ფარული მოსმენების სკანდალთან დაკავშირებით პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაბარების ინიციატივასთან მიმართებაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოზიციას, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნია 2 ოქტომბრის არჩევნებამდე თავყრილობების გამართვა, სოციალურ ქსელში ეხმიანება “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და ეს გადაწყვეტილება შეცდომად მიაჩნია:
სამნიძის თქმით, ტოტალური მოსმენების ფონზე, სუსის ხელმძღვანელის პარლამენტში დაბარებისთვის ოპოზიციის ხმები საკმარისია, თუმცა “ენმ” ამ შესაძლებლობას, საკუთარი გადაწყვეტილებით, ხელს უშლის:
“ეს არის მორიგი შეცდომა, პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილება და სამწუხაროდ არც პირველი.
ახლა, როდესაც ტოტალური თვალთვალის და მოსმენის ფაქტების შემდეგ გვაქვს შესაძლებლობა, სუსის უფროსი პარლამენტში მობრძანდეს და პასუხი გასცეს ყველაფერს, ამისთვის საკუთარი ხმები ჰყოფნის ოპოზიციას და ამას არ იყენებს, რა ჰქვია ამას?!
ასე გავუშვით ხელიდან 5 ივლისის გამოძიების შანსიც, არჩევნებამდე. ეს ჯერ კიდევ დღის წესრიგშია, შანსი გვაქვს, მაგრამ როცა ასეთ შეცდომებს უშვებს განზრახ თუ უნებლიედ, ოპოზიციის ნაწილი, რაში უნდა დავარწმუნოთ ამომრჩეველი?
2 ოქტომბრამდე თანმიმდევრულობა და მტკიცე ნაბიჯებია საჭირო ოპოზიციის მხრიდან და არა ისევ მჯიღი გულზე!
სუსის უფროსი პარლამენტში ოპოზიციის დაკითხვით – ამას უშლის ახლა ხელს “ენმ” რეალურად. ძალიან სამწუხაროა!” – წერს სოციალურ ქსელში ხათუნა სამნიძე.
ინფორმაციისთვის: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის გამართვისა და სხდომაზე სუს-ის უფროსის დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია. უმრავლესობა მათგანი არის კანდიდატი, რაიონებში ველად არიან გასულები და თითოეული დღე არის საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ეს ადამიანები აქტიურ მუშაობას მოწყდნენ, თბილისში ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ. 2 ოქტომბერს გადაწყდება ყველაფერი“.

