პარასკევი, აპრილი 26, 2024

“მიხეილ სააკაშვილი არ არის სრულ შიმშილობაზე” – თამთა მეგრელიშვილი

იურისტი, საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით კონკრეტულ შეფასებებს აძლევს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას:

მიხეილ სააკაშვილი არ არის სრულ შიმშილობაზე, ის არ მიმართავს არც აბსოლუტურ შიმშილობას მისი შიმშილობის ფორმა უმეტესად ჰგავს არასრულ შიმშილობას იღებს ფაფებსა და წვენებს (კონსილიუმის გამოწერილ მინერალურ და მიკროელემენტურ დანამატებს).

მეტი სიცხადისთვის მაგალითად: სრულ შიმშილობას მიმართავს ელენე ხოშტარია – (მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი ღებულობს მხოლოდ წყალს).

მსგავს სიტუაციაში ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ „საკვებზე უარის თქმის შემთხვევები“, როდესაც პირის განზრახვას არ წარმოადგენს სასიკვდილო შიმშილობა და „რეალური შიმშილობა“.

ხშირ შემთხვევაში ზოგიერთი პირი უარს აცხადებენ საკვების მიღებაზე, რაიმე მოვლენის მოლოდინში თუმცა არ აქვთ კონკრეტული სტრატეგია ან განზრახვა უფრო ხანგრძლივი შიმშილობის შესახებ, მაშინ როდესაც „ნამდვილი მოშიმშილეები“ მზად არიან გააგრძელონ საკვების უარყოფა კონკრეტული მიზნების მიღწევამდე.

რატომ შიმშილობს მიხეილ სააკაშვილი?
ის არ ეთანხმება იმ მსჯავრს რაც მის მიმართ არის გამოტანილი და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

რეალურად რა მიზანი აქვს მიხეილ სააკაშვილს?…
სანამ ის, არასრულ შიმშილობას მიმართავს სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა მიიღოს ყველა ზომა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად და ხელი არ შეუწყოს ადამიანის სიცოცხლის მოსპობას.

პოზიტიურ ვალდებულებასა და მოშიმშილის ინტერესებს შორის წინააღმდეგობისას კანონი ითვალისწინებს გონივრული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პატიმარს თვითმკვლელობის უფლება არ აქვს, მათ შორის, არც შიმშილობით.

არც სახელმწიფოს აქვს უფლება, მის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მოშიმშილე პატიმარს სიკვდილი დაანებოს.

იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი გონებას დაკარგავს და სიკვდილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, სახელმწიფოს აქვს უფლება და მოვალეობა, გამოკვებოს და უმკურნალოს მას მისი ნების საწინააღმდეგოდ.

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის მე-13 მუხლით პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა, მათ შორის, შიმშილობის დროს, დასაშვებია მხოლოდ მისი ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში.

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის მე-12 მუხლით “მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობისას, ან მისი სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის დროს სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით”.

კანონის ეს მუხლი იძლევა მკაფიო მანევრირების საშუალებას პატიმრის ჯანმრთელობის სასარგებლოდ და, როგორც სამედიცინო პერსონალი ძირითადად სწორედ ამ პრაქტიკას მიმართავენ.

ასევე საინტერესოა სასჯელაღსრულების მინისტრის მიერ 2013 წელს გამოცემული ბრძანება #169, რომლის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში წერია: “დაწესებულებაში მყოფი მოშიმშილის იძულებითი მკურნალობა დაუშვებელია. შიმშილობის დროს სამედიცინო დახმარების გაწევა, მათ შორის, ხელოვნური კვება დასაშვებია მხოლოდ მოშიმშილის ინფორმირებული თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამედიცინო დახმარების განხორციელების გარეშე გარდაუვალია მოშიმშილის სიკვდილი, რის თაობაზეც, გადაწყვეტილება უნდა იქნეს დადასტურებული, მინიმუმ, ერთი სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ მაინც”.

სასჯელაღსრულების მინისტრის #169 ბრძანება სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, გადაარჩინოს მოშიმშილე პაციენტი მისი ნების საწინააღმდეგოდ.

ასე რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულების პირობებში მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს იცავს სახელმწიფო და ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულაციები მომაბეზრებელი და აზრს მოკლებულია“, – წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული