილოტე მუნიციპალიტეტებში ხორციელდებოდა სისტემური რეგისტრაცია, ხოლო ყველა სხვა დანარჩენში სპორადული, რამაც ვერ გამოიღო ის შედეგი, რაც გვინდოდა. ამიტომ, კერძო საკუთრებების სრულად დასარეგისტრირებლად და ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, იუსტიციის სამინისტრო გადადის ფართომასშტაბიან სისტემურ რეგისტრაციაზე, რაც გულისხმობს 2022 წლიდან ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო რეესტრის სამუშაო ჯგუფების შესვლას, პლანშეტებითა და შესაბამისი ტექნოლოგიებით. ეს კი თავის თავში გულისმხობს ყველა არსებულ ოფიციალურ დოკუმენტთან წვდომას, რომლებიც ჩატვირთული აქვთ ბაზებში და სწორედ ამ დოკუმენტების საფუძველზე და ამავდროულად თითოეულ მოსახლესთან გასაუბრებით, ისინი ადგილზე აზომავენ მათ მფლობელობაში არსებულ დაურეგისტრირებელ ფართებს, რასაც შემდეგ მოჰყვება შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება. თუ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ აღნიშნულ აზომილ ნაკვეთებზე არ გამოითქმება სხვა პირთა მხრიდან პრეტენზიები ან არ წარმოიშობა სარჩელები, ყველა ეს გაკეთებული კადასტრი უკვე დარეგისტრირდება, რაც საბოლოო ჯამში ანუ ამ პროგრამის დასრულების 3 წლის თავზე მოგვცემს სურათს, რომ ყველა მიწა იქნება რეგისტრირებული.

  • რა დადებითი ეფექტის მომტანი იქნება აღნიშნული საკანანომდებლო ცვლილება დარგისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის?

– მიწა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური რესურსი, რომელიც ჩვენ არ გვაქვს ბოლომდე გამოყენებული სწორედ იმიტომ, რომ მისი დიდი ნაწილი არის დაურეგისტრირებელი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ზოგიერთი ადამიანი მიწას იყენებს, ის, რა თქმა უნდა, სრულად ვერ იმონაწილევებს პროგრამებში, ვერ მიიღებს დაფინანსებას და ვერ იქნება ეკონომიკური ბრუნვის ნაწილი. ამიტომ, მიწის ფართომასშტაბიანი დარეგისტრირება მთლიანად ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისთვის საკვანძოდ მნიშვნელოვანია. იმის ფონზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ პროგრამული დახმარების კუთხით სოფლის მეურნეობაში, მიწის მასიური რეგისტრაცია იქნება ახალი სიცოცხლე დარგის განვითარებისთვის და სექტორის სერიოზულ ზრდას გამოიწვევს.

  • როგორც ვიცით მიწის რეგისტრაცია კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ ცენტრალიზებულად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება. რა მოცულობის სამუშაო ჩატარდება და რა რაოდენობის სახსრები გამოიყოფა ამისთვის ბიუჯეტიდან?

– ეს ციფრები არის ოფიციალურად და შემდეგ 3 წელიწადში მოხდება 1 200 000 ჰა მიწის რეგისტრაცია. რეესტრს ამ პროექტის სრულყოფილად განხორციელებისთვის შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსი დაემატება (1000-მდე ახალი თანამშრომელი, მაღალი გამავლობის მანქანები, ტექნიკური პროგრამა). ყველაზე საინტერესოა ის, რომ ეს არის მოქმნილი სისტემა – ადგილზე სოფლებსა და რეგიონებში ჩასვლის გზით სამუშაო ჯგუფები დააიდენტიფიცირებენ იქ მაცხოვრებლების საკუთრებას და შემდეგ უკვე აზომავენ და უსასყიდლოდ დაეხმარებიან მის რეგისტრაციაში. მთლიანად ეს პროცესი არის უფასო ჩვენი მოქალაქეებისთვის. ერთ-ერთი მნიშვნლოვანი საკითხი, რაც აუცილებლად უნდა ვახსენოთ 80000 განაცხადია შესული მუნიციპალიტეტებში მიწის რეგისტრაციებთან დაკავშირებით, რომლებიც თვეებია შეჩერებულია გარკვეული ბიუროკრატიული მოთხოვნებიდან გამომდინარე და სწორედ ეს განაცხადები საჯარო რეესტრის ამ პროგრამის ფარგლებში მოექცევა, რაც გულისხმობს იმას, რომ უმოკლეს ვადებში იქნება დასრულებული და ყველა მოქალაქე, ვისაც შეტანილი აქვს განაცხადი, იქნება დაკმაყოფილებული.

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:
[1] https://www.geostat.ge/ka
[2] https://parliament.ge/

 

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული