ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“უბრალოდ დავიღალე, დავიჯერო მარტო მე მინდა რომ ეს ჯოჯოხეთი დამთავრდეს???” – დათო კობერიძე

სოციალურ ქსელში, კოვიდ პანდემიის გამო, საავადმყოფოებში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ წერს “თბილისი სითი მედიქალ”-ის უმცროსი ექიმი, დათო კობერიძე და პაციენტებთან ურთიერთობის ემოციურ ისტორიებს ჰყვება, ტკივილით აღსავსე ფაქტების შესახებ საუბრობს:

შემოდის პაციენტი ცხელებით და რესპირატორული ჩივილებით, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით, კოვიდი აქვს და ეს თვითონაც კარგად იცის გულის სიღრმეში, მაგრამ არ უნდა დაიჯეროს, იმედს ებღაუჭება – “ოფლიანმა დავიძინე”, “გავცივდი ალბათ”, “დაბანილი გავედი გარეთ”, “კონდენციონერის ბრალი იქნება”, ყველაფერს აბრალებს ოღონდ კოვიდი არ იყოს, ოღონდ კოვიდი არ იყოს…

უკეთებ ტესტს, ავად სახსენებელი მეორე ხაზი წითლდება და ეუბნები ფრაზას, რომლის გაგონებაც ყველაზე ნაკლებად უნდა: “-ბებო/ბაბუ/ბატონო/ქალბატონო/უფროსო… დაგიდასტურდათ” 🙁

პირველი რეაქცია ყველას თითქოს განსხვავებული მაგრამ საბოლოო ჯამში ერთნაირი აქვს:

“- უეჭველი დადებითია?”

“- პისიარი ხო არ გავიკეთოთ?”

“- ღმერთო დავიღუპე”

“- ვიცოდი…”…

მერე იწყება პანიკა, ქრონიკული დაავადებების გახსენება და იმის გააზრება რომ რისკ-ჯგუფშია, მერე ახსენდებათ ახლობლები, რომლებთანაც კონტაქტი ჰქონდათ, რომელზე ინერვიულონ აღარ იციან. იწყება რეკვა მთელს სანათესაოსთან და იმის “მიხარება” რომ დაუდასტურდა.

უზომავ სატურაციას და სახეზე გატყობენ, რომ რაღაც ვერ არის კარგად. “- როგორია?” გეკითხება. “- ცოოტა დაბალია, ნორმის ქვედა ზღვარზე, მაგრამ არ ინერვიულოთ, დაბალი წნევით კანულით მოგაწვდით ჟანგბადს და ყველაფერი კარგად იქნება”. “- ხომ არ მოვკვდები?” “- არა!” (პასუხობ შენც, მიხედავად იმისა, რომ უკვე ათასჯერ გაქვს ეს სცენარი ნანახი, იმედს მაინც არ უკლავ)…

რამოდენიმე დღის მერე ისევ ხვდები ამ პაციენტს და ხედავ, რომ უკვე ნიღბით მიეწოდება ჟანგბადი და უფრო უჭირს სუნთქვა, რამოდენიმე დღეში ხედავ რომ მუცელზე წევს და ძლივსღა იჭერს სატურაციას, გადაგყავს არაინვაზიურ მართვით სუნთქვაზე ე.წ. CPAP-ზე (რაც საშინელებაა, ნიღაბი ჰერმეტულად მჭირდოდ გეკვრის სახეზე და მაღალი წნევით გამუდმებით გაწვდის ჟანგბადს). ნატრულობ, რომ რეანიმაციაში ადგილი განთავისუფლდეს (რაც ძირითადში ვიღაცის გარდაცვალების შედეგად ხდება). წარმოიდგინეთ რა საშინელი გრძნობაა ექიმი რომ ფიქრობ იქნებ ვინმე ტერმინალური (უიმედო პაციენტი რომელსაც შანსი საერთოდ არ აქვს დარჩენილი) პაციენტი “გაეწეროს”, რომ ეს ადამიანი, რომელსაც ჯერ ისევ აქვს შანსი, რეანიმაციაში დააწვინო.

პერიოდულად შედიხარ რეანიმაციაში და ხედავ ამ შენთვის ნაცნობი პაციენტის შეშინებულ, მშიერ, მწყურვალ და სიცოცხლე ჩამქრალ თვალებს, ხედავ რომ ყოველდღე უყურებს, როგორ მძიმდებიან მისივე სიმძიმის პაციენტები, როგორ გადადიან მართვით სუნთქვაზე, როგორ აჩერებენ გულს, როგორ იბრძვიან ექიმები გულის აღსადგენად, როგორც წესი წარუმატებლად და როგორ გაჰყავთ შავ “ბრეზენტის” ჩანთაში შეფუთული, ადგილი კი გაციებასაც ვერ ასწრებს ისე მალე შემოდის ახალი მძიმე პაციენტი.

ამ ყველაფერს უყურებენ, თავიანთ მომავალს ხედავენ და აცნობიერებენ რომ ეს დასასრულია, და დგება მომენტი როცა მათაც იმდენად უჭირთ სუნთქვა, რომ აპარატზე გადადიან და სამუდამოდ ხუჭავენ თვალებს, იმიტომ რომ ამ ნაკადზე აპარატიდან კოვიდ პაციენტი არ მოხსნილა (მაქსიმუმ 1-2 ალბათ, ისიც მეეჭვება, არ გამიგია ყოველ შემთხვევაში)…

თქვენ რავიცი… თუ გინდათ არ აიცრათ, არ დაიცვათ რეგულაციები, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რისთვის წირავთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს და როგორ ჯოჯოხეთად უქცევთ სიცოცხლის ბოლო დღეებს.

ეს არის ჩემი და ჩემი კოლეგების ყოველდღიური რუტინა, ამას ვუყურებთ 24/7-ზე, ამათ ტკივილს და ამათ თვალებს ვუყურებთ, და ხელში გვაკვდებიან პაციენტები რომლებსაც ვპირდებოდით რომ ყველაფერი კარგად იქნება.

უბრალოდ დავიღალე. დავიჯერო მარტო მე მინდა რომ ეს ჯოჯოხეთი დამთავრდეს???” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დათო კობერიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული