,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ეკა ხერხეულიძე კომენტარს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ. მისი განცხადებით, მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და სავარაუდოდ ის ვერ შეძლებს მომავალ სასამართლო პროცესზე დასწრებას:
,,ამ ეტაპისთვის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ვფიქრობ, უფრო უნდა ვისაუბროთ, რადგან ახლა აქვს წნევა, ადამიანი უბრალოდ ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად – ბარბაცით დადის სავარძლიდან საწოლამდე, მანძილი ძალიან პატარაა, მაგრამ სიმყარეს ვერ გრძნობს. არა აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა იმგვარად, რომ დამოუკიდებლად გადაადგილდეს.
მე ვფიქრობ, რომ ხვალ, არ ვიცი, ნეტა ესე არ მოხდეს, მაგრამ ჩემი დღევანდელი შეხედულებით დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ის ალბათ ვერ შეძლებს, ფიზიკურად ვერ შეძლებს დასწრებას სასამართლოზე.
მას ძალიან გული წყდება ამასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ იცით, სასამართლო არის ერთადერთი შესაძლებლობა, სადაც მას შეუძლია ეს პლატფორმა გამოიყენოს ტრიბუნად და, რა თქმა უნდა, დასანანია, რომ სავარაუდოდ, ის ვერ შეძლებს გამოცხადდეს სასამრთლოზე.
ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მისი პოზიცია არის, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი აქტივობისკენ! საზოგადოებას მოუწოდებს, რომ კიდევ უფრო აქტიური იყოს, უფრო მეტად გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება იმ გაღარიბებულ საქართველოსთან მიმართებაში, რასაც ის ყოველდღე უყურებს და არის მძიმე შთაბეჭდილების ქვეშ.
მისი შეფასებით – ასეთი ღატაკი, ასეთი უძლური საქართველო დიდი ხანია არ ახსოვს და წარმოუდგენელია ადამიანები ამას შეგუონ”, – აცხადებს ეკა ხერხეულიძე.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


